ახალარჩეული საკრებულოები მუშაობას შეუდგნენ. როგორ აპირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებას და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით კიკნაძეს ვესაუბრეთ.

მასთან ინტერვიუს ჩაწერისას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ბიულეტინზე იმყოფებოდა.

– ბატონო დავით, მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი ბრძანდებით. ახალარჩეული საკრებულოს მუშაობაში, თქვენი აზრით, 2014 და 2017 წლების მოწვევის საკრებულოების საქმიანობიდან რა გამოცდილება არის გასაზიარებელი.

– 2014 წელს, საკრებულოს წევრობასთან ერთად, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსიც ვიყავი. 2014-2015 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2017-2020 წლებში, ობიექტური თუ სუბიექტირი მიზეზების გამო, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაგვივარდა და სამ მილიონ ლარზე მეტი თანხა ცენტრალურ ბიუჯეტს დავუბრუნეთ.

2021 წელს ის „გაჩერებული“ პროექტები, მერიის შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობის შემდეგ დასრულდა.

სოციალური პროგრამების დაფინანსება მილიონ ლარს გადასცდა. ეს, შესაძლოა, კარგი არ არის, რადგან მოსახლეობის ეკონომიურ გაჭირვებაზე მიუთითებს, თუმცა რეალობაა და ეს პროგრამები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებზეა გათვალისწინებული.

2021 წელს ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა დაინერგა. 2014 წლიდან თვითმმართველობისგან დაფინანსებულ ორგანიზაციებში ათეულობით ჩვენი მოქალაქე დასაქმდა და ხარაგაულიდან რომ არ წავიდნენ, ეს კარგია.

ვფიქრობ, გასულ წლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ამის შედეგად, 2022 წელს ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგება, მოწესრიგებული ცენტრალური ქუჩა, ხოლო სოფლებში მობეტონებული ცენტრალური გზები გვექნება.

– ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებისგან მოგვისმენია, რომ საკრებულო ნოტარიუსი არ არის; ასევე – მერიისგან წარმოდგენილი პროექტები უფრო დასაბუთებული უნდა იყოს. როგორ აპირებს საკრებულო მერიის მიმართ კონტროლის გაძლიერებას?

– ერთ წელზე მეტია, მერიასთან ურთიერთობა შეიცვალა და ძირითად, გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ. ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ ჩემი განწყობა ასეთია – არგუმენტირებულ პოზიციებს თუ წარმოადგენენ, აუცილებლად გავიზიარებთ. ცალ-ცალკე ყოფნა სიკეთეს არავის მოგვიტანს.

მოსახლეობასაც მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. თუმცა, ზოგი მხოლოდ ჭკუის სწავლებაზეა გადასული და სოციალური ქსელიდან გვაკრიტიკებს. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ხელისუფლება ხალხთან ახლოს უნდა იყოს. არის პრობლემები, რომელსაც ეტაპობრივად უნდა მივხედოთ, ერთ დღეში რომი არ აშენებულა.

– რა მიგაჩნიათ ხარაგაულის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად, რომელთა მოგვარებაზე 2022 წელს ხარაგაულის საკრებულო მერიასთან ერთად იზრუნებს და როგორ?

– უპირველესი გამოწვევაა სოციალური სფერო, დასაქმების პრობლემა. თუმცა, ამ პრობლემას მარტო თვითმმართველობა ვერ მოაგვარებს და სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის. ხარაგაულში ტურისტული ლოკაციები უნდა გაკეთდეს.

სამხარეო საკოორდინაციო საბჭომ ევროკავშირის დასაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილი სამი პროექტი მოიწონა – მიროწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია, ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

წელს ხარაგაულში, ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე „დევების“ სკვერი კეთილმოეწყობა და ხუნევში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება.

ხარაგაულში კერძო სექტორი უნდა განვითარდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომ სხვადასხვა პროექტები დაფინანსდეს.

რამდენიმე პიროვნებას ხარაგაულში მიმდინარე პროექტებზე დასაქმებისთვის რეკომენდაცია გავუწიე. უარი თქვეს – ხელფასი რომ ჩაგვერიცხება, სოციალური დახმარება მოგვეხსნებაო.

სოციალურმა დახმარებებმა სოფლის ცხოვრება უკან დაწია და ხალხი გააზარმაცა. მე პირადად, იმის მიუხედავად, რომ დასაქმებული ვარ, საღანძილესა და სხლითში ყანებსაც ვამუშავებ და ვაზსაც ვუვლი.

– მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ბუნებრივი აირის უქონლობა, განსაკუთრებით ისეთ სოფლებში (მაგ.: ბორი, საღანძილე,..), რომელთა მეზობელ დასახლებებშიც მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს. ბუნებრივ აირს ასევე აქტიურად მოითხოვს ჩხერიმელასა და ძირულას ხეობების მოსახლეობა. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ხარაგაულის სოფლებში გაზიფიცირების დასაჩქარებლად? ჩვენს მეზობელ საჩხერეში ყველა სოფელი გაზიფიცირებულია.

– გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი სოდლები გაზიფიცირდეს. საჩხერეში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, სხვა ფაქტორები მუშაობდა – იქ ჩაწერა-ამოწერის ინსტიტუტიც და ხელფასებიც კი განსხვავებული იყო, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო. საჩხერეს და ხარაგაულს, ამ შემთხვევაში, დიდი ბოდიში, მარა ვერ შევადარებთ.

ჩხერიმელას ხეობის გაზიფიცირება ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებაზეა დამოკიდებული. მერიამ და საკრებულომ რაც შეიძლება აქტიურად უნდა მოვითხოვოთ, რომ ხარაგაულის სოფლებში გაზიფიცირება დაჩქარდეს. თუმცა, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

– 2021 წელს მთავრობამ ყველა სოფლის წყალმომარაგება პრიორიტეტად დაისახა. თუმცა, ბევრი დასახლება ისევ უწყლოდაა. მერიასთან ერთად, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ მიმართულებით.

– ვერ დაგეთანხმებით, რომ ბევრი სოფელია უწყლოდ დარჩენილი. იქ, სადაც ზედაპირული წყლების პრობლემაა, მოსახლეობის მოთხოვნით, ჭაბურღილები ეწყობა; სოფლებში, სადაც წყლის მილი და ავზია საჭირო, შევუძინეთ. ეს პროცესი 2022 წელსაც გაგრძელდება.

ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა პრობლემის მოგვარებაში აღარ ჩაერთო და მილის მიწაში ჩასაგდებად ორმოც აღარ გათხარა. ყველას უნდა, წყალი სახლამდე მიუყვანო და მისი მეზობელი რომ წყალს უყაირათოდ მოიხმარს, ისიც ხელისუფლებამ გააკონტროლოს.

– სოფლებში გზების გაუთოვლობამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. სასწრაფოს და სხვა გადაუდებელი დახმარების დაწესებულებათა წარმომადგენლებს სოფლებში მისვლა უჭირთ. მოსახლეობა საკვებსა და წამლებს ვეღარ იძენს, მოსწავლეები სასკოლო ტრანსპორტით ვეღარ სარგებლობენ… ხარაგაულის თვითმმართველობა ზამთარს მოუმზადებელი რატომ შეხვდა? მდგომარეობის გამოსასწორებლად რის გაკეთებას აპირებთ?

– მაგ საკითხზე ვფიქრობთ, ათი წელია. გამართული ავტოპარკი გვჭირდება. მუხლუხებიანი ტრაქტორები ხშირად მწყობრიდან გამოსულია. ზამთარში რომ მოთოვს, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხარაგაულის სოფლები მთაგორიანია და სერიოზული ტექნიკა გვჭირდება. ამ მიმართულებით პრობლემა როგორ მოვაგვაროთ, ჩამოსაყალიბებლები ვართ.

– რა ნაბიჯებს დგამთ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის ტრანსპორტირების პრობლემის მოსაგვარებლად?

– ხარაგაულის თვითმმართველობა „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. არაერთი წერილი გაიგზავნა მერიიდან, საკრებულოდან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან, რომ ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით შუადღის მატარებელი დანიშნონ, ან ქუთაისი-თბილისის მატარებლის მიმოსვლა აღადგინონ.

ვიღაც ზის თბილ ოთახში და მოსახლეობისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს თბილისიდან იღებს. ეს საკითხი ჩვენი კომპეტენციის მიღმაა და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები „საქართველოს რკინიგზიდან“ მიღებულ პასუხზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ხარაგაულის მერია, გამოაცხადა ტენდერი ხარაგაული-მოლითის გზის მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაზე.

– მოქალაქეებს თვითმმართველობის საქმიანობაში რეალურად ჩართვის შესაძლებლობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზის უქონლობის გამო, არ აქვთ. რა ეტაპზეა ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზის მოწყობა?

– 2022 წლის ბიუჯეტში 80 ათასი ლარი ადმინისტრაციულ შენობაში დარბაზის მოსაწყობად დაიგეგმა. ვადებს ვერ გეტყვით, ეს მერიის პრეროგატივაა. ვფიქრობ, ამ დარბაზის რეაბილიტაცია პირველი კვარტალის ბოლოს დაიწყება.

ნინო კაპანაძე