დღეს, 10 ივლისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დღის ბანაკი გაიხსნა.

მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოადგილე მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ ბანაკში 12-დან 17 წლამდე ასაკის 40 მოსწავლე დარეგისტრირდა. ისინი სამ ჯგუფად დაიყვნენ. ჯგუფის ლიდერმა უფროსკლასელებმა კი გუნდების წევრები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს – მონაწილეთა სახელები და გვარები დოლურადან ამოიღეს.

მოსწავლეთა სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბანაკის მონაწილეებს განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი შეხვდებიან.

ლალი სებისკვერაძე მოსწავლეებთან წითელი ჯვრის საქმიანობის შესახებ ისაუბრებს, ხოლო ვარლამ ჭიპაშვილი – აქტიური მოქალაქის როლსა და მნიშვნელობაზე.

ბანაკის ხელმძღვანელი, სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტეკლასელი მარიამ თაბუკაშვილი ამბობს, რომ დღეს ბანაკის მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცვნეს, ჯგუფებს სახელები და ლოგოები შეურჩიეს. ხვალისთვის ყველა გუნდი სახალისო აქტივობებს დაგეგმავს.

ბანაკში არიან როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები, ასევე აქ დასასვენებლად მყოფი მოზარდები თბილისიდან და ზესტაფონიდან“.

მოსწავლეთა სახლის დღის ბანაკში სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა – „წეროები“ (ლიდერი თამარ ჭიპაშვილი), „11 დალმატინელი“ (ლიდერი ნინო კვინიკაძე), „აისბერგი“ (ლიდერი ლიზი დევდარიანი).

ბანაკის წევრი ბარბარე ხიჯაკაძე ამბობს, რომ დღის ბანაკში გასულ წელსაც იყო, გასართობი ღონისძიებები ისე ძალიან მოეწონა, რომ ბანაკში მოსვლა წელსაც მოინდომა.

თბილისში მცხოვრები ანანო ლომიძე ფიქრობს, რომ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დღის ბანაკში საინტერესო და ხალისიანი დღეები ელოდება.

მარიკა და სესილი გოგოლაძეები თბილისში ცხოვრობენ და ხარაგაულში ისვენებენ. მათი სურვილია, ახალი მეგობრები შეიძინონ და იმხიარულონ.

თეკლა ნანიტაშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის და მისი თანატოლებისთვის ინტელექტუალური, შემეცნებითი, გასართობი და სპორტულ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

14 ივლისს ბანაკის დახურვის ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში იგეგმება.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დღის ბანაკი პირველად 2019 წელს მოეწყო.