საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 20 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

საშუალო სკოლის სამეურვეო საბჭო შვიდწევრიანია – სამი მასწავლებელი, სამი მშობელი და ერთი მოსწავლე, საბაზო სკოლის – რვაწევრიანი – 4 მასწავლებელი და 4 მშობელი.

სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს 3 წლის ვადით ირჩევენ.

სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს საქართველოში რიგით მეექვსე იქნება. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.

nრამდენად ქმედითია სამეურვეო საბჭო და ასრულებს თუ არა თავის უფლება-მოვალეობებს, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე საბჭოს რამდენიმე წევრმა საჯარო პასუხისგან თავი შეიკავა. ერთ-ერთმა გვითხრა, რომ სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებებს მაინც ერთპიროვნულად იღებს და სამეურვეო საბჭოს წევრთა წინადადებებს ნაკლებად ითვალისწინებსო. ამ საბჭოს ზოგიერთი წევრი კი საკუთარ მოვალეობებში ნაკლებად ერკვევა.

თინათინ მეტრეველი ხარაგაულის #2 სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია მშობლებიდან. ის ამბობს, რომ ამ საბჭოს წევრობისთვის კენჭისყრა სკოლის დირექტორმა სთხოვა. თინათინ მეტრეველი ხარაგაულის #2 სკოლის ადმინისტრაციაში რამდენიმე წელი მუშაობდა და სკოლის საქმიანობას კარგად იცნობს. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრად თუ აირჩევენ, საკუთარი პასუხისმგებლობები და მოვალეობები კარგად აქვს გაცნობიერებული.

მეორედ იყრის კენჭს ბაზალეთის სკოლის სამეურვეო საბჭოში მშობელი თეონა კოვზირიძე. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ონლაინ ჩართვები ეწყობოდა და სამეურვეო საბჭოს წევრებს დირექტორი ფინანსების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას დეტალურად აწვდიდა. თავად თეონა, სხვა მშობლების მსგავსად, საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ონლაინსწავლებამ გამოიწვია. ის ამბობს, რომ მისი შვილების საჭიროებები სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა.

„წიფის სკოლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევ მასწავლებლებსა და მშობლებს შორის კონკურენციაა, – ამბობს ამ სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე, – ჩვენი პრობლემა ახლა მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეა. ამის გამო ერთ-ერთ საფეხურზე მხოლოდ ერთი მშობლის კანდიდატურა დარეგისტრირდა. სამეურვეო საბჭოში არჩევის სურვილს მშობლები თავად გამოთქვამენ. ისინი სკოლას „გარედან“ უყურებენ და აფასებენ. ამიტომ კარგად ხედავენ მოსწავლეთა საჭიროებებს.

ბიუჯეტის განხილვისას მათ წინადადებებს ვითვალისწინებთ და არაფორმალური განათლებისთვის, სხვადასხვა აქტივობებისთვის გარკვეულ თანხებს ვგეგმავთ. ვცდილობთ, მოსწავლეების ცხოვრება გავამრავალფეროვნოთ, რადგან აქ, მაღალმთიან სოფელში, ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ერთი ოჯახივითაა სკოლა და სოფელი.

გული იმაზე მწყდება, რომ საბავშვო ბაღის დამთავრების შემდეგ მშობლები ბინას ქალაქებში ქირაობენ და შვილები წიფის სკოლაში აღარ მოჰყავთ. ამიტომ სამეურვეო საბჭოში ასარჩევთა რიცხვიც მცირდება. ჩვენი სკოლის სამეურვეო საბჭო სასკოლო ცხოვრებაში ჩართულია და აქ მიმდინარე პროცესებს ზერელედ არ უყურებს“.

სხვაგვარად მსჯელობს ზვარეს სკოლის მასწავლებელი ზურაბ ტალახაძე. ის მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭო ზედმეტი რგოლია და უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, ეს ორგანო ფორმალურია და არავითარ ფუნქციას არ ასრულებს. საბჭოს წევრობის კანდიდატებს დირექტორი არჩევს და შესაბამისად, ისინი დამოუკიდებლები ვერ არიან. ზურაბ ტალახაძე ამბობს, რომ საერთოდ, დღეს ქვეყანაში კრიტიკული აზრი იდევნება და ამიტომ მისგან კონკრეტული მაგალითების დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან არაფერი შეიცვლება.

განათლების საკითხების მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ სკოლას აქვს ფინანსური და ადმინისტრაციული ავტონომია. ამის უზრუნველყოფისთვის კი სკოლაში 2006 წლიდან არსებობს სამეურვეო საბჭო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს დაკისრებული.

„სამეურვეო საბჭო არ არის ქმედუნარიანი ორგანო და მისი ფუნქციების რეალიზება სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ ხდება, – ამბობს თამარ მოსიაშვილი, – ამ საბჭომ უნდა აირჩიოს სკოლის დირექტორი, თუმცა საქართველოში მავნე პრაქტიკა არსებობს და ხშირ შემთხვევაში სკოლის დირექტორს ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რატომ ვერ ირჩევს სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორს? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ამ კითხვას თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და სკოლებზე ცენტრალიზებული მართვის ბერკეტების გაძლიერების მავნე პრაქტიკა; მაგალითად, დანიშნულ დირექტორს ამოეწურა ვადა. სამინისტრო შერჩევითად უგრძელებს ზოგიერთ დირექტორს ხელშეკრულებას, ზოგს ახსნა-განმარტებას სთხოვს.

სამეურვეო საბჭო სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს. აქაც ცენტრალიზებულად არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს სკოლის ბიუჯეტი. ამიტომ განსხვავებული საქმიანობებისთვის მხარდაჭერას სკოლის ბიუჯეტი ნაკლებად ითვალისწინებს. სკოლა ახლა ბიუჯეტის პროექტს აუცილებლად ათანხმებს არა სამეურვეო საბჭოსთან, არამედ სამინისტროსთან.

სამეურვეო საბჭო ამტკიცებს ასევე სკოლის შინაგანაწესს. რამდენიმე სკოლის შინაგანაწესი შევისწავლე და მინდა გითხრათ, რომ ეს არის copy paste-ით გადატანილი, სადღაც ცენტრში მომზადებული და ცენტრალიზებულად გავრცელებული.

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სკოლების ფინანსური და ადმინისტრაციული ავტონომიურობა საქართველოში არის ფიქცია.

– ქალბატონო თამარ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამეურვეო საბჭოები და შესაბამისად სკოლები რეალურად დამოუკიდებლები გახდნენ?

– პირველ რიგში, საზოგადოება (პოლიტიკუტი პარტიები, განათლების ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები) უნდა შეთანხმდეს, რომ განათლება ზეპარტიული საკითხია და სკოლების ავტონომიურობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა აღარ გადადგამს! საზოგადოება იმდენად აქტიური უნდა იყოს, რომ ეს აქსიომა დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში.

სამეურვეო საბჭოს არჩევნები თავისთავად კარგია, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ წინასწარ სამინისტროში დაწერილი ბიუჯეტი და შინაგანაწესი დაამტკიცოს?! რატომ ვწვალობთ, რატომ ვირჩევთ სკოლის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოს, რომელსაც უფლებამოსილება აქვს შეზღუდული?! დღეს ერთ-ერთი მთავარი სატკივარი სკოლებში აი, ეს არის“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში, 2019 წლის ივნისი