დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის კვლევის პროგრამას ჯანდაცვის ცენტრის მუნიციპალური სამსახურები განახორციელებენ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წელს დაიწყო ბავშვების სისხლში ტყვიის  შემცველობის კვლევა. რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, გურიასა და იმერეთში 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოჩნდა. კვლევის საფუძველზე მომზადდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამაში ჩართულ ბავშვებს სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.

აღნიშნული კვლევა შედარებით მცირე მასშტაბის იყო. იმისათვის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი პრევენციული ზომები გატარდეს, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში უფრო მასშტაბური კვლევა დაიგეგმა.

კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მაგალითად იმერეთში გამოიკვლევენ 2-დან 7 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვს. ადრე კვლევა ვენური სისხლის გამოყენებით მიმდინარეობდა, ახლა – ახალი მეთოდოლოგიით, ბავშვებისთვის გაცილებით უფრო ნაკლებ ტრავმულად, თითიდან აღებული მასალით ჩატარდება.  ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე გამოიკვლევენ.

იმ ბავშვებში, რომლებთანაც დაფიქსირდება 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) მაღალი მაჩვენებელი, მათ საცხოვრებლებში ჩატარდება ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრებისა და ორსულების ლაბორატორიული კვლევა ტყვიის მომატებულ შემცველობაზე და ასევე შინამეურნეობაში – გარემოს კვლევა. კერძოდ, – შესწავლილი იქნება ნიადაგი, წყალი, ჰაერი, საყოფაცხოვრებო ნივთები,  რომლებსაც ბავშვები ხშირად იყენებენ; საღებავი, რომლითაც კედლები ან იატაკია შეღებილი, სათამაშოები და ა.შ. ჩატარდება ერთგვარი ეპიდემიოლოგიური კვლევა რისკ ფაქტორებისა, რომლის საფუძველზეც ქვეყანა შეიმუშავებს ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყვიის მომატებული შემცველობით ბავშვებში სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენა.

აღნიშნული პროგრამა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ინოვაციური, მსგავსი პროგრამები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოში ამ პროგრამის პარტნიორია იუნისეფი და ნორვეგიის სახელმწიფოს მხრიდან ხდება მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.

ბევრ სახელმწიფოში და მათ შორის ამერიკაში, წლების წინ დიდი პრობლემა იყო ბავშვებში ტყვიის მომატებული შემცველობა. მას შემდეგ, რაც მსგავსი კვლევები ჩაატარეს და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღეს ამ მიმართულებით.  ჩვენს ქვეყანაში უკვე დაწესდა ტყვიის შემცველობაზე რამდენიმე მიმართულებით კონტროლი, – ესაა საწვავი, საღებავი და ა.შ.

ტყვიის მომატებულმა შემცველობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება და სხვადასხვა დაავადებები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან წაადგება მომავალში საქართველოში ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესს.

საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები გადამზადდებიან, როგორც  შინამეურნეობებში ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარების, ასევე  ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით. სწორედ მათ მიერ მოკვლეული და აღებული ნიმუშები გაიგზავნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება“.

თამთა გოგოლაძე