სოფელ ისლარში მცხოვრები მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ სოფელში ჩატარებული კრების ოქმი გაყალბებულია, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობის აზრი – უგულვებელყოფილი.
ისლარში მოსახლეობის კრება 4 მარტს გაიმართა. კრების ოქმის მიხედვით, სოფლისთვის გამოყოფილი 10 ათასი ლარი ხუთი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება – გზაზე ორი ცალი ბარიერისა და წყალგამტარი მილის მოწყობას, კიკნაძეებისა და ტაბატაძეების უბანში გზის შეკეთებას, ტაბატაძეების უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად არხის გაჭრას, წისქვილის შეკეთებას.
ოქმში აღნიშნულია, რომ დასახლებაში რეგისტრირებული 137 ამომრჩევლიდან კრებას 28 მათგანი ესწრებოდა. პრიორიტეტების შერჩევისას ღია კენჭისყრა გაიმართა.
მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის კრებაზე 40 პირი იმყოფებოდა და მათმა უმრავლესობამ (25 პირი) პრიორიტეტულად სხვა პრობლემის მოგვარება მიიჩნია, თუმცა მათი ეს წინადადება ოქმში არ ასახულა. მისი თქმით, სარეგისტრაციო ბლანკზე ხელმომწერი 28 პირიდან 15 მოქალაქის ხელმოწერა გაყალბებულია, რადგან ისინი კრებას არ ესწრებოდნენ და ხელმოწერები ერთი და იგივე ადამიანის ხელითაა შესრულებული.
„კრებაზე ერთ-ერთი საძოვრის შემოღობვის საკითხი დავაყენე. ამ საძოვარით 13 ოჯახი სარგებლობს, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – ამ პრობლემის მოგვარება კრებაზე მყოფთაგან 25 ადამიანს სურდა. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ფარული კენჭისყრა არ ჩატარდა. კრებაზე მყოფთა უმრავლესობამ ამ ოქმს ხელი არ მოვაწერეთ.
3 ათას ლარს ვითხოვდით იმ ადგილის შემოსაღობად. ეს დიდი თანხაა არაა. შესაძლოა, ეს ჩვენ თავადაც შევძლოთ, მაგრამ ოქმის გაყალბებას არ დავუშვებ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს: „პრიორიტეტები ისლარის მოსახლეობასთან კონსულტაციების გზით შედგა. ეს მთავრობის #654-ე დადგენილების პირველი მუხლის მეექვსე პუნქტითაა განსაზღვრული. მერის წარმომადგენელმა ავთო თაბუკაშვილმა მოსახლეობასთან კონსულტაციები კრების ჩატარებამდე გამართა. ისლარის მოსახლეობისგან წინასწარ შემუშავებული წინადადებები კრებაზეც წარადგინეს. მივიჩნევ, რომ კრება სამართლიანად ჩატარდა. ხელმოწერებს რაც შეეხება, მერიას მათ გასაყალბებლად რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?! ამ ტექნიკურ დეტალებს გადავამოწმებთ“.
ისლარში გამართულ მოსახლეობის კრებას ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტი ბადრი შველიძე ესწრებოდა და ოქმზე მისი, როგორც დამკვირვებლის, ხელმოწერაა. მისი თქმით, მიხეილ ჭიპაშვილისგან დაყენებული საკითხი – კონკრეტული ტერიტორიის შემოღობვა, ვერ განიხილებოდა, რადგან ის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში არ არის. შესაბამისად, მისგან დასმული საკითხი ოქმში არ შეუტანიათ.
„ხელმოწერების გაყალბებას რაც შეეხება, შესაძლოა, კრების ჩატარების დღეს ოჯახის ყველა წევრი სახლში არ იყოს, – ამბობს ბადრი შველიძე, – ამიტომ ოჯახის ერთ წევრს მოაქვს ხოლმე დანარჩენების პირადობის მოწმობები და ბლანკს მათ მაგივრად ავსებენ“.
ბლანკზე არსებული რამდენიმე ხელმოწერა, რომელთა ნამდვილობაში მიხეილ ჭიპაშვილს ეჭვი შეაქვს, ყალბია.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ისლარში მცხოვრებ იმ 15 პირს დაუკავშირდა, რომელთა ხელმოწერებიც მიხეილ ჭიპაშვილს საეჭვოდ მიაჩნია. მათგან ხუთმა გვითხრა, რომ კრებას არ დასწრებია და შესაბამისად, ხელიც არაფერზე მოუწერია. თუმცა, კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ერთ-ერთის თქმით, კრებაზე იყო, ოქმში დაფიქსირებულ პრიორიტეტებს ეთანხმება, თუმცა კრებას ბოლომდე არ დასწრებია და სარეგისტრაციო ბლანკზე ხელი არ მოუწერია. ორმა პირმა გვითხრა, რომ კრებაზე იმყოფებოდნენ და ოქმში ასახული პრობლემების მოგვარება მათთვის მისაღებია.
მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის #64 დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტებია განსაზღვრული:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
30 მარტს გამოცემული #163 დადგენილებით ამ ნუსხას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება“ დაემატა.
მიხეილ ჭიპაშვილმა ისლარში მოსახლეობის კრებაზე შედგენილი გაყალბებული ოქმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარუდგინა. მან დეპუტატებს მიმართა, რომ მოიკვლიონ ეს საკითხი და სოფლის კრებაზე დამსწრეთა ურავლესობის აზრი გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი