„მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, მუდმივად სიახლის ძიებაში უნდა იყო, – როგორ გახადო დღევანდელი გაკვეთილი გუშინდელზე უკეთესი.
მასწავლებელმა თუ ის იფიქრა, რომ დღეს საუკეთესო გაკვეთილი ჩაატარა და ამით დაკმაყოფილდა, გამოდის, რომ ახალს ვეღარ სწავლობს და მაშინ სკოლიდან უნდა წავიდეს, – ამბობს მარელისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ირინა კუპატაძე.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ირინა ჩვენი გაზეთის სტუმარია. მას ზოგადი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ვესაუბრეთ.
პედაგოგების ოჯახში აღზრდილს ვერც კი წარმოედგინა, რომ სხვა პროფესიას აირჩევდა. მისი მშობლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის სკოლის მასწავლებლები იყვნენ, – დედა დაწყებითი კლასების, მამა – ისტორიის. ბავშვობაში, თოჯინებთანაც მხოლოდ მასწავლებლობანას თამაშობდა – „მოსწავლე თოჯინებს“ კედელზე ხან დედამისის ხელით დაწერილ ანბანს გაუკრავდა, ხან თავის ნახატებს და ასე „ამეცადინებდა“.
„მასწავლებლის პროფესია ორგანულად იყო ჩემში და ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ირინა კუპატაძე, – 6 წლის ვიყავი, როცა მამა ინფარქტით გარდაიცვალა. მაშინ ძალიან მომინდა, რომ გულის ექიმი გავმხდარიყავი, რომ ყველა გულმტკივანი მამისთვის მეშველა“…
თუმცა, სკოლის დამთავრებისას საკუთარ თავს მხოლოდ მასწავლებლად ხედავდა და ფილოლოგობა გადაწყვიტა. იმ დროს მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტები 10-ქულიანი სისტემით ფასდებოდნენ.
„ბოლო გამოცდაზე ისტორიაში კომისიის თავმჯდომარემ ათიანი დამიწერა და მომილოცა, თქვენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი ხართო. წარმოვიდგინე, რა გახარებული იქნებოდა მამაჩემი, რომელიც ალბათ უნივერსიტეტის კიბეებთან დამელოდებოდა. ამიტომ ჩემი პირველი წარმატება მას მივუძღვენი. ისტორია დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს“.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ირინა კუპატაძემ მუშაობა მშობლიურ კაცხის სკოლაში დაიწყო. ამის გამო ასმაგ პასუხისმგებლობას და ცოტა უხერხულობასაც გრძნობდა, რადგან მისი მასწავლებლები უკვე მისი კოლეგები იყვნენ. დიდხანს სამასწავლებლოში შესვლა მიჭირდაო, – იხსენებს ირინა.
შემდეგ მის ცხოვრებაში სიყვარული გაჩნდა და ოჯახის შექმნის შემდეგ საცხოვრებლად ხაშურში გადავიდა. ხაშურში ერთ-ერთ სკოლასთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ. დილას და შუადღისას, როცა სკოლაში სწავლის დაწყებისა და დასრულების მაუწყებელი ზარი ირეკებოდა, ირინა ინსტინქტურად ფანჯარასთან მიდიოდა. მაშინ მიხვდა, რომ სკოლის გარეშე არ შეეძლო და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა.
ასე მოხვდა ჯერ ბორითის, შემდეგ კი მარელისის სკოლებში. ყოველთვის ცდილობს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული სიახლეები თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს მოარგოს.
თუმცა, მასწავლებლებს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის დაძლევა უწევთ. ირინა მიიჩნევს, რომ ის ექსპერტები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, გამოცდილ პედაგოგებს უნდა შეხვდნენ და მოუსმინონ, – რა არის მოსწავლეებისთვის კარგი და უმჯობესი.
„ძალიან არ მიყვარს თაობების შედარება, – ამბობს ირინა კუპატაძე, – გვყავს მოტივირებული მოსწავლეებიც და ისეთებიც, რომლებსაც სწავლა არ უნდათ. ამაში მარტო მოზარდის დადანაშაულება არ შეიძლება. ოჯახი, მასწავლებელი და მოსწავლე თუ ცალ-ცალკეა, შედეგს ვერ მივიღებთ.
