კორონავირუსის შემთხვევათა კლების გამო, 15 მარტიდან ხარაგაულის საავადმყოფოში კოვიდცენტრი უქმდება.

10 მარტიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ბორითის კლინიკა დაუბრუნდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამურველაშვილი ამბობს, რომ საქმიანობის პირვანდელ რეჟიმზე დაბრუნების შესახებ ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს.

-2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე ხარაგაულისა და ბორითის კოვიდცენტრებში 500 ინფიცირებული მკურნალობდა, – ამბობს გიორგი ამურველაშვილი, – კოვიდპაციენტების მკურნალობას თავი კარგად გავართვით. ამას, პირველ რიგში, განკურნებული პაციენტებისგან გამოხატული მადლიერება მალაპარაკებს. მათივე მოთხოვნით, შევქმენით ჟურნალი, სადაც პაციენტები ჩვენი კლინიკების მედპერსონალის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებებზე წერენ.

ბორითისა და ხარაგაულის კლინიკების თითოეული თანამშრომელი პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად თავდაუზოგავად იბრძოდა.

– ბატონო გიორგი, რა გასწავლათ, რა ცოდნა და გამოცდილება შეგძინათ პანდემიის მართვის პროცესმა.

– თავიდან, როცა ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოები კოვიდცენტრებად გადაკეთდა, ცოტა შევშინდით. თუმცა, ექიმის შიში დაუშვებელია. კოვიდპაციენტების მართვისას ბევრი რამ ვისწავლეთ. პროტოკოლები და გაიდლაინები ხშირად იცვლებოდა. ტრენინგები მუდმივად გვიტარდებოდა.

თავიდან მძიმე პაციენტები გვყავდა. ხარაგაულში მხოლოდ თერაპიულ მომსახურებას ვუწევდით. ინტენსიური რეანიმაციის განყოფილება ბორითის კოვიდცენტრშია. სამწუხაროდ, ამ ორი წლის განმავლობაში, ორი პაციენტი გარდაგვეცვალა.

კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა. გზადაგზა მისი მკურნალობის მეთოდები იხვეწება. ჩვენი კოვიდკლინიკების მოტივირებულმა მედპერსონალმა სიახლეებს ალღო ადვილად აუღო. ამ ორ წელიწადში კორონავირუსი თითქმის ყველა თანამშრომელმა გადაიტანა.

– ამჟამად რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ხარაგაულის საავადმყოფოში?

– ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს ყოველდღიურად, წინასწარი ჩაწერის გარეშე, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი, ფთიზიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი და ოჯახის ექიმი მოემსახურებიან.

ენდოკრინოლოგი ხარაგაულის საავადმყოფოში ყოველ ხუთშაბათსაა, ოტოლარინგოლოგი ორ კვირაში ერთხელ – ოთხშაბათობით.

მუშაობის ჩვეულ რეჟიმს რომ დავუბრუნდებით, ქიურუგიული და რეანიმაციული განყოფილებები სრული დატვირთვით ამუშავდება. გადაუდებელი სამედიცინო და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება არ შეწყვეტილა. თვალისა და ყელ-ყურის გეგმიური ოპერაციები გაგრძელდება. ხარაგაულის საავადმყოფოში მაღალკვალიფიციური, გადამზადებული ექიმები გვყავს.

საავადმყოფო ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილია. ხარაგაულის საავადმყოფოს საქმიანობაში რასაც შევცვლიდი ისაა, რომ უმცროს სამედიცინო პერსონალს ხელფასს გავუზრდიდი. ამ საკითხზე სათაო ოფისშიც მსჯელობენ. სავარაუდოდ, ანაზღაურების კუთხით ცვლილებები წელს იგეგმება.

– ბატონო გიორგი, ხარაგაულის საავადმყოფოში სამშობიაროს გახსნას ითხოვენ. რა პრობლემასთან არის დაკავშირებული სამშობიაროს ამოქმედება.

– ხარაგაულში სამშობიაროს ამოქმედებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. თვეში დაახლოებით 60-70 მშობიარე მაინც უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხარაგაულში თვის განმავლობაში ათზე მეტი მშობიარე არ არის. გარდა ამისა, ოთხი ბრიგადა უნდა შეიქმნას. თითოეულში გინეკოლოგი, ბებია ქალი, ბავშვთა რეანიმატოლოგი უნდა იყოს. მათი მოძიება გაჭირდება. თქვენ გახსოვთ, რომ ხარაგაულში, ახალი კლინიკის გახსნისას, ექიმების ნაკლებობა იყო. ეს გუნდიც დიდი შრომითა და ძალისხმევით შევქმენით.

– პანდემიამდე ხარაგაულის საავადმყოფომ სოფლებში რამდენიმე უფასო სამედიცინო აქცია მოაწყო. გეგმავთ თუ არა მსგავსი აქციების გაგრძელებას?

– რა თქმა უნდა, უფასო სამედიცინო აქციებს სოფლებში გავაგრძელებთ. ეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრმა პაციენტმა სწორედ ამ აქციების დროს შეიტყო თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ზოგს ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა, ზოგს – პათოლოგიები. ხარაგაულში ხშირია ჩიყვისგან გამოწვეული გართულებები.

ასე რომ, დაავადების დროულად აღმოჩენა მის მკურნალობას აადვილებს და უფრო ეფექტურს ხდის. გამოამინდების შემდეგ სოფლებში აქციებს დავგეგმავთ.

– ექიმის პროფესიიდან გამომდინარე, თუ გქონიათ განცდა, რომ ხშირად თქვენგან სასწაულს ელოდებიან ავადმყოფები და მათი ახლობლები?

– ასეთი განცდა ხშირად მაქვს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მიუდგები პაციენტს და მის ახლობლებს. ვცდილობ, რეალური ინფორმაცია მივაწოდო და ცრუ მოლოდინები არ გავუჩინო. თუმცა, გულისხმიერება და პაციენტის მდგომარეობის გაზიარება მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ამ მხრივ ჩვენი საავადმყოფოს მედპერსონალი გამორჩეულია.

– სამი წელია, ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერი ბრძანდებით. მანამდე თუ გქონდათ ინფორმაცია ხარაგაულისა და ხარაგაულელების შესახებ. როგორი ურთიერთობები გაქვთ ხარაგაულელებთან და წლების შემდეგ როგორ გაგახსენდებათ აქაურობა.

– 2022 წლის აპრილში სამი წელი გახდება, რაც ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორი ვარ. მანამდე ხარაგაულთან და ხარაგაულელებთან ურთიერთობა არასდროს მქონია. სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. 1998 წელს მუშაობა მარნეულის სტომატოლოგიური კლინიკის მთავარ ექიმად დავიწყე. 2008 წელს წალკის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დავინიშნე. 2011 წლიდან 2019 წლამდე თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ვიყავი.

ნებისმიერი ადგილისა და კუთხის შესახებ წარმოდგენას იქ მცხოვრები ადამიანები გიქმნიან. ხარაგაული ძალიან შემიყვარდა. ბევრი მეგობარი და ახლობელი შევიძინე. აქაურები თბილი და კომუნიკაბელურები არიან. ასე რომ, წლების შემდეგ, ხარაგაულზე მხოლოდ კარგი ისტორიები გამახსენდება. ხარაგაულელებს ჯანმრთელობას გისურვებთ.

ნინო კაპანაძე