სულ ტყუილია ყველაფერი!
აჭრელებულია შენი სურათებით აქაურობა:
წავიდაო,
დაგვტოვაო.

ჰმ! მიამიტები!

თუ წამსვლელი იყავი, ქალაქიდან და ქვეყნიდან რომ გავიკრიფეთ შენი ტოლები, მაშინ წახვიდოდი, სტუდენტობისას წახვიდოდი, ან მის შემდეგ.
ათასი მსუყე შემოთავაზებები რომ გქონდა, მაშინ წახვიდოდი.

და დღეს ვინმეს ჰგონია, რომ ქუთაისს დატოვებ?

მხრებზე რომ აგიტაცებენ, ისინი დაგატოვებინებენ?

ან რამე ძალაა, რაც დაგათმობინებს შენს ქუთაისს?

პარიზში რომ იყავი „ბრძოლის ველზე“, იცოდი, რომ შენთვის, შენი სიცოცხლისთვის სჯობდა იქ დარჩენა, მაგრამ მაშინაც – დაჰკარი ფეხი და გამოიქეცი შენს ქუთაისში.
ქუთაისის კაფანდარა გოგო იყავი და მიტომ.

ფილტვებს ჰაერი სჭირდებოდა და ქუთაისის გარდა, არ აღიარებდი არანაირ ჟანგბადს დედამიწის ზურგზე.

ქუთაისი არ ივიწყებს კაფანდარა გოგონებს, ჩემო კარგო!

აგრძელებენ ისინი სიცოცხლეს ჰაერის ერთ მოძრაობაში, –
ზოგს ლიზიკო გაბუნიას სახელი ჰქვია,
ზოგს კატო მიქელაძის,
ქუთაისში რიონის ჩქერებსაც ვიღაცის სახელი ჰქვია.

აგერ, ქეთი ბერძენიშვილის სახელით, დღეის ამას იქით შხაპუნა წვიმა იწვიმებს ქუთაისში… დაასველებს აბანოს თავს, თეთრ ქვებს, ბაგრატის სამრეკლოს, ბულვარის ჭადრებს, თეატრის გუმბათს, – მაგული ჩხობაძის ღაწვებს დადინდება ცრემლებად.

და სანამ იწვიმებს, სულ იქნები ქუთაისში!

ლიზიკო გაბუნია – ჰაერის ერთ მოძრაობაში,
შენ – ქუთაისურ წვიმაში, წვიმის წკაპ-წკუპებში! Keti Berdzenishvili

მანუჩარ პირველი,
2023 წლის გიორგობისთვე,
ნიუ-იორკი.