სამწუხაროდ, ბევრი ოჯახიდან მშობლები იძულებული არიან, სამუშაოდ სხვა ქალაქში ან უცხოეთში წავიდნენ. ამასწინათ სკოლაში ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციაზე მშობლები დავპატიჟე. ვერ მოვიდნენ. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ბებია-ბაბუასთან იზრდება. დედ-მამა შვილის ცხოვრებაში ჩართულები ვერ არიან. ეს ბავშვებზე უარყოფითად აისახება.
უმშობლოდ გატარებულ გულისტკივილს ხშირად თემებში გადმოსცემენ. უმამოდ გავიზარდე. თუმცა, არანაკლებ რთულია ემიგრანტის შვილების ბავშვობა. როგორი კარგი ბებია და ბაბუაც არ უნდა ჰყავდეთ, მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებთან იზრდებოდნენ“.
ირინა მასწავლებელი ამბობს, რომ მარელისის სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თანამედროვე გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
„21-ე საუკუნის ბავშვს ვერ მოსთხოვ, რომ მხოლოდ წიგნი იკითხოს, – ამბობს ირინა მასწავლებელი, – დღევანდელი მოსწავლეები „ინტერნეტსამყაროს ბავშვები“ არიან.
ინტერნეტში არსებული უზღვავი ინფორმაციიდან სასარგებლოს მოძიებას, ყალბი და ზუსტი ამბების ერთმანეთისგან გარჩევას ცოდნა და უნარ-ჩვევები სჭირდება. ამიტომ სწავლებისას მედიაწიგნიერების როლი გაიზარდა. ამას თუ ფეხი ვერ აუწყვე, საინტერესო და თანამედროვე გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. მოსწავლეების სურვილებსა და საჭიროებებსაც არ უნდა ჩამოვრჩეთ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლება კოპლექსური დავალებებით უნდა წარვმართოთ. ეს ძალიან კარგი სიახლეა. ზოგი მასწავლებელი ამ მეთოდს სკეპტიკურად უყურებს. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, შენ როგორ მიიღებ სიახლეს.
საკუთარი თავი მოსწავლის ადგილზე უნდა წარმოიდგინო. კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას ჩემი მოსწავლეების ბევრი ახალი უნარები დავინახე. ერთს კარგი ხატვა შეძლებია, მეორეს თემებზე მუშაობა, მესამემ რეპორტაჟი შექმნა, მეოთხემ გამოძერწა და ა.შ. მოსწავლეები ტექსტებს სხვადასხვა კუთხით, კიდევ უფრო სიღრმისეულად სწავლობენ.
მარელისის სკოლაში გავხდი წამყვანი მასწავლებელი. მე და ჩემს კოლეგებს პროფესიულ წინსვლაში ყველანაირად გვიწყობს ხელს სკოლის დირექტორი ქალბატონი ვერა ოდიკაძე. მადლობა მას ამისთვის“.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლეს სკოლისკენ მიუხაროდეს და სწავლა მისთვის სასიამოვნო პროცესი იყოს, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ირინა კუპატაძე გვპასუხობს:
– შეიძლება ბანალურია, მაგრამ პირველ რიგში, მოსწავლე უნდა გიყვარდეს. მოსწავლემ თუ დავალება ვერ შეასრულა, გაკვეთილი ვერ დაისწავლა, ამისთვის კი არ უნდა დატუქსო, უნდა ჰკითხო, ეს რატომ ვერ დაძლია. ეს შეკითხვაც უნდა იყოს მეგობრული და პასუხსაც მის თვალებში ამოიკითხავ. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას კეთილგანწყობით ესაუბრები.
მეორე – საჭიროა, რომ გაკვეთილი გახადო საინტერესო. მოსწავლეს თუ უნდა, ეზოში ჩამოსკუპდეს და იქ მოგისმინოს. არსებითი სახელის ბრუნება ბურთის თამაშითაც მისწავლებია.
ალბათ ყველა მასწავლებელს სურს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ჩვენზე უკეთ იცხოვრონ. პედაგოგი მეტად უნდა დაფასდეს, რომ მომავალ თაობას სტიმული მიეცეს და პროფესიად მასწავლებლობა აირჩიოს. შესაძლოა, ყველა ახალგაზრდას კონკრეტული საგანი კარგად ვერ შევასწავლოთ, მაგრამ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.