უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესიული ომის წარმოების პარალელურად, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ტრიოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარება, აქტუალური გახდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა. განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროკომისიამ ტრიოს მიერ მიწოდებული დოკუმენტები შეისწავლა და უკრაინას 9 აპრილს, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას – 11 აპრილს კითხვარი გადასცა, თუ რამდენად მზად არის ეს სამი ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

საქართველოში მოქმედმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას კითხვარისა და პასუხების გასაჯაროების თხოვნით მიმართეს. მათი აზრით, საქართველოს გაწევრების პროცესში ინკლუზიურობა მნიშვნელოვანი იქნება, რათა ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს მოგვიწოდებს, რომ კითხვები კარგად და დროულად შევავსოთ; ჩავრთოთ კითხვების შევსების პროცესში და ასე შემდეგ, გახსოვთ, როგორ ცინიკურად გვაკრიტიკებდა.

ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის აღნიშნული ჯერ ადრეა; რომ ევროკავშირს ჯერ არ აქვს ინტერესი, ჩვენი კანდიდატობის სტატუსი განიხილოს; ეს არის არაადეკვატური და ასე შემდეგ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ის ასევე ამატებს, რომ ხელისუფლება მზადაა, დათქმულ ვადებში კითხვარში ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია შეიტანოს. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც კითხვარის გასაჯაროებას და შევსების პროცესში ჩართვას ითხოვენ, ნაწილი გულწრფელია, თუმცა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ამ კითხვებზე პასუხებში საქართველოს რეპუტაცია დაზიანებული ყოფილიყო.

„ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად უზრუნველყოფს, ყველა საუკეთესო ინფორმაციის და გამოცდილების კონსოლიდაციას პასუხების მომზადებაში… ჩვენს მოქალაქეებს რომ არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ რაიმეს უმალავს ხელისუფლება, პირველ რიგში, კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი“, – ამატებს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, კითხვარის გასაჯაროების საკითხზე საუბრისას აღნიშნა: „ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები. ამაზე გვექნება კონსულტაციები ევროკავშირთან“.

მისი თქმით, არსებობს ეჭვები რადიკალურ ოპოზიციასა და მის სატელიტებთან მიმართებით, „მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“ დაკავშირებით და „ყველამ კარგად იცის“, ვის სურს საქართველოს წარმატება და წარუმატებლობა.

ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესის ინკლუზიურობის აუცილებლობა ესმის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრსაც, თუმცა ის ინკლუზიურობაში სხვადასხვა სახელისუფლებო უწყების მონაწილეობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ინკლუზიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია და, ამიტომ – „ყველა სახელმწიფო უწყება, პირველ რიგში, იქნება მობილიზებული ამ პროცესში მონაწილეობისთვის.“

12 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა. „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის შინაარსის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა“,- აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს მიერ კითხვარის მიღებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის როლის შესახებ აღნიშნა: „ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცადონ“.

კითხვარის შესახებ საუბრისას, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გივი მიქანაძემ განაცხადა: „ამ კითხვარის შევსების კოორდინირებას მთავრობა განახორციელებს და მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს კითხვარი სათანადოდ შეივსება. ეს კითხვარი დაეფუძნება იმ რეფორმებს და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა და ახორციელებს“.

როგორც ჩანს, ქართული ოცნება დოკუმენტის შევსების პროცესში ინკლუზიურობად მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მონაწილეობას მიიჩნევს და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ან/და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას არ აპირებს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა არჩილ თალაკვაძის შემდეგი განცხადების გადამოწმება: კითხვარი დაცულია [იგულისხმება, რომ არ უნდა გასაჯაროვდეს] ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი“.

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მცდარი.

რის საფუძველზე დაასკვნა „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული, ამის გასაგებად განაგრძეთ კითხვა.