ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს.

დღეს, 4 მარტს, ამ ცვლილების პროექტი საკრებულოს ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

ამ საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 890 000 ლარი აისახება.

„საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ნება დართო, რომ გასულ წელს სახელმწიფო ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ნაშთები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად გამოიყენოს, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ხარაგაულის ბიუჯეტში ნაშთის სახით 494 439 ლარია“.

მერიის გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან

  • 100 000 ლარი ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის მიიმართება,
  • 125 000 ლარი – სარგვეშის სასოფლო გზებისთვის,
  • 269 439 ლარი – ვარძიაში პაპიძეების საუბნო გზებისთვის.

ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გზები უნდა მოწესრიგდეს. მისი თქმით, უმძიმეს დღეშია ხარაგაულში რკინიგზის სადგურის უკან ანზორ კიკნაძის ქუჩის გზა.

„ამ გზის რეაბილიტაციას საკრებულოს ყოფილი წევრი იუზა კელენჯერიძე სამი წლის წინ ითხოვდა. იქ მიწა წყდება და გამაგრებითი სამუშაოები – საყრდენი კედლის მოწყობაა აუცილებელი“მ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის თქმით, პრიორიტეტი იმ გზის რეაბილიტაციას ენიჭება, რომელსაც რწმუნებული და დეპუტატი წარადგენენ. მან საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიებს ამ პრობლემის შესწავლა დაავალა.

ნინო კაპანაძე