„ტაძრის ჩუქურთმებზე მუშაობას მუზა არ სჭირდება და უდიდეს სიმშვიდესა და სიამოვნებას განიჭებს. ვცდილობ, ეს პროფესია პატარებსაც შევაყვარო. ვინც ამ საქმეს აკეთებს ყველა კეთილია, სიკეთის ჩანერგვა კი ახალ თაობაში უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს ტაძრის მეჩუქურთმე, მგალობელი და მრავალი კეთილი საქმის სულისჩამდგმელი ბესო ლაცაბიძე.
ბესო ლაცაბიძემ ტაძრის ჩუქურთმებზე მუშაობა 2012 წელს თორნიკე ბაკურაძისა და ცეზარ ბუბულაშვილის ხელშეწყობით დაიწყო. პირველად ხარაგაულის საკათედრო ტაძრისთვის „აყვავებული ჯვარი“ შექმნა, მას შემდეგ კი მრავალი ჩუქურთმით გაალამაზა არაერთი ტაძარი.
„ბავშვობიდან ფერწერა უფრო მაინტერესებდა, – ამბობს ბესო, – ამიტომ ხარაგაულში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში განვაგრძე. თუმცა, ბოლო წლის სწავლის თანხა ვერ შევიტანე და დიპლომის გარეშე დავრჩი. პირველად ქვაზე მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან ვღელავდი. შემდეგ შევეჩვიე. მუშაობის დროს დიდი სულიერი სიმშვიდე მეუფლება“.
ბესო ლაცაბიძე მრავალ საკრავზე უკრავს. ბავშვობაში მამამ აკორდეონზე დაკვრა ასწავლა, შემდეგ კი სხვადასხვა საკრავებზე მელოდიების აწყობა სმენით დაიწყო. გიტარის შესასწავლად მხოლოდ რამდენიმე თვე დადიოდა. უკრავს გიტარაზე, სალამურზე, ფანდურზე, „ბალალიკაზე“.
ქვაში ხატების გამოკვეთის ხელოვნებასა და ინსტრუმენტებზე დაკვრას დაინტერესებულ ბავშვებს ბესო უანგაროდ ასწავლის. ჯერჯერობით სულ სამი მოსწავლე ჰყავს. ბავშვებს ძირითადად თბილ ამინდებში ამეცადინებს, რადგან შესაბამისი პირობები არ აქვს.
ბესოს ოჯახში პენსიონერი დედა, მეუღლე და რვა წლის ლუკა ჰყავს. ბესო ამბობს, რომ ლუკას ქვაზე მუშაობის ნიჭი აქვს.
„ხარაგაულში იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრისთვის ჯვარცმა შევქმენი. მასზე მუშაობის პროცესში ლუკაც მეხმარებოდა“, – ამბობს ბესო.
ბესო ამჟამად, შეკვეთებთან ერთად, გამოფენაზე წარსადგენ ნამუშევრებზე მუშაობს. სურს გამოფენა თბილისში გამართოს. ამისათვის ჩუქურთმებზე აქტიურად მუშაობს. ჯერჯერობით რამდენიმე ხატი შექმნა. სურს, რომ გამოფენაზე 15-მდე ჩუქურთმა და ამდენივე ფერწერული ტილო წარადგინოს.
2019 წელს ბესომ სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი „სიკეთე ხარაგაულში“, ამ ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანების დახმარებით თანხას აგროვებს და ამ თანხით შეძენილ პროდუქტებს მარტოხელა, შეჭირვებულ მოხუცებს აწვდის.
„მამა პეტრე (ყრუაშვილი) და მისი მეგობარი რამდენიმე წლის წინ ხარაგაულში იყვნენ ჩამოსულები და ოჯახებს სხვადასხვა პროდუქტს ურიგებდნენ. ამ საქმეში მეც ჩამრთეს. მას შემდეგ ვცდილობდი, გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი, შემდეგ კი ეს ჯგუფი შევქმენი.
თვის განმავლობაში ანგარიშზე ზოგი 2 ლარს მირიცხავს, ზოგი 5 ან 10 ლარს. თანხა რომ გროვდება, პროდუქტებს ვყიდულობ და მოხუცებისთვის მიმაქვს. ხშირად მჭირდება დახმარება არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ფიზიკურადაც. ზოგ ადგილას, სოფლებში იმდენად ცუდი გზაა, რომ ავტომანქანით ვერ მივდივარ და ფქვილისა და სხვა პროდუქტების ხელით ტარება მიწევს.
თანხითა და პროდუქტებით ხშირად მეხმარება „წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ფონდი“. ვისურვებდი, რომ ამ კეთილ საქმეში ყველა ხარაგაულელი ჩაერთოს და უფრო მეტი გაჭირვებული ოჯახი გავახაროთ“, – ამბობს ბესო ლაცაბიძე.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ბესო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად
რედაქციისგან – ხარაგაულელების დასახმარებლად ფინანსური მხარდაჭერის მსურველებს გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს:
ლიბერთი ბანკი – GE31LB0711154065705001;
თიბისი ბანკი – GE21TB7454545064300023
მიმღები ბესო ლაცაბიძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი