1992 წლის დეკემბერი იდგა. სახლში ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თემურ გოგუაძე მესტუმრა და მითხრა – ხვალ, საღამოს გადაღმა ექადიაზე თანამებრძოლები ვოვა ბურაკოვთან ვიკრიბებით და შენ გვინდა მოხვიდეო. მართლაც დათქმულ დროს მათთან ვიყავით.
თემურისა და ვოვას გარდა, მათთან მურთაზ აბაშიძე და ავთო ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთში იბრძოდნენ და რამდენიმე დღით ოზურგეთში იყვნენ ჩამოსულნი. მურთაზის და ავთოს ჭრილობები ჰქონდათ მიღებული. ღვინოს არავინ მიძალებია, მით უმეტეს მურთაზი, რომელიც მუდამ სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა.
ისინი ყვებოდნენ სევდიან ისტორიებს, საბრძოლო მოქმედებების შესახებ ტამიშთან (თავად ქეთევანას იცავდნენ), რუსების ვერაგობას და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების დაუნდობლობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. რაზმს მურთაზი ხელმძღვანელობდა. იგი ძალიან გამოცდილი მებრძოლი იყო. ჭრილობის მოშუშების შემდეგაც იბრძოდა აფხაზეთში…
მურთაზი პოპულარული და წარმატებული ფეხბურთელი იყო. გასული საუკუნის 70-იან წლებში ბევრ გუნდში ჰქონდა ნათამაშევი.
– ოდესის „ჩერნომორეცში“ ვთამაშობდი, – იხსენებდა მურთაზი, – გაზაფხულის პირი იყო და მეზღვაურთა გუნდი თბილისის „დინამოს“ უნდა შეხვედროდა. ვიცოდით დაძაბული შეხვედრა გველოდა.
დუბლებში „შემამოწმეს“ თანამემამულეებთან. სპორტი სპორტია და ანგარიშით 5: 3 დავამარცხეთ „დინამოელები“. პირველი გოლი მე გავიტანე. მახსოვს, თბილისელთაგან გივი ნოდიამ გაიტანა ორი გოლი. მეორე დღეს სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ოდესელი როდიონოვის გოლი ქანთარიამ გაქვითა. ოდესელები კვლავ წინ წავიდნენ. 87-ე წუთზე კახი ასათიანმა ანგარიში გაათანაბრა და ანგარიშით 2:2 დასრულდა ეს მატჩი. როგორც ჩანს, „დინამოს“ მწვრთნელებს მოვეწონე და მათთან მიხმეს…
ოზურგეთის „მერცხალში“ ნახევარმცველის ამპლუაში იყო და ხშირად გაჰქონდა გოლები. 70-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო საქართველოში, რომელიც საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში გამოდიოდა, შემდეგ კი – საქართველოს პირველობაზე.
ჩემს გვერდით მართლაც მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ: გულო ჩემინავა, როლანდ ისიანი, პაპუნა ნემსაძე, ჯონი კაკალაძე, გიზო გუჯაბიძე, მერაბ სარიშვილი, ტატო წიკლაური, ბადრი ლომინაძე, მერაბ ღლონტი. ერთი სეზონი მერაბ მეგრელაძესთანაც ვითამაშე – იხსენებდა მურთაზ აბაშიძე.
1975 წელს ლანჩხუთის „გურიამ“ საკუთარ მოედანზე „მერცხალი“ ანგარიშით1:4 დაამარცხა. მეორე წრის მატჩში ოზურგეთელები რევანშისთვის მოემზადნენ.
მასპინძლებმა მაღალი ტემპით დაიწყეს თამაში. მათ მეტოქე აჰყვა და მინდორზე საინტერესო, დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ტაიმის ბოლოს სტუმრების მეკარემ მურთაზ აბაშიძის უძლიერესი დარტყმა ვერ მოიგერია და გოლი გავიდა. ეს გოლი ერთადერთი დარჩა ამ მატჩში.
70-იანი წლების ბოლოს რაიონულ გაზეთში დავიწყე მუშაობა და სპორტული განყოფილება ჩამაბარეს. ადრეც და იმჟამადაც თითქმის ყველა მატჩს ვესწრებოდი. იყო შემთხვევა, გაზეთზე მორიგეობა მიწევდა და ჩემს მეგობარს, ფეხბურთის ფანატს ზურაბ მუხაშავრიას ვთხოვდი ინფორმაცია მოეწოდებინა.
მახსოვს, შეკითხვაზე, თუ ვინ გაიტანა ოზურგეთელთაგან გოლი, ასე მპასუხობდა: – რა თქმა უნდა, მურთაზ აბაშიძემ!
თერთმეტი სეზონის განმავლობაში იცავდა მურთაზი „მერცხალის“ ღირსებას. აქვე დაოჯახდა და ვეტერანთა რიგებში გადანაცვლების შემდეგ ერთ-ერთი ინიციატორი იყო ოზურგეთში ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის ჩამოყალიბებისა, მხარში ედგა კლუბის პირველ პრეზიდენტს კოტე გოგატაძეს.
1983 წელს ძმებმა მურთაზ და სოსო აბაშიძეებმა მშობლიურ ხარაგაულში საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“ დააარსეს. გუნდი იმჟამად საქართველოს პირველობის დასავლეთის ზონის „ბ“ ლიგაში გამოდიოდა. შემდეგ ეს გუნდი „ა“ლიგაში გადავიდა. მადლიერმა ხარაგაულელებმა „ჩხერიმელას“ ლამაზ სტადიონს სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელი მიანიჭეს.
ცალკე თემაა ვეტერან ფეხბურთელთა კლუბი „ბერმუხა“, რომელმაც ვეტერანების ტურნირებზე არაერთხელ გაიმარჯვა. „ბერმუხამ“ რამდენჯერმე გაიმარჯვა ბათუმში გენო მენაბდისა და ქობულეთში ანზორ შამათავას სახელობის ტურნირებზე. აქაც აწყობდნენ მსგავს ტურნირებს.
მურთაზის ინიციატივით ოზურგეთის სპორტის სასახლეში 2009 წელს ცნობილი ფეხბურთელების – ტოგო დუმბაძისა და ვალერიან გეგიაძის ხსოვნის ტურნირი გამართეს.
ომით დავიწყეთ და ამ თემით უნდა დავამთავროთ.
მურთაზი წუხდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს სათანადო დაფასება არ ჰქონდა. მან ომში დაღუპულთა პატივსაცემად გრანიტის ობელისკი აღმართა ეკლესიის წინ მდებარე პარკში. ამ ძეგლის გახსნაზე ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა.
მურთაზ აბაშიძე სიცოცხლის ბოლო წლებში ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი იყო… უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
ნუგზარ ასათიანი
გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი