ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 150 ათასი ლარი ორი ავტომანქანის შესაძენად გამოყო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის მოწვევის საკრებულომ უფლებამოსილების დასასრულს, ბოლო სხდომაზე, დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ მიიღო.
ავტომანქანების შესაძენად საბიუჯეტო ცვლილება, სხვა საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად, 22 ნოემბერს მოწვეულ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე არ განუხილავთ.
ავტომობილებისთვის თანხის გამოსაყოფად 24 ნოემბერს სასწრაფოდ მოიწვიეს ბიუროს სხდომა, ორი დღის წინ უკვე დამტკიცებულ სხვა საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად რომ განეხილათ, იმავე დღეს, საკრებულოს სხდომაზე.
ამ სიჩქარეში არც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე მოესწრო ინფორმაციის გამოქვეყნება და ვერც თავად ბიუროს წევრებმა მოასწრეს ინფორმაციის მიღება-გაცნობა.
„ბიუროს რიგგარეშე სხდომა შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე დაიწყო. ამიტომ ვერც ბიუროს და ვერც საკრებულოს სხდომაზე მოსვლა ვერ შევძელი, – ამბობს საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – საკრებულოს აპარატში მითხრეს, რომ შენობაში ინტერნეტი არ ჰქონდათ და ამიტომ დროულად ვერც დოკუმენტაციას გავეცანი.
ამ საყოველთაო პანდემიისა და კრიზისის პირობებში რა დროს ახალი ავტომობილების შეძენაა?!“
ავტომობილების შეძენის შესახებ არც საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი იყო ინფორმირებული.
რატომ გახდა საჭირო ორი დღის წინ ბიუროს სხდომაზე დამტკიცებულ საბიუჯეტო ცვლილებებში ავტომანქანების შესაძენი 150 ათასი ლარის დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ ჩამატება; თუ ავტომობილების შეძენა მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რატომ არ განიხილეს ეს საკითხიც 22 ნოემბერს, დანარჩენ საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად, – ამის გასარკვევად საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს მივმართეთ.
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 22 ნოემბერს მერიას ავტომანქანების შესაძენად საბიუჯეტო ცვლილება მომზადებული არ ჰქონდა. 23 ნოემბერი დასვენების დღე იყო და ამიტომ 24 ნოემბერს დილით მოიწვიეს რიგგარეშე ბიურო.
საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მერიას 22 ნოემბერს მზად ვერ ექნებოდა, რადგან მანანა ბარბაქაძემ ხარაგაულის მერს საკრებულოსთვის ავტომანქანის შეძენის მოთხოვნით 24 ნოემბერს მიმართა.
მერიის მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროებათ ახალი ავტომობილების შეძენა, ვინაიდან ავტომობილები, რომლებიც ამჟამად არის ექსპლუატაციაში, ამორტიზირებულია და მათ მოვლაზე, შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე, უკვე რამდენიმე წელია, ყოველწლიურად დიდი ოდენობით თანხა იხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 150 ათასი ლარი ღირებულების ორი ავტომობილის შეძენას აპირებს შემდეგი თანხებით:
75 ათასი ლარით საკრებულოსთვის, ხოლო 75 ათასი ლარით მერიისთვის უნდა შეიძინონ ავტომობილები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი