დღეს, 21 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

ეს ანგარიში 2020-2021 სასწავლო წლიდან 2022 წლის 21 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

დირექტორ ლალი ალექსიძის ინფორმაციით, სამუსიკო სკოლაში 83 მოსწავლე ირიცხება. ფორტეპიანოსა და ვიოლინოს შესწავლა ფასიანია. სასწავლო წლის განმავლობაში 90 ლარია გადასახდელი. სოციალურად დაუცველი 13 მოსწავლე სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებულია.

ლალი ალექსიძის თქმით, პანდემიის პირობებში მოსწავლეებისთვის კლასიკური მუსიკის სწავლება ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ამ პროცესს ხანგრძლივი, უწყვეტი მუშაობა სჭირდება. საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ გაცდენილი საათების აღსადგენად.

სირთულეების მიუხედავად, სამუსიკო სკოლამ რამდენიმე ღონისძიების გამართვა და რესპუბლიკურ ფესტივალში – „მომავლის ვარსკვლავები“ მონაწილეობა შეძლო.

პანდემიის გამო მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ სამი თვის გადასახადისგან გაათავისუფლა.

ლალი ალექსიძემ საკრებულოს წევრების ყურადღება სკოლის წინაშე არსებულ ორ პრობლემაზე გაამახვილა. მისი თქმით, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის შენობის პირველ სართულზე განთავსებული ათი საკლასო ოთახი შეშის ღუმელებით თბება, ქარიან ამინდში ეს დისკომფორტს იწვევს და ოთახები კვამლით ივსება.

ზიანდება სკოლის შენობის გარე ფასადი, რადგან შესასვლელში სახურავიდან წყალი ჩადის.

სამუსიკო სკოლისთვის 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია – 162 500 ლარი – ხელფასებისა და კომუნალური ხარჯებისთვისაა განსაზღვრული. ამიტომ ლალი ალექსიძე კონდიციონერების შესაძენად და სახურავის შეცვლისთვის ბიუჯეტიდან დამატებით თანხას ითხოვს.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის თქმით, სამუსიკო სკოლის დირექციას ამ პრობლემებზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უნდა ესაუბრა. მანვე ამ საკითხის განხილვა მერიას დაავალა.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სამუსიკო სკოლის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაცია, შესაძლოა, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს.

ნინო კაპანაძე