მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი (თითქმის ყოველი მეათე) დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად ავადდება; საკვებისმიერი დაავადებების ტვირთის 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის (სიკვდილის 125 000 შემთხვევა ყოველწლიურად).
საკმარის და უსაფრთხო სურსათზე ხელმისაწვდომობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის. საკვებისმიერი დაავადებები ხელს უშლის ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას, ეკონომიკას, ტურიზმს და ვაჭრობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2018 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოებისა და სასურსათო ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის ცნობიერების ამაღლება, საკვებისმიერი რისკების გამოვლენისა და მართვის უზრუნველყოფა.
სურსათის უვნებლობის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა. სურსათის მწარმოებლისა თუ ბიზნესოპერატორის ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი, ნიმუშის აღება და ზედამხედველობა – ამ სააგენტომ უნდა განახორციელოს.
2023 წლის ხუთ თვეში იმერეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 496 ბიზნესოპერატორი შეამოწმა. მათგან 38 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ამავე პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 23 ბიზნესოპერატორია შემოწმებული და სააგენტოს მათ შორის სამართალდარღვევა არ დაუფიქსირებია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსის, ფიქრია ჭლიკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებთან ძირითადი პრობლემაა ის, რომ მათ თავიანთი საქმიანობა არ აქვთ დარეგისტრირებული.
ხშირია შემთხვევა, როცა მეწარმეები წინა პერიოდში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მითითებულ დარღვევებს არ ასრულებენ. მაგალითად, ინსპექტირების დროს დაფიქსირდა არაკრიტიკული შეუსაბამობა. ეს ისეთი შეუსაბამობაა, რომ მეწარმეს საწარმოო პროცესი არ უჩერდება, თუმცა, დარღვევა სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უნდა აღმოფხვრას. ამ დარღვევაზე მეწარმე არ რეაგირებს.
ასეთ დროს მას ფულადი ჯარიმა ეკისრება.
ფიქრია ჭლიკაძის თქმით, ბიზნესოპერატორები მიეჩვივნენ და მაღაზიებში მათი ინსპექტირების დროს ვადაგასული პროდუქცია აღარ აღმოუჩენიათ.
„2023 წლის პირველი ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ვალდებულია, სურსათის კონტროლის HACCP (ჰასპი) მეთოდი დანერგოს, – ამბობს ფიქრია ჭლიკაძე, – ჰასპის მეთოდით თავად მწარმოებელმა უნდა დაადგინოს, თუ სად შეიძლება წარმოიშვას საკვების დაბინძურების საფრთხე და ასეთი კრიტიკული წერტილები წინასწარ გამოავლინოს.
ამ საკითხზე ინფორმირების მიზნით მეწარმეებს საჩხერეში, ქუთაისსა და წყალტუბოში შევხდით. ხარაგაულში მსგავს შეხვედრას არ ვგეგმავთ, რადგან აქ სურსათის მწარმოებელი ნაკლებადაა.
ჩვენ, ძირითადად, ხარაგაულში საბავშვო ბაღებს ვამოწმებთ და აქ კარგი მდგომარეობაა.
მოქალაქეთა ჩართულობა და აქტიურობა სურსათის უვნებლოს დაცვის საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქე ცხელ ხაზზე 1501 უნდა დაგვიკავშირდეს. ჩვენ მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, გაიცემა დავალება და ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ობიექტის შესამოწმებლად გადიან.
მოქალაქემ უნდა გვითხრას პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, რადგან დარღვევაზე რეაგირების შესახებ მას წერილობით უნდა ვაცნობოთ. ამის მიუხედავად, მეწარმემ არ იცის, ვინ შეატყობინა დარღვევის შესახებ. ჩვენ ვალდებულები ვართ, მოქალაქის ანონიმურობა დავიცვათ.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ თუ მაღაზიაში სურსათის ეტიკეტირებასთან, შენახვის პირობებთან, ან მის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ დარღვევებს აღმოაჩენენ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდნენ. საზოგადოება გვერდით უნდა დაგვიდგეს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ერთად დავიცვათ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი არასაკმარისია“
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების