საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი 2015 წელს ამოქმედდა. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით 256 500-მდე ადამიანი დაწესებული შეღავათებით სარგებლობს. მთის სტატუსი მინიჭებული აქვს 1797 დასახლებას.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ პირებს, მიუხედავად შეღავათებისა, რიგითი პრობლემებიც მრავლად აწუხებთ. დავინტერესდით, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბანში.
სოფელი გოლათუბანი წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ამ სოფელში 40-მდე კომლი ცხოვრობს, მათგან 18 ოჯახი მუდმივად მაცხოვრებელია.
ხარაგაულიდან გოლათუბნამდე ტაქსით მგზავრობას 100 ლარი სჭირდება, რადგან სოფელი შორია და იქამდე მისასვლელი გზა – მოუწესრიგებელი. სოფლის ცენტრალური გზა მობეტონებულია. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზა არ მოწესრიგდა, სოფლის გზის მოწესრიგებას აზრი არ აქვს.
სოფელში ბუნებრივი აირი არ არის, მთელი წელი შეშა გვჭირდება
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აქამდე მოსასვლელად საათნახევარი სჭირდება. ცენტრალური გზა არ გვაქვს. სოფელი მოსახლეობისგან იცლება. ახალგაზრდებს რომ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ, სოფლიდან არ წავიდოდნენ. გზა ჩვენთან არ არის, წყალი, გაზი და ტყეში არ გვიშვებენ, ზამთარში 3 მეტრამდე თოვლი მოდის და კვალის გამტანი კაცი არ არის,“ – ამბობს გოლათუბანში მცხოვრები თამაზ ტალახაძე.
გოლათუბნის მოსახლეობისთვის მთავარი ტრანსპორტი მატარებელია. თუმცა, ახალი რკინიგზის მშენებლობისა და პანდემიის გამო, მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა; ზოგიერთი მარშრუტი გაუქმდა. ამის გამო გოლათუბნელებს ტრანსპორტირება ძალიან უჭირთ.
„მაღაზია და აფთიაქი აქ არაა, წამლებისა და პროდუქტების შესაძენად ან ზესტაფონში უნდა წავიდეთ, ან – ხაშურში, – ამბობს გოლათუბნელი ბესიკ ტალახაძე, – თავად რკინიგზაში ვმუშაობ და ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით ვმგზავრობ. მოქალაქეებს ამ მატარებელში არ უშვებენ და მგზავრობა ძალიან უჭირთ. ხაშურიდან ტაქსით რომ ამოხვიდე, 50 ლარი გჭირდება. მანძილი პატარაა, მაგრამ გზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ძვირს გვახდევინებენ. ბუნებრივი აირი აქ არ გვაქვს, მთელი წელი შეშა გვჭირდება, ღუმელზე ვაკეთებთ ყველაფერს. ტყეში არ გვიშვებენ. 1000 ლარი უნდა გადაიხადო, რომ დიდი მანქანით შეშა იყიდო. თუ ბარათს აიღებ, იმდენად შორსაა მონიშნული ტყეკაფი, რომ იქამდე მისასვლელი გზა არ არის და ჩამოტანა ჭირს. ტყეში ვცხოვრობთ და მტაცებელი ცხოველები ეზოებში გვაკითხავენ. ღამით თუ პირუტყვი გარეთ დაგრჩა, აუცილებლად ნადირის მსხვერპლი გახდება“.
ავტომობილი ყველა მოსახლეს რომ ჰყავდეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია ვერ ივლის
„ჩვენი სოფლის მთავარი პრობლემა ხე-ტეზე ხელმიუწვდომლობა, მოუწესრიგებელი გზა და გაუმართავი წყლის სისტემაა, – ამბობს სოფელ გოლათუბანში მცხოვრები გოგი ლაცაბიძე, – ბეტონის გზის დაგება სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გზა ძალიან ვიწროა, გზაზე ასაცდენებია მოსაწყობი. ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის.
წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობად ტენდერი სამჯერ გამოცხადდა, თუმცა სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია. ასევეა ელექტრო წისქვილი, რომელიც გაკეთდა, მაგრამ დაუსრულებელია.
ადგილობრივ მოსახლეობას ხის მასალის შეძენა თბილისში უწევს, საიდანაც ტრანსპორტირება ძალიან ძვირია. აქ კი ტყემ ძველი საყანე ადგილები გადაიარა. ხომ შეიძლება, 5 კბმ მასალაზე ადამიანს ბარათი მისცენ და ისარგებლოს.
