პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ” მთავრობის ინიციატივას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს და დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს: დააბრუნებს მიწის ნაკვეთს ან თუ ეს შეუძლებელია, გადაიხდის მის საფასურს ბიუჯეტში.
ყველა, ვისაც ამნისტია შეეხება, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან.
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებსაც ამნისტია ეხება
- თაღლითობა (180-ე მუხლი) ან/და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლი);
- ამნისტია ვრცელდება ასევე თანაამსრულებლზე და თანამონაწილეზე, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე უკანონოდ დაისაკუთრა მიწა;
ამნისტიის გავრცელების წინაპირობა
- ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს;
- ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ორი საშუალებით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემით ან თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით;
- ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არსებული მდგომარეობით;
- თუ პირს მიწის ნაკვეთის ნაწილი გასხვისებული აქვს, დარჩენილი ნაწილი უნდა გადასცესს სახელმწიფოს, ხოლო გასხვისებული ნაწილის ღირებულება გადაიხადოს ბიუჯეტში;
- თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით, მაშინ სახელმწიფოსთვის გადასაცემად მან უნდა მოეხსნას იპოთეკა ან თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულება უნდა გადაუხადონ ბიუჯეტს;
- თუ პირი უკვე მსჯავრდებულია 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის და მას მიწის ნაკვეთი უკვე ჩამოართვა სახელმწიფომ, მის მიმართ ამნისტია მხოლოდ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში გავრცელდება.
ამნისტია არ გავრცელდება:
- იმ პირებზე, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, სსიპ-ების და ააიპ-ების თანამშრომლები და დანაშაული ჩაიდინეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე;
- იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ გაასხვისეს.
პროცედურები:
- პირმა, რომელზეც შესაძლოა გავრცელდეს ამნისტია, განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამნისტიის გავრცელება;
- გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი;
- სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო;
- თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიაზე გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
გასაჩივრების უფლება:
პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს მის მიმართ ამნისტიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.
ვადები:
ამნისტია უნდა აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
წყარო