ლეღვანში, შარიქაძეების უბანში მცხოვრები მაია შარიქაძე ამბობს, რომ წყალსადენის მშენებლობამ მას და მის მეზობლებს პრობლემები შეუქმნა.

მისი თქმით, მდინარე ლეღვნურაზე გადებული რელსები, რომლებიც ხიდის მოვალეობას ასრულებდა, მშენებელმა რამდენიმე დღის წინ აიღო და მდინარის მეორე მხარეს მოსახლეობა ვეღარ გადადის.

„პირუტყვს საძოვარზე ვეღარ გავუშვებთ, – ამბობს მაია შარიქაძე, – ახლა საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. მიწის ნაკვეთები მდინარის მეორე მხარეს – ურთხელვაკეში გვაქვს. გაზაფხულზე წყალი იმატებს და მდინარე ადიდდება. ხიდის გარეშე ვეღარ მიწებს დავამუშავებთ. ნუთუ არ შეიძლება, ნორმალური ხიდი გვეღირსოს; ნორმალურს ვინ ჩივის, რაც გვქონდა, ისიც აიღეს. ვინმემ გვიპასუხოს, ჩვენი პრობლემა როდის მოგვარდება“.

ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა მაღრაძე ამბობს, რომ საცალფეხო ხიდი, რომლითაც შარიქაძეების უბანი სარგებლობდა, 2019 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის დროს წყალმა წაიღო. მესამე წელია, ხიდის მაგივრად ლეღვნელებს ამ უბანში რელსებზე გავლა უწევთ.

„წყალსადენის მშენებელმა კომპანიამ რელსები იმიტომ აიღო, რომ იმ ადგილას ექსკავატორებს უნდა გაევლო, – ამბობს გელა მაღრაძე, – ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობაზე მუშაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირას კიდევ გაგრძელდება.

მშენებელი დამპირდა, რომ რელსებს ძველ ადგილზე დააბრუნებს. ამის შემდეგ ხიდს ჩვენი ძალებით შევაკეთებთ. ვფიქრობთ, ეკლის ბოძები დავადოთ, რომ მოსახლეობამ ზედ გავლა შეძლოს. წელს ამ ხიდის რეაბილიტაცია არც ადგილობივი ბიუჯეტიდან და არც რეგიონული განვითარების პროექტებიდან არ იგეგმება.

ლეღვანში სტიქიისგან დაზიანებული ხიდები თითქმის ყველა უბანშია“.

ლეღვანი-ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ ლეღვანში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს კარგად იცნობს.

„ლეღვანში სტიქიისგან ხიდები და გზები გაპარტახებულია, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – ვიცი, რომ შარიქაძეების უბანში უმძიმესი მდგომარეობაა. მარელისის სკოლის რემონტისგან დარჩენილი ფიცრები უნდა გამეგზავნა იმ ხიდის რელსებზე დასაჭედებლად, მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ რელსებიც აუღიათ.

სანამ წყალსადენის მშენებლობა დასრულდება, ადამიანებს ხიდი სჭირდებათ. მივმართავ კომპანიას, თუ შეიძლება სამუშაოების დასრულებამდე რელსები ძველ ადგილზე დააბრუნონ“.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ საკითხით მის სრულ მოგვარებამდე დაინტერესდება.