სააღდგომოდ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება 350 ოჯახზე 100-100 ლარის გაცემას აპირებს. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი გამოყვეს.
იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, ვისზეც მერია სადღესასწაულოდ ფულადი დახმარების გაცემას გეგმავს, გაუმჭვირვალეა.
კოტე ბერაძე, საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, ამბობს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა ეს ინფორმაცია არ მიაწოდა.
ვისზე და რა კრიტერიუმებით გაიცემა სააღდგომოდ ფულადი დახმარება, – ასევე აინტერესებთ ქეთევან ზუმბაძეს, კობა გოგსაძესა და ომარ გაგოშიძეს, – ხარაგაულის საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ 350-ვე ოჯახის სია ჯერ გასრულყოფილებული არ არის და დოკუმენტაცია ეტაპობრივად გროვდება. მისივე თქმით, დასახმარებელი ოჯახების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მერის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შესაძლოა, ყველა ოჯახმა თანხა სააღდგომოდ ვერ მიიღოს, თუმცა აპრილის ბოლომდე ყველას ჩაერიცხება.
ის ასევე ამბობს, რომ ძირითადად, ეხმარებიან იმ ოჯახებს, რომლებსაც არც სოციალური დახმარება აქვთ, არც სხვა შემოსავალი და წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარების, ან სხვა მუნიციპალური პროგრამით არ უსარგებლიათ. უპირატესობა მიენიჭებათ მცირეწლოვანი ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაჭირვებულ ოჯახებს.
დასახმარებელ პირთა სიის დეპუტატისთვის გაცემას რაც შეეხება, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ დეპუტატმა მათ წერილობით უნდა მიმართოს და მერის ბრძანებით უკვე დამტკიცებულ ბენეფიციართა სიას, პირადი ნომრების გარეშე, მიაწვდიან.
ნანა კიკნაძეს სადღესასწაულოდ დახმარების გასაცემად კრიტერიუმების დადგენა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან, მისი თქმით, „გამოვა, რომ ყველა დღესასწაულზე ერთსა და იმავე ოჯახს ეხმარებიან“.
დეპუტატი კოტე ბერაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, შერჩეულ ოჯახთა სიის გაცნობის შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიეცეს; მით უფრო, რომ თავად ოთხი წლის განმავლობაში ხიდარში მერის წარმომადგენლად მუშაობდა და კარგად იცის, მის სოფელში ვის და როგორ უჭირს.
„მერის პირველმა მოადგილემ გვითხრა, რომ დასახმარებელ ოჯახთა შერჩევაში ჩართვა ყველა დეპუტატს შეგვიძლია; თუმცა, რეალურად, ამ პროცესში ჩართულნი მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები აღმოჩნდნენ და საკრებულოს დანარჩენ წევრებს ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიან. გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მეტი ურთიერთთანამშრომლობაა საჭირო“, – ამბობს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ხარაგაულელებისთვის“ თავმჯდომარე კოტე ბერაძე.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი