ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, მეორე თვეა, მიმდინარეობს. სოლომონ მეფის ქუჩაზე ასფალტის პირველი პირი რკინიგზის სადგურიდან ჯიხველას ხიდამდე უკვე დაიგო.

გზის მშენებელი კომპანია „New Road“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ბაიაჯანი ამბობს, რომ „ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადად 12 ნოემბერია განსაზღვრული. გზის მოასფალტება და ტროტუარების დაგება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა, შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს“.

ხარაგაულის ცენტრალური გზის მოასფალტება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტით იყო გათვალისწინებული და ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზის მშენებელ კომპანია „ბლექ სი გრუპს“ უნდა შეესრულებინა. თუმცა, ამ კომპანიას ხარაგაულში 2021 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე, აღარ უმუშავია.

ადგილობრივი ხელისუფლება ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის მოასფალტებას ჯერ 2022 წლის აპრილისთვის, შემდეგ ზაფხულის დაწყებამდე, ამის შემდეგ კი – აგვისტოს შუა რიცხვებამდე გვპირდებოდა.

ხარაგაულის ცცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.