გოლათუბანი მაღალმთიანი სოფელია, დიდი ზამთარი იცის და პირუტყვს გამოკვება 5-6 თვის განმავლობაში გვჭირდება. სათიბიდან კი, ცუდი გზის გამო, თივა ვერ მოგვაქვს. რამდენჯერმე დაგვპირდნენ, რომ გზას დიდი ტექნიკით გაჭრიდნენ, მაგრამ დღემდე შეუსრულებელია.
ჩვენს მოსახლეობას გასულ საუკუნეში რაიონული ცენტრიდან დღეში ორჯერ ემსახურებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ახლა კი აქედან ტრანსპორტირება ძალიან ჭირს.
გოლათუბანი მოლითის რკინიგზის სადგურიდან 5 კმ-ით, ხოლო წიფიდან – 2 კმ-ით არის დაშორებული. მაღალმთიანი სოფლის ბოლოს 4 კილომეტრზე გადის რკინიგზა და მატარებელი არ აჩერებს. არანაირი საავტომობილო ტრანსპორტი არ დადის. სოფელში ავტომანქანა ყველას რომ ჰყავდეს, გზა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ვერ ივლი. პანდემიამდე, ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთზე ოზურგეთი-თბილისის მატარებლით მგზავრობა ერთი ლარი ღირდა; მოძრაობდა შუადღის მატარებელი ზესტაფონი-ხაშური. ახლა ძალიან რთული მდგომარეობაა, – ხარაგაულიდან საღამოს 7 საათზე გამოდის მატარებელი და აქ იმ დროს მოდის, შესაძლოა, მგზავრი გარეული ცხოველების ლუკმა გახდეს.
წლებია, გოლათუბანში დაწყებითი სკოლის შენობის გადახურვას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ. ეს სკოლა 102 წლისაა; 4 წლის წინ დაიხურა. სკოლის შენობაში სარიტუალო სახლის მოწყობას ვგეგმავთ. წლების განმავლობაში მოსახლეობისგან შეძენილი სარიტუალო სახლის ინვენტარი ამჟამად სოფლის სკოლაში ინახება.
გოლათუბნელმა გელა ღონღაძემ სახლის ასაშენებლად სესხი გამოიტანა და ხის მასალა თბილისში შეიძინა, ჩამოტანა საფასურზე მეტი დაუჯდა.
„მასალა არასაკმარისი იყო, სახლი ვერ დავასრულე. თანხა აღარ მაქვს, რომ კიდევ შევიძინო. ტყეში რომ მოვჭრა, დამიჭერენ. თუნუქის ფირფიტები კი ძალიან ძვირია. ღობეები მოსაწესრიგებელი გვაქვს და ტყით ვერ ვსარგებლობთ, რა ვქნათ?! – წუხს გელა ღონღაძე.
მერიის ყველა შესაბამის სამსახურს მოსვენებას დავუკარგავ მანამ, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება
ზვარე-წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე ამბობს, რომ მის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მაღალმთიანი სოფლების პრობლემებს კარგად იცნობს.
„გოლათუბნის ზედა უბანში გზა მძიმე მდგომარეობაშია, მოსაწესრიგებელია წყლის სათავე. რამდენიმე ოჯახი, რომელიც სოფელში 6 თვეზე მეტია, ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
სოფლის რწმუნებულთან ერთად ყველა სოფელს მოვივლი; ამოვწერ ყველა პრობლემას, რაც მოსახლეობას აწუხებს არა მხოლოდ გოლათუბანში, არამდე ზვარე-წიფის თემში და მერიის ყველა შესაბამის სამსახურს მოსვენებას დავუკარგავ მანამ, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება.
ამ სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა ტრანსპორტირებაა.
ახლახან ვესაუბრეთ რკინიგზის ხელმძღვანელობას, – შევთავაზეთ, რომ ან ერთი ვაგონი დაამატონ ხაშური-ზესტაფონის რკინიგზელების მატარებელს, რომ ხალხი ავიდეს, ან არსებულ მატარებელში უნდა აუშვან მგზავრები. გზის ინფრასტრუქტურა ამ მონაკვეთზე სრულიად მოშლილია და გადაადგილება, მითუმეტეს თოვლში, შეუძლებელია. მოსახლეობას ხელშეწყობა სჭირდება.
გოლათუბნის დაწყებითი სკოლა არ არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ჯერ კიდევ სამინისტროს ბალანსზეა. ვაპირებთ, მოსახლეობის სახელით შევადგინოთ საერთო მოთხოვნა, ყველა მოსახლე მომიწერს ხელს და შევეცდებით, ამ სკოლის შენობა სოფელს გადავცეთ. შემდეგ ვიფიქრებთ მის რეაბილიტაციაზე.
გოლათუბანში გზა მოწესრიგებულია, გარე განათებასაც ვაწყობთ. ვცდილობთ, ბიუჯეტის შესაბამისად, სოფლების ყველაზე დიდი პრობლემები მოვაგვაროთ. სხვა სოფლებსაც სჭირდება მისასვლელი გზა. ეტაპობრივად ყველას მივხედავთ“, – ამბობს ვახტანგ ტალახაძე.
პროდუქტებისა და წამლების შესაძენად რაიონურ ცენტრში გვიწევს ჩასვლა
გოლათუბნელების მსგავსი პრობლემები აწუხებს მოსახლეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბერეთისაში.
ქვედა ბერეთისაში მცხოვრები გრიგოლ კვიჟინაძე ამბობს, რომ დასამთავრებელია სოფლის ცენტრალური გზა და მოსაწესრიგებელია საუბნო გზები. არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყლის პრობლემაც გარკვეულ უბნებს, განსაკუთრებით ზაფხულში, ძალიან აწუხებთ. ტრანსპორტი კი მოსახლეობას რეგულარულად არ ემსახურება.
„ქვედა ბერეთისიდან ჭიათურამდე მანძილი დაახლოებით 17-18 კილომეტრია. თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავს, ტაქსით უნდა იმგზავრო. სოფელში ბაზარი და აფთიაქი არ არის. შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა და წამლების შესაძენად ჭიათურაში ჩასვლა გჭირდება. ტაქსი 25-30 ლარს ითხოვს. სოფელში, ძირითადად, პენსიონერები ცხოვრობენ და ამხელა თანხის გადახდას რომელი მათგანი შეძლებს?! ტყეში მერქნის მოსაპოვებლად შესვლის ნებართვა არ გვაქვს. ცულით ხელში რომ დაგინახონ, დაგაჯარიმებენ. 1000 ლარი სჭირდება 8 კბმ შეშის შეძენას.
ჩვენს სოფელში მდინარე დუმალა ჩამოედინება, სადაც სილის მოპოვება შეიძლება, მაგრამ სილით სარგებლობის უფლებას არ გვაძლევენ და გვაჯარიმებენ, – ამბობს გრიგოლ კვიჟინაძე.
სოფელ გეზრულში მცხოვრები თეა ცუცქირიძე ამბობს, რომ ახლომდებარე სოფლებს – ტყემლოვანას, მანდაეთსა და ჩხირაულს მაღალმთიანის სტატუსები უკვე აქვს. თუმცა, გეზრულისთვის ეს სტატუსი ვერ მიენიჭა. მოსახლეობამ რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. გეზრულის მოსახლეობის 90% ქალაქში წავიდა. სოფელში მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. მათ მეტი ყურადღება სჭირდება. სოფელს არ ემსახურება ტრანსპორტი, მოუწესრიგებელია გზა და არ არის ბუნებრივი აირი.
„ქვედა ბერეთისამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის საკითხებში დავით ბიწაძე, – ამ სოფელში გასულ წელს 4 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოეწყო, სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება, დაგეგმილია საუბნო გზების მოწესრიგებაც. მოსახლეობას კერძო ტრანსპორტი ემსახურება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რეგულარულად. სოფლების გაზიფიცირებას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. გადაცემული გვაქვს სოფლების სია, რომლებშიც გაზიფიცირება აუცილებელია. გასულ წელს ჭიათურაში ექვსი სოფელი გაზიფიცირდა. ბერეთისაში ბუნებრივი აირის მოსაყვანად საჭიროა, ამ სოფლამდე მაგისტრალი მივიდეს, რაც საკმაოდ რთულია. ბერეთისა ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს“.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში რიგი პრობლემები მოგვარებულია, აქ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია, სოფლამდე მისასვლელი გზები მოწესრიგებულია და მოსახლეობას ტრანსპორტიც ყოველდღიურად ემსახურება.
მაღალმთიან სოფელ ჭალოვანის ამბულატორიის ექიმი ჯიმშერ ტაბატაძე ამბობს, რომ სოფლის უმთავრესი პრობლემა ინტერნეტია.
„სამსახურის გამო ინტერნეტი ძალიან მჭირდება, ამბულატორიის კომპიუტერს ვერ ვამუშავებ. საბუთების გასაგზავნად საჩხერეში ჩავდივარ, არც ერთი ინტერნეტპროვაიდერი ჭალოვანში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სოფელია. სხვა პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებულია, მიწა ყველას აქვს, თუმცა მასზე მუშაობა არავის უნდა. გაზი გვაქვს, შეშას ვყიდულობთ, მაღაზიები ადგილზეა და ტრანსპორტიც გვემსახურება“, – ამბობს ჯიმშერ ტაბატაძე.
თამთა გოგოლაძე
მასალის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი