2022 წლის იანვრიდან მერიასა და საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასების მატება იგეგმება.

ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 დეკემბრის სხდომაზე მიიღებს.

დადგენილების პროექტის მიხედვით,

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 5 062 ლარი გახდება;
  • მერის პირველი მოადგილის – 3 850 ლარი;
  • მერის მოადგილის – 3 520 ლარი;
  • მერიის სამსახურის უფროსების – 2 530 ლარი,
  • განყოფილების გამგის – 1 980 ლარი;
  • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 320 ლარი;
  • მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 210 ლარი;
  • მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 990 ლარი;
  • პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 880 ლარი;
  • მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 860 ლარი;
  • მესამე კატეგროიის უმცროსი სპეციალისტის – 800 ლარი.
  • ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ხელფასი 1 500 ლარი გახდება;
  • წარმომადგენლების ასისტენტის – 800 ლარი.

ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2 650 ლარია, მისი პირველი მოადგილის – 1 700 ლარი, მოადგილის – 1 600 ლარი, მერიის სამსახურების უფროსის  – 1 500 ლარი, განყოფილების გამგის – 1 200 ლარი; მერის წარმომადგენელის – 1 100 ლარი, წარმომადგენლების ასისტენტის – 500 ლარი.

  • 2022 წლის იანვრიდან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4 510 ლარი გახდება;
  • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის – 3 410 ლარი;
  • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების – 2 970 ლარი;
  • კომისიის თავმჯდომარეების – 2 420 ლარი;
  • ფრაქციის თავმჯდომარეების – 2 200 ლარი;
  • ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების – 1 760 ლარი;
  • საკრებულოს აპარატის უფროსის – 2 200 ლარი;
  • მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 210 ლარი;
  • მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 990 ლარი.

ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარია. მისი პირველი მოადგილის – 1 800 ლარი, მოადგილეების – 1 700 ლარი. საკრებულოში მოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება 1 650 ლარია. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების – 1 100 ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა მომატებული ხელფასებისთვის 519,2 ლარია საჭირო, ხოლო 400,0 ლარი – თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ების თანამშრომელთა ხელფასების ზრდისთვის.

„2022 წელს ეს თანხა მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება 2021 წელს ქონების გადასახადში დაუგეგმავად მიღებული შემოსავლიდან, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ეს გახლავთ შემოსავალი იმ კომპანიებიდან, რომლებიც ხარაგაულის ტერიტორიაზე საქმიანობენ.

ამ დამატებითი შემოსავლის შესახებ 2021 წლის დასაწყისში ინფორმაცია არ გვქონდა. ეს ახალი ფინანსური ნაკადი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გავზარდოთ ხელფასები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულია.“