მეექვსე დღეა, უკრაინას რუსეთი თავს დაესხა. უკრაინის ქალაქ ხარკოვში არსებულ მდგომარეობაზე ჩვენი თანამემამულე, მადონა კაპანაძე გვიამბობს:
– ხარკოვში ძალიან სერიოზული საომარი მოქმედებებია. ისმის აფეთქებების ხმა. იბომბება ქუჩები და ობიექტები. დღეს დაბომბეს საოლქო ადმინისტრაციის შენობის წინა ნაწილი. ეს შენობა ევროპაში ყველაზე დიდ, თავისუფლების მოედანზეა. აგებულია მეორე მსოფლიო ომამდე და ის ფაშისტებმაც კი არ დაბომბეს, იმდენად ისტორიული მნიშვნელობისაა.
მოსახლეობა თავს აფარებს სარდაფებსა და მეტროში. ჩვენ სკოლის სარდაფში ვიმყოფებოდით. 80 კაცი შევიფარეთ. ავამუშავეთ სკოლის ბუფეტი და ცხელ საჭმელსაც ვამზადებდით. ჩვენთან თავს აფარებდნენ დონეცკიდან და ლუგანსკიდან გამოქცეული ოჯახები.
კომენდანტის საათი დღის სამი საათიდან დილის ექვს საათამდე გრძელდება. მაღაზიების წინ მოწესრიგებულია რიგები. მეტროშია ჩვენი ხარაგაულელი ხათუნა პაქსაშვილის ოჯახი. ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით და ვამხნევებთ. მეტროში მყოფი ხალხისთვის მოხალისეებს მიაქვთ საჭმელი და სასმელი.
ჩემი მეუღლე სერგო კიკნაძე ყოველდღე მიდის სამსახურში. ის პასუხისმგებელია ხარკოვის წყალმომარაგებაზე, გამართულ საკანალიზაციო სისტემასა და გათბობაზე. ყველა ჩვენ-ჩვენ ფრონტზე ვიბრძვით. გუშინ სერგო სამსახურში ფეხით წავიდა, – თერთმეტი სამსახურემდე და თერთმეტი კილომეტრი – უკან ფეხით გაიარა.
ხარკოვში რუსებმა #148, #150, #134 სკოლები დაბომბეს. ბომბავენ საცხოვრებელ სახლებსაც. ისეთ შენობებს ანადგურებენ, მეორე მსოფლიო ომს რომ გადაურჩა.
გუშინ ჩემი უმცროსი შვილი თაზო იყო პურის საყიდლად მაღაზიაში და ორი ცალი ეყიდა. ვკითხე, რატომ მეტი არ მოიტანე-მეთქი და რას ამბობ, სხვები ხომ უპუროდ დარჩებოდნენო, – მითხრა.
თითქოს რეალურად არ ხდება ეს ყველაფერი. მგონია, მაღვიძარა დარეკავს, გავიღვიძებ და ეს კოშმარი დასრულდება.
ძალიან თავდაჯერებულები არიან უკრაინელები. გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. გამაგიჟეს უკრაინელებმა თავიანთი თავგანწირვით – შიშველი ხელით აჩერებენ ტანკებს. ხომ ძალიან მიყვარდნენ და ახლა კიდევ უფრო მეტად შემიყვარდნენ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარკოვში სროლისა და აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა – მადონა კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი