დალი გვასალია სოხუმიდან გამოფრენილი ბოლო თვითმფრინავის მგზავრია.
27 წლის იყო, აფხაზეთში ომი რომ დაიწყო. ეს ფაქტი იქ მცხოვრები ბევრი ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შვილებთან – 5 წლის ლევანთან და 4 წლის დათოსთან ერთად ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, დედამისის ძმის, გურამ გოგიას ოჯახში მოვიდა. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მშობლიურ ქალაქში ჩასვლა სანატრელი გაუხდებოდა.
დალი და მისი შვილები 1993 წლის აპრილში, სააღდგომოდ, სოხუმში დაბრუნდნენ. აღდგომის ღამეს მათი ქუჩა დაიბომბა. ამიტომ ქალაქი ისევ იძულებით დატოვეს და ხარაგაულს მოაშურეს. იმავე წლის ივლისში, როცა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეები აფახაზეთიდან ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ, დალიმ სოხუმში წასვლა არჩია.
უფროსი შვილი, ლევანი, პირველ სექტემბერს სკოლაში შეიყვანა. იმ დროს ქალაქში მოჩვენებითი სიმშვიდე იყო. 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსულმა ავიაციამ ომი განაახლეს…
„თავზარდაცემული ვიყავი, – იხსენებს დალი გვასალია, – სოხუმის ცენტრში ვცხოვრობდით. 24 სექტემბერი იყო, ჩემი მეუღლე, რომელიც სამხედრო პირია და ომში იბრძოდა, მოვარდა და მითხრა, იქნებ აქედან როგორმე თვითმფრინავით გაგიშვათო. ვერაფრის წამოღება ვერ მოვასწარი…
თვითმფრინავის მოლოდინში ხან ერთი შვილი დამეკარგა, ხან მეორე. შეშინებული ბავშვები ხან იქვე მყოფი მანქანების ქვეშ ძვრებოდნენ, ხან თავს შენობას აფარებდნენ.
ხალხით სავსე თვითმფრინავში ფეხზე დასადგომი ადგილი აღარ დარჩა. ცოცხლები, დაჭრილები, გარდაცვლილები ერთად ვიყავით… ის იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელმაც სოხუმიდან მოქალაქეები გადმოიყვანა…
ამ დღის შემდეგ 30 წელი გავიდა. 30 წელია, ჩემი საყვარელი და ყველაზე ლამაზი სოხუმი, სახლი, ქუჩა, ახლობლები აღარ მინახავს“.
თბილისში ჩამოსული დალი და მისი შვილები გლდანში საერთო საცხოვრებელში მოათავსეს. ის ერთ პატარა ოთახში საკუთარ ქმარ-შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
მალე სამსახურში გამოიძახეს. ის „გეპეის“ (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) სოხუმის ფილიალის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამიტომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და „გეპეის“ საერთო საცხოვრებელში დაიდო ბინა.
„საჭმლის მოსამზადებლად კოვზი არ გვქონდა, – იხსენებს დალი, – თბილისში ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. შემდეგ თანდათან ფეხზე დავდექით. მშობლები საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდნენ და იქედან გვეხმარებოდნენ“.
ჩემს შვილებს – ლევანსა და დათოს ახსოვთ სოხუმის ლამაზი ქუჩები, დიდი მანქანები და ბაბუასთან ერთად თევზაობა. ვერ ივიწყებენ ჭურვების ხმას და ცეცხლწაკიდებული სახლების კადრებს…
მათ თაობას აფხაზეთი ახსოვს და უყვარს. ვცდილობ, აფხაზეთი ჩემს შვილიშვილებსაც შევაყვარო. ლევანი და დათო ყოველთვის ამბობენ, რომ სოხუმელები არიან. ჩემი, შვილებისა და შვილიშვილების ოფიციალური მისამართი სოხუმია.
…აფხაზ მეგობრებთან და ახლობლებთან ამ დრომდე მაქვს ურთიერთობა. ერთ-ერთს ახლახან თბილისშიც ვუმასპინძლე. ის აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა. გაოცებული წავიდა აქაურების კარგი დამოკიდებულებით. ასეთი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური აქციები, მისვლა-მოსვლა აფხაზებთან სისტემატური უნდა გახდეს.
აფხაზებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით…
ამ საქმის სათავეში ქალები უნდა ჩავდგეთ. ვცდილობ, აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში გონიერი კოლეგები მოვძებნო და მათ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო, რომ აფხაზეთი საქართველოა. ზოგს ვარწმუნებ, თუმცა, სამწუხაროდ, აფხაზეთში მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის ყალბი ინფორმაციითა და პროპაგანდითაა მოწამლული.
შეცდომებსა და წარსულზე საუბარი აღარ ღირს. დღეს როგორ ვიმოქმედოთ, ესაა მნიშვნელოვანი.
…ზოგჯერ ისეთი იმედით ვიღვიძებ, რომ აი, ორ-სამ თვეში მშობლიურ ქალაქში ჩავალ, ზოგჯერ ისევ სევდა მიპყრობს…
აფხაზეთში ახლა მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განვითარების კუთხით. ამიტომ ბევრი შეხვედრა და მათი დარწმუნებაა საჭირო, რომ ერთად ვიყოთ. აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, სად სურთ ყოფნა – რუსეთის თუ საქართველოს შემადგენლობაში?! ეს ადვილი არ იქნება. თუმცა, არა შეუძლებელი.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: დალი გვასალია შვილებთან და შვილიშვილთან ერთად
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების