ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს პირველი ივნისიდან ჰამლეტ ბერაძე ხელმძღვანელობს. მან 1991 წელს დაამთავრა კიცხის საჯარო სკოლა, 1996 წელს – თსუ ახალციხის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი, არქეოლოგის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო სექტორში, 2005-2019 წლებში იყო ბორის საჯარო სკოლის დირექტორი. ჰამლეტ ბერაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
– თქვენი აზრით, რა აინტერესებთ ყველაზე მეტად დღევანდელ მოზარდებს? რამდენად ხედავთ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგარდობის სახლში დღევანდელი მოზარდების ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს.
– პანდემიამ ახალგაზრდების აქტივობა შეასუსტა. დიდი ენერგია დააგროვეს ბავშვებმა და ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ეს მოზღვავებული ენერგია მათი განვითარებისკენ მივმართოთ.
ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს თავისუფალი გარემო სჭირდებათ, სადაც თავიანთი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც გარკვეული ნიჭი არ ჰქონდეს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი საქმიანობით, მოსწავლე განვითარდეს და მომავალ ცხოვრებაში თავისი ნიჭი გამოიყენოს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, მოზარდებს აქ ჰქონდათ წრეობრივ მეცადინეობებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა. ახლა ბავშვები მეცადინეობებზე დადიან და იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება.
– თუ აპირებთ რაიმეს შეცვლას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში?
– ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ბევრი რამეა განსაახლებელი – შემოსასვლელი, სასწავლო ოთახები, ინვენტარი. ეს ცვლილებები დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოზარდებს შევუქმნათ თავისუფალი გარემო, აქეთ რომ მოუხაროდეთ. მოსწავლე მერხთან სკოლაშიც ზის და რაღაცებს სწავლობს. აქ მას უნდა მივცეთ ისეთი რამ, რასაც სკოლა ვერ მისცემს.
ახალი სასწავლო წლიდან, მუშაობის დაგეგმვის დროს, აუცილებლად გავითვალისწინებთ მოზარდების მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორი სურთ იყოს მოსწავლეთა სახლი. ყველაზე კარგი ექსპერტები, ჩვენი საქმიანობის შეფასებაში, ბავშვები არიან. ვფიქრობ, ამ გუნდით, რომელიც აქ დამხვდა, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.
– მოსწავლეთა სახლთან არსებული რამდენიმე წრე ხარაგაულის სოფლებში ფუნქციონირებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლებში მცხოვრებმა ბავშვებმა შეძლონ მათთვის სასურველ წრეზე სიარული?
– სოფლებში წრეების გახსნა გარკვეულ ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ჩემი ვარაუდით, კარგი იქნება დამატებითი წრეების ამოქმედება, თუნდაც ზონალურად, რა თქმა უნდა მოთხოვნის შესაბამისად. ასევე შეგვიძლია დავგეგმოთ სხვადასხვა სახის კონკურსები, ღონისძიებები, რომელშიც არა მხოლოდ დაბა ხარაგაულის, არამედ სოფლებში მოქმედი სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ეს არ იქნება დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაბა ხარაგაულიდან უნდა გავიდეთ და მთელი მუნიციპალიტეტი მოვიცვათ.
დიდი სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ სამოქალაქო განათლების კუთხით მოსწავლეთა სახლში წრე ამოქმედდეს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიების გამართვას, ისწავლიან თავიანთი აზრის ჩამოყალიბებას და აუმაღლდებათ სამოქალაქო თვითშეგნება. ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზეა. ვფიქრობ, თუ ამას განვახორციელებთ, არც სპეციალისტის მოძიების პრობლემა გვექნება. ვთვლი, რომ ხარაგაულში ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
– წლების განმავლობაში მოსწავლეთა სახლს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს.
– მნიშვნელოვანია, გავთვალოთ, რა ფინანსური რესურსია საჭირო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. შენობას უკანა მხრიდან მეორე გასასვლელი უნდა გაუკეთდეს. მთავარი შემოსასვლელის მოსაწყობად პროექტი უნდა გამზადდეს. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, თუ რა თანხა იქნება საჭირო და ამის შემდეგ მივმართავთ მუნიციპალიტეტს.
არც შენობის გაზიფიცირების პროექტი არსებობს. პროექტირების უმთავრესი შემაფერხებელი პრობლემა ამ შენობის საკუთრების საკითხია. ზაფხულზე შევეცდები, გამოვძებნო ისეთი გზა, რომ ზამთარში აქ შეშის ღუმელები აღარ გვქონდეს.
– საკადრო ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
– ყველა თავის საქმეს აკეთებს და საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. მომავალში თუ რომელიმე თანამშრომელი, თუნდაც მე, არ ვუპასუხებთ მოსწავლეთა სახლის მიზნებსა და ამოცანებს, განსაკუთრებული გარანტია არავის აქვს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კოლექტივი მობილიზებულია საქმის საკეთებლად და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება.
– მეტი დაფინანსების პირობებში, რას შეცვლიდით და როგორ?
– მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოზარდებისთვის მიმზიდველი გარემო შევქმნათ, გვქონდეს მათთვის სასურველი ინვენტარი; შესაძლოა, სამეცადინო ოთახებში განლაგდეს პუფები, რომ მათ თავისუფლად შეძლონ დაჯდომა და მეცადინეობა. აქ უნდა იგრძნობოდეს, რომ ყველაფერი მოსწავლეებისთვის კეთდება. იმედი მაქვს, ცვლილებებისთვის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მივიღებ. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი მშვიდობის კორპუსთან და ამ კუთხით კვლავ ვგეგმავ მუშაობას. შემოდგომაზე მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩავერთვებით. კარგი იქნება, თუ მოხალისე მოსწავლეთა სახლში იქნება. ეს სამომავლოდ გაგვიხსნის გზას, მოვიპოვოთ გრანტები. მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე თუ ვიქნებით დამოკიდებული, ძალიან გაგვიჭირდება. ვთვლი, რომ მოსწავლეთა სახლში გვაქვს იმის ადამიანური რესურსი, რომ ყველა მიმართულებით განვითარდეთ.
– რამდენად საკმარისია არსებული ბიუჯეტი წლის ბოლომდე მოსწავლეთა სახლის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ სუბსიდიის გაზრდაა საჭირო და კონკრეტულად, რისთვის?
– მიმდინარე ზაფხული მოსწავლეთა სახლში ღონისძიებებით დატვირთული იქნება, ეს ბუნებრივია, ხარჯების ზრდას გამოიწვევს. წელს მუნიციპალიტეტიდან დამატებითი სუბსიდია დაგვჭირდება, ამისთვის თვითმმართველობის მხრიდან მზაობა გვაქვს.
ივლისის ბოლოს „პიონერფილმის“ წარმომადგენლები გვესტუმრებიან. სტუმრები კინომოყვარულთა წრის წევრებთან ერთად გადაიღებენ ფილმს. ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს სამდღიანი ბანაკი, გასვლითი კონცერტი კიცხში და სხვადასხვა წრეების შემაჯამებელი ღონისძიებები. მომავალ სასწავლო წელს ახალი გეგმებითა და ენთუზიაზმით შევუდგებით მუშაობას.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ჰამლეტ ბერაძე;
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა გელაშვილთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, „ცაშეკრულას“ კანიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.