ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 7 თებერვალს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ხარჯის ზრდას იმ 17 წევრისთვის, რომლებიც საკრებულოში თანამდებობებს არ იკავებენ.

თითოეული ასეთი დეპუტატი ყოველთვიურად, ამ დრომდე განსაზღვრული 397 ლარის ნაცვლად, 676 ლარს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიიღებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს ხარჯი 71 500 ლარით განისაზღვრა. 17 დეპუტატზე გაზრდილი ხარჯის ასანაზღაურებლად დამატებით 67 ათასი ლარია საჭირო.

საკრებულოს წევრის ხარჯი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეგულირდება, – ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ხარჯის 67 ათასი ლარით მატება არ იქნებოდა საჭირო, საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი 4 510 ლარამდე რომ არ გაეზარდა.

„ვფიქრობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ამხელა ხელფასს არ იმსახურებს, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – მან საკრებულო მერიის ნოტარიუსად გადააქცია და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ შენიშვნას არასდროს გამოთქვამს“.

რამდენად მიზნობრივად იყენებენ საკრებულოს წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად განკუთვნილ ამ თანხებს და რატომ ვერ წარადგენენ ხარჯვის დამადასტურებელ ფინანსურ დოკუმენტებს, – როგორც ეს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, – ამ შეკითხვით დეპუტატებს მივმართეთ.

დეპუტატებზე გაცემულ ხარჯს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (გვ. 46-47), დაუსაბუთებლად მიიჩნევს:

„მერიამ არ უნდა დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას“.

ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი გასულ წლებში არც ერთ დეპუტატს მერიაში არ წარუდგენია.

დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ეკა შველიძე ამბობს, რომ ხარჯი მას მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კომუნიკაციისთვის სჭირდება. მისი თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციას წელს უფრო ინტენსიურად აპირებს. „ბევრი საჭიროება ჩნდება და დეპუტატები ამ თანხას ხალხის საკეთილდღეოდ ვიყენებეთ. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა პრობლემაა“, – ამბობს ეკა შველიძე.

საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა გოგსაძეს სადეპუტატო ხარჯი მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის საწვავის შესაძენად სჭირდება.

„თუ დეპუტატი ყველა ამომრჩეველთან მივა მათი გასაჭირის მოსასმენად, ეს თანხა ნამდვილად დასჭირდება, – ამბობს კობა გოგსაძე, – თუ მხოლოდ სხდომებზე უნდა მოვიდეს და ხელის აწევა-დაწევით შემოიფარგლოს, მაშინ ეს ხარჯი ზედმეტიცაა.

ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენა ყოველთვის პრობლემა იყო, რადგან ხელისუფლების ნება არ არსებობს. ბოლოს და ბოლოს საწვავის ქვითრის მიღებას რა უნდა? ხარაგაულის 2010 წლის მოწვევის საკრებულომ ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ“.

პარტიის „გახარია-სქართველოსთვის“ დეპუტატი ირმა ვეფხვაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ, რისთვისაც ფინანსები საჭიროა. ის მიიჩნევს, რომ სადეპუტატო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მისთვის პრობლემა არ იქნება.

„ეს საკითხი სხვა მუნიციპალიტეტებშიც არსებობს, – ამბობს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – მერიაში საკრებულოს აპარატიდან ვიღებთ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს კონკრეტული დეპუტატის საკრებულოს სხდომებსა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობას და ხარჯს ამის მიხედვით ვცემთ“.