კლიმატის ცვლილებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგიის არაეფექტურად გამოყენებაა, რამაც, შესაძლოა, ეკოლოგიურ კრიზისამდე მიგვიყვანოს.

ენერგოეფექტურობა ენერგიის დაზოგვას და კომფორტისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.  ენერგოეფექტურობაა, როცა სივრცის გასანათებლად ლედნათურას ვიყენებთ; ძველ ტექნიკას გამოვცვლით და ახალ ენერგოეფექტურ მაცივარსა და გამათბობლებს შევიძენთ; შენობას ენერგოეფექტური მასალით გავარემონტებთ; საწვავზე მომუშავე მანქანის ნაცვლად ელექტრომობილებს შევიძენთ და სხვ.

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ენერგოეფექტურობის ერთ-ერთ საშუალებად განახლებადი ენერგიის გამოყენებას მიიჩნევენ. საქართველოში მცირედით, თუმცა, თანდათან იზრდება იმ საწარმოთა რიცხვი, რომლებიც მზის ელექტროსადგურებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ.

ენერგოეფექტური ღუმელები და მზის პანელები, მათი ღირებულებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) 2020 წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (სულ 11 ოჯახი) განახორციელა პროექტი „ენერგოეფექტურობა – ცხოვრების უკეთესი წესი“.

ამ პროექტის ფარგლებში 11 ოჯახს გადაეცა შეშაზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელი წყლის გამათბობლით. მხედველობადაქვეითებულ ერთ მარტოხელა დედას კი დაუმონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი.

სოფელ ბორში მცხოვრებ ირმა ბერაძეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის საშუალებით წლის ნებისმიერ დროს სამზარეულოსა და აბაზანაში ცხელი წყალი აქვს. „სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის ენერგოეფექტური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ირმა ბერაძე, – საკუთარი სახსრებით ამას ვერ შევძლებდი. მეოთხე წელია, წყლის გასათბობად ფინანსებიც მეზოგება და თან მიხარია, გარემოს დაცვას ხელს რომ ვუწყობ“.

როგორ ეხმარება ენერგოეფექტურობა ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საქართველოში ენერგოეფექტური ღუმელები და მზის პანალები ფართოდ დაინერგოს, რა კავშირშია განახლებადი ენერგიის წყაროები კლიმატის ცვლილებასთან, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვებზე გვპასუხობს გიორგი მუხიგულიშვილი – მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში:

– ახალი ენერგო გენერაციის ობიექტების განვითარებამდე მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ენერგიის მოხმარება შევამციროთ და ხელი შევუწყოთ განახლებადი – ქარისა და მზის ენერგიების გამოყენებას. ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება – ერთმანეთთან სინერგიაშია და ხელს უწყობენ ამ ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას.

ენერგიის განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში უკვე დაწყებულია. თუმცა, მათ უფრო სწრაფ განვითარებას აფერხებს ერთის მხრივ, ენერგიის (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) ტარიფების სუბსიდირება, რაც განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას არაკონკურენტულს ხდის, როგორც კომერციულ, ასევე საჯარო სექტორში.

მეორე მიზეზია მოსახლეობის ეკონომიკური გაჭირვება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ამ ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებისთვის მიმზიდველი გარემო – არა მხოლოდ იმპორტისთვის, არამედ ადგილობრივი წარმოებისთვის. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გამოიყოს სუბსიდია თანამედროვე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისთვის.

კლიმატის ცვლილების პროცესში სათბურის აირების გაფრქვევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ასწრაფებს კლიმატის ცვლილებას და ტემპერატურის ზრდას დედამიწაზე. საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევის დიდი წილი (60%) მოდის ენერგეტიკის სექტორსა და წიაღისეულის მოპოვებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს და განვითარდეს განახლებადი წყაროები – ქარის, მზის, ბიომასის. ენერგიის სუფთა წყაროების ჩანაცვლება კლიმატის ცვლილების შემცირების პროცესს ხელს შეუწყობს“.

რატომ უნდა გვანაღვლებდეს ენერგოეფექტურობა და რა გავლენას მოახდენს მისი დანერგვა მოსახლეობაზე, – გამოცდილებას ლიეტუველი ექსპერტი კაროლის იანუშევიჩიუს გვიზიარებს:

– საქართველოში ახლა ენერგოეფექტურობის მიმართულებით ისეთ სურათს ვხედავ, როგორც ლიეტუვაში იყო რამდენიმე წლის წინ. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა და ევროკავშირიდან საუკეთესო პრაქტიკები უნდა გადმოიღოთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს ენერგოეფექტური ღუმელებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვით თავად რა სარგებელს მიიღებს და რა სარგებელს მოუტანს გარემოს.

 

პირველ რიგში, მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური კიდევ უფრო შეუმცირდება და ოჯახების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. ერთი ასპექტი გახლავთ ისიც, რომ ენერგოეფექტური სისტემების დასანერგად და მისი მომსახურებისთვის ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

შენობა თუ მოქალაქეს ეკუთვნის, მთავარი ინვესტიცია, რომ შენობა ენერგოეფექტური გახდეს, ჩემი აზრით, უნდა მოდიოდეს თავად მოქალაქისგან. თუმცა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მხარდაჭერის გარკვეული დონე. ლიეტუვაში, მაგალითად, საცხოვრებლის რემონტისა და განახლებისთვის ფინანსების 1/3 მოდის ქვეყნის ხელისუფლებიდან და ევროკავშირის ფონდებიდან.

თავად საზოგადოებამ უნდა დაანახოს პოლიტიკოსებს, რომ ენერგოეფექტურობა მათთვის მნიშვნელოვანია. ისინიც დაიწყებენ შემდეგ საუბარს იმაზე, რაც საზოგადოებას სჭირდება. საქართველოს ქარის, მზისა და ჰიდრორესურსების ამოქმედების დიდი შესაძლებლობა გააჩნია. სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით თუ ივლით, საქართველო 20 წლის შემდეგ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდება და ენერგორესურსებს ექსპორტზეც გაიტანთ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2019- 2020 წლებში მიიღო კანონები – „ენერგოეფექტურობის შესახებ“, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“. ამ კანონების სრულყოფილად და ეფექტურად ამოქმედებისთვის აღსრულების მექანიზმები უნდა შემუშავდეს.

ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე