12 მაისს ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს საქმიანობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა და ავადმყოფზე ზრუნვის სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. ექთანი სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. პროფესიულ ექთნობას საფუძველი მე-19 საუკუნეში ინგლისელმა რეფორმატორმა ფლორენს ნაითინგეილმა ჩაუყარა.
ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების მთავარ ექთანს თამარ ქავთარიას ვესაუბრეთ. მან ჯერ საღანძილის საჯარო სკოლა, 2007 წელს კი – თბილისის მესამე სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა. ორი წლის განმავლობაში ნ. ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოინტენსიურ განყოფილებაში მუშაობდა. დაოჯახების შემდეგ ხარაგაულში დაბრუნდა.
თავდაპირველად ხარაგაულის ძველ საავადმყოფოში შეუდგა მუშაობას. ჯანდაცვის სისტემისთვის იმ რთულ წლებში ბორითის კლინიკა ნათელ წერტილად გაჩნდა.
– ხარაგაულის საავადმყოფოს შვიდმა ექთანმა, ტრენინგების გავლისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, პრაქტიკა საჩხერის საავადმყოფოში გავიარეთ და ბორითის გადაუდებელი დახმარების ცენტრში დავსაქმდით, – იხსენებს თამარ ქავთარია, – ექვსი წლის წინ ბორითში მთავარ ექთნად დავინიშნე. მას შემდეგ, რაც ბორითისა და ხარაგაულის საავადმყოფოები გაერთიანდა, ორივე საავადმყოფოში ვმუშაობ. ხარაგაულის კლინიკაში ადმინისტრაციული საქმეების მოგვარება მევალება; პარასკევს ბორითში 24-საათიანი მორიგეობა მიწევს; ხოლო შაბათ-კვირას ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებთან ვმორიგეობ.
სამსახურის ასეთი დაძაბული გრაფიკისა და საოჯახო საქმეების შეთავსება ადვილი არ არის. თუმცა ოჯახის წევრები მეხმარებიან, რომ ორივე საქმიანობას თავი კარგად გავართვა. ექთნობა განსაკუთრებულად მიყვარს. ფეხმძიმობის დროსაც კი, გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ჩემს საქმეზე ვფიქრობდი.
პირველი პაციენტი თბილისში მივიღე, – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ჩამაბარეს. ექიმმა რომ ვენაში კათეტერის ჩადგმა დამავალა, ხელები მიკანკალებდა. თუმცა, ჩემი მოვალეობა კარგად შევასრულე და იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი.
თითოეულ პაციენტში ჩემს ახლობელს ვხედავ – მშობელს, ბებია-ბაბუას, შვილს და ვცდილობ, ყველა მათგანთან მაქსიმალურად დავიხარჯო. შემიძლია სახლში არ წავიდე, შვილი ბაღიდან ვერ გამოვიყვანო ან სკოლაში მშობელთა კრებაზე ვერ წავიდე, თუ პაციენტს გვერდით ვჭირდები.
პანდემიის გამო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ურთულესი ორი წელი გადავიტანეთ. საქართველოში კორონავირუსის პირველად დაფიქსირება ტელევიზორით გავიგე და მახსოვს, ხელების კანკალი ვერ შევიჩერე; გავაცნობიერე, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ჩვენ პირველებს მოგვიწევდა ბრძოლა. შემდეგ თავი ხელში ავიყვანე, ჩვენი კლინიკის ექთნებს ვესაუბრე.
ჩემს კოლეგებს, მიუხედავად იმისა, რომ უცხო და სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი იყო, უკან არ დაუხევიათ; ერთმანეთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.
ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების კოვიდკლინიკებად გადაკეთების შემდეგ ექთნებთან ერთად ვმორიგეობდი და პაციენტებს ვუვლიდი. ბევრი ექთანი დაინფიცირდა და ხშირად ინფიცირებულებს გვიწევდა მუშაობა. ყოველ ორშაბათს, მორიგეობის დასრულების შემდეგ, PCR ტესტებს გვიკეთებდნენ. ერთ-ერთი გასინჯვის დროს კორონავირუსი დამიდასტურდა, აცრილი ვიყავი და ალბათ ამის გამო არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ოჯახის წევრებს მოვერიდე და ბორითის კლინიკაში დავწექი. ხშირად, თუ რომელიმე პაციენტის მდგომარეობა გართულდებოდა, ექიმის მოსვლამდე, საჭირო მანიპულაციებს თვითონ ვაკეთები.
ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი პაციენტი გარდაგვეცვალა; უამრავი მადლიერი პაციენტი გვყავდა. ერთ-ერთმა მადლიერების ჟურნალიც კი შექმნა, რომელშიც უამრავი მათგანი წერს, თუ როგორ მუშაობდნენ ჩვენი ექიმები თუ ექთნები. ხშირად პაციენტი ქუჩაში მაჩერებს და მადლობას მიხდის, – აი, ამ მომენტში, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვემსახურები საქმეს, რომელიც უზომოდ მიყვარს.
მუდმივად დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა თითოეულ ექთანზე აისახება. ვცდილობ, არაფერი შემეშალოს და ისინი არ დავაზარალო. თუ მათ საქმიანობაში რამე არ მომეწონება, ვცდილობ, საყვედური არ ვუთხრა და პრობლემაზე მეგობრულად მივანიშნო. თუ ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, მუდამ მზად ვარ, მათ გვერდით დავდგე.
კარგი იქნება, თუ ექთნის პროფესია უფრო მეტად დაფასდება. ჩვენთან წლების განმავლობაში არსებული ანაზღაურების პრობლემა მოგვარდა; თუმცა ექთნის ხელფასი, ჩვენს შრომასთან შედარებით, დაბალია. განახევრებულია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც მომავალ პროფესიად ექთნობას ირჩევს. ეს ალბათ, დაბალი ხელფასებითაა გამოწვეული. ვფიქრობ, 5-10 წელიწადში საავადმყოფოებში ახალგაზრდა ექთნების სერიოზული დეფიციტი შეიქმნება.
ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ პროფესიულ დღეს, მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. ვუსურვებ ჯანმრთელობას. ყოველთვის ჰქონოდეთ პროფესიული განვითარების სურვილი; ყველა პაციენტს ღიმილიანი სახით შეხვედროდნენ, – ეს უმნიშვნელოვანესია. დაღლილობისა და მძიმე გარემოპირობების მიუხედავად, ვცდილობ, პაციენტს კარგი განწყობით შევხვდე. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვაგებთ პასუხს. თითოეული პაციენტი ფსიქოლოგიურად უნდა გავაძლიეროთ, რომ შემდეგ უკეთ შეებრძოლოს ავადმყოფობას“.
P.S. თამართან ინტერვიუს ჩაწერას მისი პაციენტი ნიკოლოზ წიქარიშვილი შეესწრო. „მკვდარი ვიყავი და გამაცოცხლეს. აქ რომ მოვედი, ვეღარ ვსუნთქავდი. ახლა ჩიტივით ვარ. მხოლოდ წამლით კი არა, სიტყვით მოგარჩენენ“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიშვილი.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების