ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი 2021 წლის ზამთარში გაიყვანეს. თუმცა, ოჯახებში გაზის შეყვანა ამ დრომდე არ დაწყებულა.
როდის დასრულდება სოფელ ვარძიის გაზიფიცირება, – ამ საკითხის გასარკვევად გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის პოლიტიკის დეპარტამენტს მივმართეთ.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვიპასუხეს, რომ სოფელ ვარძიაში გაშენებულ გაზსადენზე მოსახლეობის დაერთება მათი ვალდებულება არ არის.
სამინისტროს წარმომადგენელმა კი გვიპასუხა, რომ ეს პრობლემა საქართველოში ბევრი სოფელის მაცხოვრებელს აწუხებს: „გაზსადენების სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს, რაც, სამწუხაროდ, დროში გაიწელა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ მოველოდით.
ნელ-ნელა გვარდება ეს საკითხი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სოფლების ჩართვა ქსელში ახალი, 2023 წლისთვის მოხდება. წინა წლებში სოფლების გაზიფიცირება ასეთ აქტიურ რეჟიმში არ ხორციელდებოდა და შესაბამისად, პროცედურებს სწრაფად გავდიოდით.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზსადენების აშენების შემდეგ ქსელს საკუთრებაში გადმოსცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს სადისტრიბუციო კომპანიასთან (სოკარ გაზი).
ამის შემდეგ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სადისტრიბუციო კომპანიას აქვს უფლება, აიღოს ლიცენზია შესაბამის არეალში სამუშაოების დასაწყებად – ეს არის მთლიანი პროცედურა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მხოლოდ გაზსადენების გაყვანა ევალება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სოფელი რიგშია და მოსახლეობა გვსაყვედურობს, რომ მილები არის და გაზი არ მიეწოდებათ. ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს პროცესები დავაჩქაროთ“.
რას აკეთებებს ხარაგაულის თვითმმართველობა ვარძიის მოსახლეობის გაზიფიცირების დასაჩქარებლად, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მივმართეთ.
„თვითმმართველობა მცდელობებს არ აკლებს, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მაგრამ რადგან ვერ ხერხდება, ე.ი. არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. ეკონომიკის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის რატომ არ არის ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული, ეს დეტალები არის შიგა უწყებრივი და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?!
ერთია, რომ „სოკარს“ გადაეცეს ეს ქონება და მეორეა – მან უზრუნველყოს აქ სამუშაოების დაწყება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში რამდენად მოახერხებს ეს კომპანია შიდა რესურსების მობილიზებას და სამუშაოების უზრუნველყოფას, ეს კიდევ დამატებითი კითხვებია. ამიტომ უახლოეს დღეებსა და კვირებში ჩვენ არ გვაქვს ამ სამუშაოების განხორციელების მოლოდინი.
ამ ზამთრის განმავლობაში სოფელ ვარძიაში ჩვენს მოსახლეობას ბუნებრივი აირის ჩართვის მოლოდინის რეჟიმში ვერ ვამყოფებთ. ამიტომ ზამთარს ჩვენი მოსახლეობა სხვა შესაძლებლობით მომზადებული უნდა შეხვდეს“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2023 წელს ხარაგაულში ორი სოფლის, – კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირება იგეგმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან ბუნებრივი აირი მხოლოდ 9 სოფელს (ბაზალეთი, ჯაფაროული, ჩხერი, ფარცხნალი, ისლარი, ახალსოფელი, კიცხი, თეთრაწყარო, ლაშე) მიეწოდება.
ხარაგაულის სამი სოფლის – წიფის, ღარიხევისა და ქროლის გაზიფიცირებისთვის გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ექსპრესსერვისი 2008“-სთან ხელშეკრულება 2022 წლის 8 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ამ სამ სოფელში გაზსადენის გაყვანა 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
თამთა გოგოლაძე
რედაქციისგან – ვარძიის მოსახლეობის გაზსადენზე დაერთების თემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ პრობლემის სრულ მოგვარებამდე გააშუქებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი