„ცეკვა სხეულის ენაა. ადამიანი ცეკვით გადმოსცემს თავის სულიერ მდგომარეობას, განწყობას. დღეს ვნახეთ ხარაგაულელი მოცეკვავე ახალგაზრდები, რომლებიც აზროვნებენ და ცეკვავენ ქართულად.

ეს უდიდესი ეროვნული ღირებულებაა,“ – ასე შეაფასა ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლ „უბისის“ კონცერტი საქართველოს სახალხო არტისტმა, ერვნული პრემიის ლაურეატმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ და „საუკუნის მოცეკვავედ“ წოდებულმა ომარ მხეიძემ.

კონცერტის დასაწყისში ხარაგაულის კულტურის სამსახური უფროსმა ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის ქორეოგრაფიის სათავეებთან მყოფი ადამიანები გაიხსენა:

-მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ქორეოგრაფმა ლევან ლურსმანაშვილმა პირველი ქორეოგრაფიული წრე დააარსა ხარაგაულში. მას შემდეგ ხარაგაულის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა ტრიუმფით მოიარა მაშინდელი საბჭოთა კავშირი, საქართველოს ყველა ქალაქი და საერთაშორისო ასპარეზზეც გაიტანა ქართული ხელოვნების ეს სიმდიდრე.

ლევან ლურსმანაშვილის გზას წარმატებით აგრძელებენ მისი მოწაფეები – ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები.

მათი დაარსებული ანსამბლი „უბისი“ 17 წლისაა. ამ ხნის მანძილზე არაერთი თაობა ეზიარა ქართული ქორეოგრაფიის მდიდარ ტრადიციებს.

მრავალი წარმატება, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა ანსამბლმა ფესტივალებსა და კონკურსებზე. 2013 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ანსამბლს მიენიჭა სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის წოდება, 2015 წელს კი ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა „ამაგდარი ქორეოგრაფის“ ორდენით დააჯილდოვდა ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„უბისის“ კონცერტს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ესწრებოდა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად.

„უბისს“ სტუმრობდნენ და აფასებდნენ ქართული ქორეოგრაფიის კორიფეები:

რევაზ ჭანიშვილი – საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, ნორვეგიის საპატიო მოქალაქე; თამაზ ღოღობერიძე – რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი; ანზორ გვარამაძე – ღირსებს ორდენის კავალერი, საქართველოს „ქორეოგრაფიის რაინდის“ ორდენის მფლობელი, ანსამბლ „მთიების“ ხელმძღვანელი; ზაზა მჟავანაძე – გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ დირექტორი.

ემოცია, რომელიც ცეკვის დროს მოდიოდა სცენიდან, იყო საოცრად ნამდვილი და გულწრფელი. ნათლად ჩანდა ახალგაზრდების სიყვარული ქართული ცეკვებისადმი, მათი მონდომება და ანსამბლის ხელმძღვანელთა უდიდესი შრომა. მაყურებელმაც სიხარულით მიიღო თოთოეული ცეკვა.

კონცერტის შემდეგ მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლს და ხარაგაულელებს. მან ბრძანა, რომ ჩვენს გენსა და ჯიშს გადაშენება არ უწერია.

რეზო ჭანიშვილი: -ჩემი უპირველესი მადლობა ბავშვებს და მათ ხელძღვანელებს. გაოცებული ვარ იმ სიწმინდით, სისუფთავითა და სილაღით, რაც ხარაგაულში ვნახე. გვინდა ევროპა? ა, ბატონო, – ევროპა. ამ სიცოცხლით, ქართული როკვით შევიდეთ ევროპაში.

„უბისის“ ყველა ცეკვა გამოირჩეოდა ზომიერებით, ქართული საცეკვაო ფოლკლორის შენარჩუნებით, ლამაზი სიუჟეტით. ცეკვის სირთულე და ილეთთა ნაერთების კომბინაცია ზღაპრულ მძივთა აკიდოს ჰგავდა. არაჩვეულებრივია მუსიკალური გაფორმება, ფორმები. ბარაქალა, რომ ეს შეძელით.

რეზო ჭანიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის, 80 წლის იუბილე საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად აღინიშნოს ხარაგაულში.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ კონცერტი ხალხური სიმღერებით გაალამაზა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისი.“ კონცერტის ბოლოს შესრულდა დალი მერაბიშვილის, ხარაგაულისადმი მიძღვნილი, სიმღერა „ოდა ხარაგაულს.“

ნინო კაპანაძე

cekva_adjaruli

cekva_imeruli

cekva_mtiuluri

kharagaulis_himni

meufe_melqisedeki

omar_mkheidze

qoreografebi

rezo_chanishvili