გასულ წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის დოკუმენტაციის შესასწავლად საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა.

ეს პროექტებია – კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ე. წ. ღია ესტრადის შენობა, ღორეშის საავტომობილო გზა, ხარაგაულში, ე. წ. რიყის ბინების რეაბილიტაცია, თეთრაწყაროში ვეფხვაძეების უბნის წყალმომარაგების სისტემა და საღანძილეში საავტომობილო ხიდი.

ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ეს პროექტები უხარისხოდ შესრულდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გაიფლანგა და მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ მიუღია.

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბესიკ კვირიკაშვილითქმით, საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი იმ შემთხვევაში იქმნება, თუ შესასწავლი საკითხი მოქმედი კომისიის უფლებამოსილების სფეროს აღემატება და სხვადასხვა კომისიებთან თანამშრომლობას მოითხოვს. ინფრასტრუქტულ პროექტებზე მონიტორინგი კი საკრებულოს ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიასაც შეუძლია.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ უმჯობესია ზედამხედველობა ახლა მიმდინარე პროექტების ხარისხზე გაამახვილონ და არა წლების წინ განხორციელებულზე.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობის კარგი პრეცედენტი იქნებოდა. ამავე დროს სამუშაო ჯგუფის წევრები, კომპეტენტურ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, პროექტების მონიტორინგის მიმართულებით მეტ ცოდნას მიიღებდნენ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში უკვე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას დამოუკიდებლად გააგრძელებენ, დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას კი როგორც საკრებულოს, ისე შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.