ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ასევე გათავისუფლებულია ამავე საავადმყოფოს მთავარი ექთანი თამარ ქავთარია.
გიორგი ამურველაშვილი, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მაკა ქასრაშვილის გათავისუფლებას საფუძვლად სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაცემული სამი გაფრთხილება დაედო; თამარ ქავთარია ბორითის კლინიკაშია გადაყვანილი, მთავარი ექთნის პოსტზე. ხარაგაულის საავადმყოფოს მთავარი ექთნის თანამდებობა კი, ამ დრომდე, ვაკანტურია.
„ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ მინდა, ისედაც დაძაბული სიტუაციაა, – ამბობს გიორგი ამურველაშვილი.
„რამდენიმე კვირის წინ რეგიონური ჯანდაცვის ცენტრიდან შემომთავაზეს, რომ თანამდებობიდან წავსულიყავი, თუმცა არ დავთანხმდი, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ამის შემდეგ ერთ კვირაში ჩემს მიმართ რამდენიმე დისციპლინარული გაფრთხილება დაიწერა.
მანამდე, პირველი გაფრთხილება მომცეს ივნისში, როცა შემმოწმებელმა აღმოაჩინა, რომ ვაქცინების მაცივარი გამორთული იყო. ამაზე პასუხისმგებელი გახლდათ მთავარი ექთანი თამარ ქავთარია. მას ეს არ უნახავს. ნამდვილად არ ვიცი, განგებ იყო გამორთული, თუ რა მოხდა. ვფიქრობ, რომ გიორგი ამურველაშვილმა შემმოწმებელის მოსვლის შესახებ იცოდა, თუმცა საქმის კურსში არ ჩამაყენა.
უფროსი ექთანი თამარ ქავთარია ჩემს დავალებებს არ ასრულებდა და უფროსად მხოლოდ გიორგი ამურველაშვილს მიიჩნევდა. ამის გამო მქონდა უსიამოვნება, ვაძლევდი მითითებებს და ხშირ შემთხვევაში მის გასაკეთებელ საქმეს მე ვაკეთებდი.
სამი თვის დანიშნული ვიყავი ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად, როცა თამარ ქავთარიამ მომწერა არასასიამოვნო შეტყობინება (sms), სადაც ეწერა „ძროხა მაკა“. ეს შეტყობინება ახლაც შენახული მაქვს, საქმის კურსში ჩავაყენე სათაო ოფისი. შემდეგ კოვიდპანდემია დაიწყო და ამ ფაქტისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, რადგან ყველას ისედაც დაძაბული სამუშაო გვქონდა.
სამსახურში ჩემი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე, საავადმყოფოში უნდა დამეცვა დისციპლინა, პაციენტთან ქცევის წესები; ის რეგულაციები, რასაც სახელმწიფო ითხოვს. ეს არის აკადემიური სამედიცინო დაწესებულება, სადაც ელემენტარული წესრიგი უნდა იყოს. შინაგანაწესი არსებობს და მე მის დაცვას ვითხოვდი.
გააგდეს ქირურგი, ექოსკოპისტი. ბატონ ზაურ ჭუმბურიძეს გარდაცვალებამდე მე ვუწევდი ასისტენტობას, რადგან ქირურგის ასისტენტიც კი არ გვყავდა. ვმუშაობდი გინეკოლოგად და ხშირად ექოსკოპიასაც მე ვაკეთებდი. პაციენტების მოზიდვას მაქსიმალურად ვცდილობდი.
ძალიან არასასიამოვნო ემოციური ფონია ხარაგაულის საავადმყოფოში. ეს ყოვლად მიუღებელია; მითუმეტეს, სამედიცინო დაწესებულებაში.
რამდენიმე თანამშრომელს ჩემი საქმიანი მითითებები არ მოსწონდა და მათ მხარი აუბა ბატონმა გიორგი ამურველაშვილმა. ეს ყველაფერი ბატონი გიორგის ინსპირირებულია, თორემ ვერც ერთი თანამშრომელი ასეთ რამეს ვერ გაბედავდა.
ბოლოს თამარ ქავთარიამ და რამდენიმე თანამშრომელმა დაწერეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მე თითქოს თანამშრომლებზე ვახორციელებდი პოლიტიკურ ზეწოლას, რომ თითქოს მათ უწიგნურებსა და სოფლელებს ვეძახდი. გიორგი ამურველაშვილმა დაიბარა ყველა თანამშრომელი, მათ შორის ტექნიკური პერსონალიც და თანამშრომლების 2/3-ს ამ წერილზე ხელი მოაწერია. ზოგს არც კი წაუკითხავს, ხელი რაზე მოაწერეს.
სამწელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბულინგი მიმდინარეობდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და მათი გასაკეთებელი საქმეც მე გამეკეთებია. მიმაჩნია, რომ ეს მართვისა და კადრების შერჩევის პრობლემაა“, – ამბობს ქალბატონი მაკა.
მაკა ქასრაშვილი უახლოეს პერიოდში, საკუთარი უფლებების დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი