კვირტის დაბერვიდან 3-4 ფოთლის გამოჩენამდე ბუკნას, ვაზის ფოთოლხვევიას, ხვატარებისა და სხვა მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 0,2%-იანი ბი-58 ახალი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიტყვა „ახალს“, რადგან ბი-58 შეიძლება იყოს ძველი გამოშვების და მას აღარ აქვს შესაბამისი აქტიურობა დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ 0,2% აქტელიკის, 0,04% კარატეს, 0,04% ტოპაზის ან მათი შემცვლელების ემულსია.

როდესაც ყლორტების სიგრძე 15-20 სმ-ს მიაღწევს, შესაწამლად საჭირო იქნება 0,2% პოლირამი, 0,5% დელანი ან 0,3% კაურიტილის და 0,2% აქტელიკის ემულსიის კომბინირებული ნაზავი. აღნიშნული წამლობა მიმართულია ჭრაქის, ანთრაქნოზის, მღრღნელი მავნებლების, კვირტისა და მეგალე ტკიპების წინააღმდეგ.

ყვავილედზე კოკრების განცალკევებისას ჭრაქისა და ტკიპების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 0,2 კაბრიოტოპის და 0,04% მასაის ან მათი შემცვლელების კომბინირებული ნაზავი.

ყვავილობის წინ ან დასრულებისას საჭიროა 0,2 % რიდომილ გოლდის (ან 0,2% აკრობატის)  0,04% კოლისის და 0,04% კარატეს კომბინირებული ნაზავი. აღნიშნული წამლობა მიმართულია ჭრაქის, ნაცრის, ნაცრისფერი სიდამპლის, ტკიპების, ნაირჭამია ფოთოლხვევიის, პირველი თაობის მატლების და კოქციდების წინააღმდეგ.

ამ პერიოდში სარეველების მასიური გავრცელებისას ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ  უნდა გამოვიყენოთ გლიფოსატის წარმოებული ჰერბიციდები: გლიფოსანი, ნოკდაუნი, შოკი, ურაგან-ფორტე.

ვაზის მარცვლების გამოხორბვლის პერიოდში ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 0,2% კაბრიოტოპი.

ისრიმობის პერიოდში ჭრაქის, ნაცრის, ნაირჭამია ფოთოლხვევიის, პირველი თაობის მატლებისა და აგრეთვე კოქციდების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 0,02% სტრობის და 0,3% ფასტაკის კომბინირებული ნაზავი.

ყურძნის სიმწიფის დაწყებამდე ხშირი და ხანგრძლივი წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ვაზის შეწამვლა რეკომენდირებულია იმავე პრეპარატებით, რომლებიც წინა წამლობებისას გამოვიყენეთ.

სიმწიფის პერიოდში ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლისას ვაზი აუცილებლად უნდა შეიწამლოს მხოლოდ და მხოლოდ 2%-იანი ბორდოული სითხით. ბორდოს სითხით წამლობისას მას უნდა დავუმატოთ 100 ლიტრ ხსნარზე 300-350 გრამი კირი.

საჭიროების შემთხვევაში ვაზის შეწამვლა უნდა განმეორდეს 10-12 დღეში.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული ფუნგიციდების უქონლობის შემთხვევაში ჭრაქისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებულ უნდა იქნას მათი შემცვლელები, როგორებიცაა: კორზსუპერი, ლიდერი, ვიქტორია, რიდონეტი, შაბიამანი, კურზატი და სხვ.

მოსახლეობას ვურჩევ, ყველა ის პრეპარატი, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ვაზის შესაწამლად, შეიძინონ სერტიფიცირებულ მაღაზიებში, რათა მომავალში ადგილი არ ჰქონდეს რაიმე გაუგებრობას. ხარაგაულში ასეთი მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე – სოლომონ მეფის ქ. #31-ში და სოლომონ მეფის ქ. მე-2 ჩიხი. მ

აღაზიების მესაკუთრეები მზადყოფნას გამოთქვამენ შეკვეთის შემთხვევაში მოსახლეობა დააკმაყოფილონ ნებისმიერი სახის პრეპარატის შემოტანით.

ბონდო კიკნაველიძე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი