„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია  ფუძნდება.

ამ მიზნით პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაში იმერეთის რეგიონის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრი ქალები და მუნიციპალიტეტის მერები მონაწილეობდნენ.

როდის ფუძნდება და რა მიზანი ექნება ქალთა ორგანიზაციას, ვის ექნება მასში გაწევრიანების უფლება და შესაძლებლობა, – ამ შეკითხვებით „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს მივმართეთ.

„ქუთაისში შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ჯერჯერობით, ადგილზე, მუნიციპალიტეტებში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არ იგეგმება.

ქალთა ორგანიზაციის წევრობა შეუძლია ნებისმიერ აქტიურ ქალს, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ იდეოლოგიასა და მიმართულებას. ამ ორგანიზაციის მიზანი პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდაა.

ქალების გაძლიერებას პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალი, მამაკაცთან შედარებით, უფრო ყურადღებიანი, დაკვირვებული და ფრთხილია. ის მეტად გრძნობს ქალების, ბავშვების, მოხუცების საჭიროებებს.

ზოგადად, იმ ორგანიზაციებში, სადაც ქალია ლიდერი, სიტუაცია ნაკლებად მწვავდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ.

ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში, თბილისში გაიმართება“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე