ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს, 7 იანვარს, საზეიმო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აღავლინა.

წირვის დასასრულს მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს.

გთავაზობთ მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) საშობაო ეპისტოლეს ეპარქიისადმი:

„ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას“ (ინ. 3:16).

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!

ქრისტე იშვა!

უფლის მადლითა და შეწევნით, კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, რომ მივახლებოდით მაცხოვრის შობას და ერთობლივად გვეზეიმა ეს დიდებული დღესასწაული.

მიილია 2021 წელი და შევაბიჯეთ ახალ, 2022 წელში.

ჩვენს ირგვლივ კვლავ სუფევს COVID-19-ის თანმდევი დაძაბულობა, შიში, სასოწარკვეთილება და გაურკვევლობა. ადამიანმა, რომელმაც შეძლო შეექმნა ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიები, შეემუშავებინა მარსის კოლონიზაციის გეგმები და შეჭიდებოდა აქამდე იდუმალი საიდუმლოებების ამოხსნას, ჯერაც ვერ შეძლო ამ უხილავი ვირუსის დამარცხება.

ჩვენ, მორწმუნეები, ყველანაირად უნდა შევეცადოთ სამეცნიერო მიღწევების გამოყენებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყოველივეს იქით არსებობს პიროვნული ღმერთი, რომელმაც საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოავლინა, რათა ჩვენ, – ამპარტავნების, გულცივობის, შურისა და ბოროტების ტყვეობაში მყოფი ადამიანები ცოდვისაგან გამოვხსნილიყავით.

სწორედ ამ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ ახლა და ვგალობთ – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

დარწმუნებული ვარ, წინა წელმა მრავალ თქვენგანს გამოსტაცა ხელიდან საყვარელი ადამიანი, მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნაცნობი, რაც ძალიან გვირთულებს შობის სიხარულის გააზრებას. ამ ყოველივეს ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მყოფობა მიწიერი სამყაროთი არ შემოიზღუდება.

ამსოფლიურობის მიღმა მარადიულობაც არსებობს, რომელშიც ადრე თუ გვიან ყველანი გადავინაცვლებთ. ჩვენი შობით სწორედ რომ მარადიულობაში გადასვლისათვის მზადება იწყება და უფალს შევთხოვოთ, რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ პროცესს.

ახლა ტაძარში ვეგებებით შობის დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთაებრივი ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ჩვენ ერთმანეთისადმი ამ სიხარულის გაზიარებით ვიქნებით დაკავებულები, იქნებიან ადამიანები – სამედიცინო, ძალოვანი თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის თმობენ საკუთარი კომფორტის ზონას და სამსახურეობრივ მოვალეობებს აღასრულებენ. ბეთლემის ბაგაში შობილმა ქრისტემ შეიწიროს მათი ღვაწლი და შეეწიოს მათ.

მოგეხსენებათ, მრავალგვარი ცილისწამებისა და უსამართლობის მოწმენი ვართ ყოველდღიურად. ხშირად, ეს ყოველივე ისეთი ამაზრზენი ფორმითა თუ მიდგომებით ხორციელდება, რომ თავის შეკავება ძალიან რთულია.

ამ დროს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თვით განკაცებული ღმერთი – იესო ქრისტეც კი ხშირად გამხდარა ამგვარი ცილისწამების მსხვერპლი, მაგრამ ყოველთვის სიმშვიდით, სულგრძელებითა და სიყვარულით პასუხობდა მათ. შობის ღამეს, განსაკუთრებულად გთხოვთ, რომ მიუტევოთ თქვენს გვერდით მყოფთ, არ ჩაიდოთ გულში მათდამი ბრაზი და შეეცადეთ, ლოცვითა თუ კეთილი საქმეებით აუხილოთ მათ თვალნი.

ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით მინდა დავლოცო ის ავადმყოფები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან. შევთხოვ უფალს, რომ განამტკიცოს, აჯანმრთელოს და გააძლიეროს ისინი და მისი მეოხებით მალე დაბრუნებოდნენ საყვარელ ოჯახებსა თუ ახლობლებს.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, დაე გავუმზადოთ ჩვენი გულები ქრისტეს, რათა მათში იშვას და დაივანოს განკაცებულმა სიყვარულმა!

თქვენთვის მლოცველი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

შობა ქრისტესი 2022
ხარაგაული