7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
რამდენად ეფექტურია სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები, როგორ ართმევს თავს ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, – ამ შეკითხვებით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, ვახტანგ კობალაძეს მივმართეთ.
– სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფოსგან განხორციელებული კონტროლი მაინცდამაინც ეფექტური ვერ არის, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – ისევ ვხვდებით წლების განმავლობაში მოუგვარებელ ფუნდამენტურ პრობლემებს.
პირველი – ეს არის რისკის შეფასების სისტემის არარსებობა. რისკის შეფასების გარეშე შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ეფექტიანი კონტროლი ჩამოყალიბდეს. მსოფლიო პრაქტიკაა – ყველა განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სურსათის უვნებლობას ყურადღებას აქცევენ, სხვადასხვა რისკებს მეცნიერულად სწავლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილას, სხვადასხვა ტიპის მოსალოდნელი საფრთხეები წინასწარ გათვალო.
შემდეგი ძირითადი პრობლემა ეს არის კონტროლის არასაკმარისი მასშტაბები. სურსათის უვნებლობის მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში კონტროლი ხორციელდება, თუმცა, მაინც არასაკმარისია.
სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევით, მცირე და საშუალო საწარმოების დიდი ნაწილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთოდ არ მოწმდება. ამას სააგენტო არასაკმარისი რესურსებით ხსნის. წლების განმავლობაში ფუნქციონირებენ კვების ობიექტები თუ სხვადასხვა საწარმოები ისე, რომ სააგენტოს ისინი არასდროს შეუმოწმებია. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენა არ არის.
ისევ პრობლემად რჩება უკონტროლო გარე ვაჭრობა და არარეგისტრირებული ობიექტების ფუნქციონირება, რომლებიც, თავიანთ პროდუქციას, ძირითადად, ამ უკონტროლო გარე ვაჭრობის ობიექტებზე ავრცელებენ.
წლების განმავლობაში ვაყენებთ საკითხს, რომ არ ხდება გამოვლენილი მავნე პროდუქტების შესახებ მოსახლეობის დროული გაფრთხილება. ეს მსოფლიო პრაქტიკა და ყოველდღიური რუტინაა ევროკავშირის ქვეეყნების სააგენტოებისთვის. ჩვენმა ორგანიზაციამ ამის შესახებ შარშან სარჩელი სასამართლოშიც შევიტანეთ. თუმცა, სხდომა ჯერ დანიშნული არ არის.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნე პროდუქციის აღმოჩენისთანავე ვალდებულია, ინფორმაცია გაავრცელოს. ეს მავნე პროდუქცია ერთი ცალი ხომ არ არის. თუ ერთი ნიმუში დაბინძურებულია, სავარაუდოდ, პროდუციის მთელი პარტია დაბინძურებული იქნება და ის საქართველოს სხვადასხვა ადგილას იყიდება.
სააგენტო კი აცხადებს და მეწარმესაც ავალებს დაბინძურებული პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან ამოიღოს, მაგრამ მწარმოებელმა ზუსტად არ იცის, სად, რომელი სოფლის მაღაზიაში დევს მისი პროდუქცია. ეს სერიოზული პრობლემაა.
სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სახელმწიფო ასრულებს – ყოველწლიურად ახალი ნორმატიული აქტები, ტექნიკური რეგლამენტები მტკიცდება. თუმცა, ხშირად მათი აღსრულების პრობლემაა და გადავადების საკითხი აქტუალურია.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სასურსათო ბაზრის მონიტორინგს ვახორციელებთ და ვცდილობთ, გამოვავლინოთ სისტემური დარღვევები და ხელისუფლებას მათი მოგვარება მოვთხოვოთ.
ასევე ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების ამაღლებას. ხელისუფლების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ჩვენ ვერ მივიღებთ, ვერც ბიზნესის ნაცვლად მოვაგვარებთ ჰიგიენის თუ სხვა სახის პრობლემებს. ჩვენ რაც შეგვიძლია ისაა, რომ ყურადღებით ვიყოთ მაღაზიაში სასურსათო პროდუქციის შეძენისას.
ვადაგასული ან ეტიკეტის გარეშე პროდუქტის აღმოჩენისას უნდა მივმართოთ გამყიდველს; ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტებზე მივუთითოთ კვების ობიექტის მეპატრონეს, მეწარმეს, ბაზრისა და რესტორნის მფლობელს. კლიენტის განაწყენება არავის უნდა. თუკი საზოგადოების მხრიდან უფრო მაღალი მოთხოვნები იქნება, დროთა განმავლობაში მეწარმეები ხარვეზებს აღმოფხვრიან, სახელმწიფო კი კონტროლს გააძლიერებს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის დაცვის კუთხით აუცილებელია“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი