მეგობრებო, ეს დღეები ბრიუსელსა და ჰააგაში ვიქნები, რადგან ფრონტის ხაზი საერთაშორისო ურთიერთობებზეც გადის. ამიტომ ვერ გიერთდებით ხვალ და ზეგ თბილისში, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევის, რუსულ ყოფაში დაბრუნების და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობას. და ამას აკეთებს მაშინ, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ ევროპასთან, სადაც ადამიანებს სამართლიანი კანონი იცავს, ხალხს აქვს დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა; სადაც მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი მთავრობას; სადაც სამართალი და კეთილდღეობა ყველასათვის არსებობს და არა მხოლოდ პრივილეგირებულთა მცირე ჯგუფისათვის.
დღეს ისინი ამ იდეას რუსული კანონის შემოღების მცდელობით ებრძვიან. ამიტომ მინდა, გთხოვოთ, რომ შეუერთდეთ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც პარლამენტთან ან სადმე სხვაგან გაიმართება.
ხშირად გამიგია, მე რა შემიძლია გავაკეთო, ყველაფერს იქ, პარლამენტში წყვეტენ. არ არის ასე.
თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ იმ ხმაღალ პროტესტს, რომელიც ამ დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებიც გაისმის; შეგიძლიათ თქვენს სტუდენტებსა და მოსწავლეებს უთხრათ, რომ არ უნდა დავუშვათ რუსული დიქტატურა საქართველოში; შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებს აუხსნათ, რომ რაც ახლა ხდება საქართველოში, არ უნდა ხდებოდეს; შეგიძლიათ მიბრძანდეთ საკრებულოსთან ან საკრებულოში და სრულიად კანონიერად მოითხოვოთ, ხმა აღიმაღლონ საქართველოს რუსეთში დაბრუნების წინააღმდეგ; შეგიძლიათ დაურეკოთ ნაცნობ დეპუტატს, გამგებელს, პოლიტიკოსს და უთხრათ, რომ ამ ყველაფერის წინააღმდეგი ხართ და მოუწოდოთ, რომ თქვენი და არა მმართველი პარტიის ინტერესები გაიზიარონ; შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციელებს, არ გამოიყენოთ უხეში და უკანონო ძალა იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც, შესაძლოა, მათი მეგობრების შვილები ან შვილების მეგობრები აღმოჩნდნენ.
ყველას, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ და რას ვსაქმიანობთ, შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. თუმცა, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყველაზე კარგად თქვენი სამოქალაქო სინდისი გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეებში.
ახლა აღარ არის დრო, როდესაც სხვისი გამბედაობის იმედზე უნდა დავრჩეთ. ყველამ უნდა მოვიკრიბოთ გამბედაობა და გამოვიჩინოთ სამოქალაქო სიმამაცე. როგორც კი გადავდგამთ პირველ ნაბიჯს ჩვენი თავისუფლებისა და ყველას მომავლის დასაცავად, მაშინვე მივხვდებით, რომ უკვე ვაჯობეთ მთავარ მოწინააღმდეგეს – შიშს, ხელისუფლების, იმედგაცრუების, საკუთარი წარმოსახვითი სისუსტის წინაშე. შიშისა და უიმედობის დაძლევა კი მთავარი გამარჯვებაა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს! – წერს სოციალურქსელში ლევან ცუცქირიძე.
ამავე თემაზე
როგორ მყარდება დიქტატურა
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების