ევროკავშირში მიღების ფორმალური დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს. თუმცა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რაც ევროპის კომისიამ უკვე მკაფიოდ გამოხატა, არსებული საფეხურების სწრაფად გავლა შეიძლება.
მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და არა სრულ წევრობაზე.
კანდიდატის სტატუსს ქვეყნები, როგორც წესი, განაცხადის შეტანიდან 2-3 წელიწადში იღებენ. სრული წევრობა ხომ საერთოდ 6-10 წელიწადს მოითხოვს. უკრაინის მიზანი ახლა უნდა იყოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სწრაფად მიღება და ევროკავშირთან მიერთების მოლაპარაკებების ფორმალურად დაწყება.
პირველი ნაბიჯია განაცხადი, რომელიც უკრაინამ ფრონტის ხაზიდან შეიტანა.
1 მარტს ევროპის პარლამენტი შეიკრიბა და მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყება.
კანდიდატის სტატუსს ანიჭებს ევროკავშირის საბჭო (რომელიც ამ საკითხის განსახილველად შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან). საბჭო ევროპის კომისიასთან კონსულტაციისა და ევროკავშირის პარლამენტის თანხმობის შემდეგ ერთხმად მიანიჭებს ქვეყანას სტატუსს.
ევროპის კომისიამ უნდა შეამოწმოს კანდიდატი ქვეყნის განაცხადი და მზაობა. ამისთვის კომისია აგზავნის დიდ კითხვარს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეავსოს. ამ კითხვარის შევსებას თვეეები სჭირდება ხოლმე.
აქ მოწმდება, განმცხადებელი ქვეყანა აკმაყოფილებს თუ არა კოპენჰაგენის (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინსტიტუციურ) კრიტერიუმებს (ეს კრიტერიუმები შეფასებითია, მომდევნო ეტაპებზეც რჩება და მოწმდება). ევროპის კომისიის პრეზიდენტის 28 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ეს ეტაპიც, წესით, უნდა დაჩქარდეს.
კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროკავშირის საბჭო განმცხადებელ ქვეყანას ანიჭებს კანდიდატის სტატუსს. გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად, ანუ საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ეს თანხმობა დღეს არსებობს თუ არა, არ ვიცით. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ.
ამის მერე მოლაპარაკებების ფარგლები უნდა შეთანხმდეს და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.
კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების დაწყებამდეც საკმაოდ დრო გადის ხოლმე. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის სამართლის 35 თავზე, რომელშიც შედის ყველაფერი, დაწყებული დამოუკიდებელი სასამართლოდან, დამთავრებული სამეწარმეო სამართლით, ეკოლოგიით, განათლებით, კულტურით, სამეცნიერო სფეროთი, ა.შ. ამას უნდა დიდი დრო. პროცესი მიჰყავს კომისიას, მაგრამ წევრი ქვეყნების მონაწილეობით.
მოლაპარაკებების თავების დახურვა ხდება კომისიის, ევროკავშირის საბჭოს და პარლამენტის თანხმობით. თავად ევროკავშირთან მიერთების ხელშეკრულება იდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და კანდიდატ ქვეყანას შორის და 27 წევრ ქვეყანაში რატიფიკაცია სჭირდება.
ზოგადად, გამონაკლისის სახით ნაკლებად მომზადებული ქვეყნებიც მიუღიათ ევროკავშირში პოლიტიკური კეთილი ნების გამო (რომლებიც სინამდვილეში წევრობის კრიტერიუმებს სრულად არ აკმაყოფილებდნენ) და მიღების ხელშეკრულებაში თავისუფალ ბაზარზე დაშვებისა და ინტეგრაციის ეტაპები რამდენიმე წელიწადზე გადაუნაწილებიათ.
ასე რომ, ევროკავშირში მიღებაც ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ყველა სიკეთეზე წვდომას თავიდანვე შეუზღუდავად მიიღებს. თუმცა მთავარია ისაა, რომ ქვეყანა ფორმალურად წევრი ხდება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობაში მონაწილეობს.
ჩვენი ასოცირებული წევრობა რას ნიშნავს? რომელ საფეხურზე ვართ? ანუ ამის შემდეგ გავხდებით კანდიდატის ქვეყანა და შემდეგ წევრი? და ჩვენი მიზანია, რომ დაჩქარდეს გასავლელი გზა ასოცირებულ წევრობასა და კანდიდატობას შორის?
ჩვენი ასოცირებული წევრობა ამ ყველაფრის წინა პერიოდია. თუმცა, ასოცირებული წევრობა არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პირობას. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასოცირება გაწევრიანების ფორმალური ნაწილი არცაა.
უბრალოდ, როგორც წესი, ჯერ თანამშრომლობის ახალ და მაღალ საფეხურზე ასვლაა საჭირო, წევრობაზე რომ იფიქრო. ჩვენი მიზანია ზუსტად ისაა, რომ ეს გასავლელი გზა დაჩქარდეს.
წერს სოციალურ ქსელში
ქეთი აბაშიძე,
ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებებში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი