ვახტანგ კობალაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, – სპეცრაზმელებისგან აქციის უმოწყალოდ ნაცემი მონაწილის დახსნის მცდელობისთვის, – სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა.

ბატონი ვახტანგი პოლიციამ 1 მაისის ღამეს რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას დააკავა და 48 საათის განმავლობაში დროებითი დაკავების იზოლატორში გააჩერა.

მას კარგად იცნობს არაერთი ხარაგაულელი მოქალაქე. 2018-2023 წლებში, ვახტანგ კობალაძის ჩართულობით, ხარაგაულის საზოგადოებისთვის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა – მომხმარებელთსა უფლებების დაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ფოტო ამ ინფორმაციას თან ახლავს.

„ხალხო, აწი შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ! განეიტრალებულია საშიში დამნაშავე ვახტანგ კობალაძე! – წერს ბატონი ვახტანგი სოციალურ ქსელში, – „ქართული ოცნების“ მიერ 12 წლის წინათ დაწყებული „სამართლიანობის აღდგენა“ არ შეჩერებულა. ბოლოს და ბოლოს მხილებულია 49 წლის თავზეხელაღებული ხულიგანი და პოლიციის დაუმორჩილებელი ვახტანგ კობალაძე.

გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ რეფორმირებულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ აღიარა და 2300 ლარით დააჯარიმა.

ამიერიდან კობალაძე გაითვალისწინებს, რომ როცა ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებზე უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედი საქართველოს პოლიცია ადამიანების უმოწყალო ცემას დაიწყებს, ამას მშვიდად უყუროს. ვინაიდან პოლიცია ხალხს იცავს და იცის, როდის რა უნდა გააკეთოს!

ხოლო თუ არ გაითვალისწინებს, მაშინ იგიც დიდი ხნით ამოჰყოფს ციხეში თავს, ისევე, როგორც სხვა საშიში დამნაშავეები, მაგალითად, უჩა აბაშიძე!

დიდი მადლობა, „ქართულო ოცნებავ“! სწორედ ისეთ სახელმწიფოზე ვოცნებობდით, სადაც „ერის მტრებს“ საკადრისი პასუხი მიეზღვებათ, ხოლო პატიოსანი მოქალაქეები მშვიდად და აუღელვებლად იცხოვრებენ, სამართლიანი სახელმწიფოს კალთის ქვეშ!“ – წერს ბატონი ვახტანგი სოციალურ ქსელში.

ფოტოზე – ექსპერტი ვახტანგ კობალაძე (მარცხნიდან პირველი) ხარაგაულში 2023 წ. 9 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად