22 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „დოდოს მოლოდინში“ წარსდგება.

ხარაგაულში ამ სპექტაკლის პრემიერა 27 ივნისს გაიმართება. ეს სპექტაკლი დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.

რა სირთულეები ახლავს სპექტაკლზე მუშაობას და რა მოლოდინები აქვთ, – ამის შესახებ რეჟისორსა და მსახიობებს ვესაუბრეთ.

„წლევანდელი სეზონისთვის პიესას ძალიან დიდხანს ვარჩევდი. ასამდე ავტორის ნაწარმოებს მაინც გავეცანი, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვფიქრობდი, ისეთი პიესა შემერჩია, თანამედროვე პრობლემებს რომ ასახავს. სპექტაკლმა ადამიანი პრობლემაზე უნდა დააფიქროს, რაც საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პიესის შერჩევისას გასათვალისწინებელია თეატრის შესაძლებლობები, ისიც, თუ როგორ მიიღებს მას მაყურებელი. ეს პიესა ძალიან აქტუალურ თემას – ემიგრანტებსა და მათი ოჯახების ყოფა-ცხოვრებას ეხება. ეს დღეს თითქმის ყოველი მეორე ოჯახის პრობლემაა.

ამ პიესის ავტორი დათო ტურაშვილი ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი მწერალია. მას რომ დავუკავშირდი და ჩემი სურვილი გავანდე, დიდი სიხარულით, უსასყიდლოდ მომცა თავისი პიესის დადგმის ნებართვა.

სპექტაკლზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მთავარია, ღირსეულად წარვსდგეთ როგორც ქუთაისელი, ისე ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე.

ქუთაისელი მაყურებელი თეატრალურ ფესტივალზე ყოველ წელს განსაკუთრებულად გველოდება. სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც სპეციალურად მოდიან ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლებზე. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში თავად დათო ტურაშვილი გეგმავს ჩამოსვლას, რაც პასუხისმგებლობას გვიზრდის“.

სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე თავად რეჟისორმა იზრუნა. მხატვარი გახლავთ გაიოზ შუბითიძე, ოპერატორები ირაკლი შარიქაძე და დავით კვირიკაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი, ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე და გიორგი ჭიპაშვილი.

დოდოს როლის შემსრულებელ ლია ჭიპაშვილს როლის გათავისება არ გასჭირვებია.

„ფორმა რომ ჩავიცვი, ამან უფრო მეტი სტიმული მომცა, დინჯი ქალის როლი მეთამაშა, – ამბობს ლია, – სპექტაკლის თემა დამაფიქრებელი და სულის შემძვრელია. ვაჩვენებთ, თუ რა სირთულეების, ნერვიულობის, შრომის ფასად უწევთ ემიგრანტებს საქართველოში მყოფი ოჯახების რჩენა. ისინი, ფაქტობრივად, შვილებისთვის თავს სწირავენ. ვფიქრობ, სპექტაკლი წარმატებული იქნება“.

„თუ ამ დრომდე სახასიათო როლებს ვასრულებდი, ამჯერად უფრო სერიოზული და რთული ამოცანის წინაშე დავდექი, – ამბობს მსახიობი დავით ჭყოიძე, – ცოტა ვფორიაქობ კიდეც. ძალიან სერიოზული თემაა, თუმცა, რეალური ცხოვრებაა და ალბათ შესრულებაც არ უნდა გაგვიჭირდეს“.

„სპექტაკლში ბერძენი ქალის როლს ვთამაშობ, – ამბობს ლუიზა კიკნაძე, – ზერელედ თამაში არ შემიძლია და საკუთარ როლს ყოველთვის განვიცდი. თუმცა, ახლა იმ ემიგრანტების ცხოვრებაზე უფრო ვნერვიულობ, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად ოჯახებსა და ქვეყანას მოწყვეტილები არიან. ეს ერთ-ერთი რთული სპექტაკლია და საკუთარ როლებზე ყველა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვმუშაობთ“.

„უნდა გავითავისო მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ემიგრაციაში იყო მეუღლესთან ერთად, იქ ვერ გაჩერდა, სახლში დაბრუნდა და ახლა ორ ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, – ამბობს მსახიობი ვასილ კიკნაძე, – მისი ყოფა ძალიან რთულია, ცოლი ემიგრაციაში დარჩა და წლებია, არ უნახავს. მას ბევრ პრობლემასთან გამკლავება უწევს“.

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთოთხმეტედ ტარდება.

ნინო კაპანაძე

აქვე გთავაზობთ „თეატრალური იმერეთი 2023“ აფიშას