ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკიდურესად შეჭირვებული მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების გამოკვება მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ „სათნოების სახლის“ ვალდებულებაა.

„სათნოების სახლი“ ბენეფიციარებს კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთჯერადად საკვებს უმზადებს.

„სათნოების სახლის“ დაფინანსება 2021 წელს ადგილობრივი ბუჯეტიდან 107 ათასი ლარით განისაზღვრა. ამ თანხიდან 55 200 ლარი ცხრა თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებაა. დანარჩენი თანხა ბენეფიციართა კვებისა და კომუნალური ხარჯებისთვის დაიგეგმა.

ამ წლის განმავლობაში „სათნოების სახლის“ დაფინანსება 8 ათასი ლარით გაიზარდა და 115 ათასი ლარი შეადგინა. თანხის დამატების მიზეზი, ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან მოპოვებული ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა, კოვიდინფიცირებული ოჯახებისთვის საკვების შეძენა და ბინაზე მიწოდებაა.

დაბა ხარაგაულში მცხოვრები მაია დეკანოსიძის ოჯახის ერთი წევრი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარია.

„კარგი საჭმელებია, გემრიელი და ხარისხიანი, – ამბობს მაია დეკანოსიძე, – ჩემმა შვილმა თევზი და ხორცი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს. „სათნოების სახლში“ კი ხორციანი და თევზიანი საჭმელი კვირაში მხოლოდ ერთხელ მზადდება“.

ხარაგაულის სათნოების სახლმა წელს ელექტრონული ტენდერით 34 534 ლარის სხვადასხვა საკვები პროდუქტები შეიძინა.

კერძოდ,  შპს „ცოტნე დეველოპმენტისგან“ 7 900 ლარის 480 კგ კომბოსტო, 700 კგ კარტოფილი, 50 კგ ნიორი, 400 კგ ხახვი, 35 კგ ვაშლი, 35 კგ მანდარინი, 760 კგ ლობიო, 55 კგ სტაფილო, 55 კგ ჭარხალი, 35კგ კიტრი, 35 კგ პომიდორი, 35 კგ ატამი შეიძინა;

შპს-სგან „ბურჯი+“ – 11 226 ლარის 250 კგ საქონლის ხორცი, 480 კგ ქათმის ხორცი (მკერდი), 130 კგ ქათმის ხორცი (ფილე);

ინდმეწარმე „თინათინ ღონღაძესგან“ – 15 856 ლარის 300 კგ მაკარონი, 150 კგ მარილი, 370 კგ შაქარი, 7 400 კგ პური, 30 კგ ღვეზელი, 3 კგ წიწაკა, 55 კგ ტკბილი ნამცხვარი, 35 კგ შოკოლადი, 35 კგ ტკბილეული ნამცხვარი.

„სათნოების სახლს“ ერთ პირთან მოლაპარაკების გზითაც აქვს შეძენილი საკვები პროდუქტები, საკანცელარიო ნივთები, საკვებისთვის კონტეინერები, სამედიცინო ინვენტარი და სკუტერი. გამარტივებული შესყიდვებით, 18 832 ლარია დახარჯული.

ინდმეწარმეებისგან „ვიტალი ხარაძე“, „თინათინ ღონღაძე“, „მარინე გოგია“  წელს 14 052 ლარის საკვები პროდუქტებია შეძენილი;

ფ/პ „მარიამ ერისთავისგან“ 2 000 ლარად სკუტერი შეიძინეს;

2 477 ლარია გადახდილი საკვების კონტეინერებსა და სამზარეულოს აქსესუარებში, რომლებიც შეძენილია ინდმეწარმეებისგან – „ზვიადი ორჯონიკიძე“, „თეიმურაზ გოჩაშვილი“, „გიორგი მღებრიშვილი“;

218 ლარის საკანცელარიო ნივთებია შეძენილი ინდმეწარმეებისგან „ნუგზარ მუხურაძე“, „თამუნა ჭიპაშვილი“;

40 ლარი „სათნოების სახლმა“ საოფისე ტექნიკის შეკეთებაში ი/მ „ჯაბა ფცქილაძეს“ გადაუხადა;

45 ლარად შეძენილია წნევის აპარატი ი/მ „თამუნა ჭიპაშვილისგან“.

წელს „სათნოების სახლმა“ 750 ლარი ღირებულების საწვავი „სოკარ ჯორჯიასგან“ შეისყიდა.

„სათნოების სახლის“ დირექტორი გიორგი ჩიჩილიძე ამბობს, რომ „მუნიციალიტეტის მასშტაბით 105 ბენეფიციარს ემსახურებიან; გასულ, 2020 წელთან შედარებით 32-ით მეტს.

ბაზალეთში, ისლარსა და საღანძილეში კვირაში ორჯერ გამზადებულ საჭმელს სულ 32 ადამიანი იღებს. სკუტერი სოფლებსა და დაბა ხარაგაულში საკვების ადგილზე მისატანად შევიძინეთ.

რამდენიმე ბენეფიციარის ოჯახში კორონავირუსით დაავადდნენ და ამიტომ საკვები მათთანაც სახლში მიგვაქვს. პანდემიამდე ჩვენ ათ ბენეფიციარს საკვებს ისედაც სახლში ვაწვდიდით, რადგან მათ გადადგილება არ შეუძლიათ“, – ამბობს გიორგი ჩიჩილიძე.

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, უპოვართა კვება ტენდერით უნდა განიკარგოს, რათა უკეთესი ხარისხის მომსახურება უფრო იაფად მივიღოთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას, ამ რეკომენდაციის მიუხედავად, ამ დრომდე „სათნოების სახლის“ ფუნქციონერებაში არაფერი შეუცვლია.

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ხარაგაულის თვითმმართველობაში სიახლეების ეშინიათ და ტენდერით უპოვართა კვების მომსახურების შესახებ მსჯელობას გაურბიან.

„ჩემი კოლეგები ფიქრობენ, რომ „სათნოების სახლში“ დასაქმებულები უსამსახუროდ დარჩებიან. საერთოდ არ გვიმსჯელია ამ საკითხებზე და რა ვიცით, რა და როგორ მოხდება, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – სატენდერო პირობები თვითმმართველობამ უნდა განსაზღვროს.

უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ ოჯახში ერთი წევრი იღებს საკვებს. მენიუ უნდა გამრავალფეროვნდეს.

პანდემიის პირობებში, როცა ბენეფიციარების ნაწილს საკვები სახლში მიეწოდება, ხოლო ნაწილი მხოლოდ შენობასთან მიდის საჭმლის წასაღებად, „სათნოების სახლში“ ექთნის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბენეფიციარები ადგილზე თითქმის არ იკვებებიან.

კარგი იქნება, თუ „სათნოების სახლის“ მომსახურება ზონალურად გავრცელდება – მოლითში, კიცხში, ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებში შეჭირვეებულმა ოჯახებმა ცხელი საჭმელი ადგილზე რომ მიიღონ“.

ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ სათნოების სახლის მომსახურება უნდა ვრცელდებოდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა იმ პირზე, ვისაც ეს ეკუთვნის და არა მხოლოდ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სამი სოფლის მაცხოვრებლებზე.

მისი თქმით, ამ მომსახურების ტენდერით შეძენა უკეთეს შედეგებს მოგვიტანს.

ერთ-ერთი ადგილობრივი მეწარმე ძალიან კარგად უძღვება ხარაგაულში ყოველდღე სამჯერადად 32 კოვიდინფიცირებულის კვებას, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ვფიქრობ, სათნოების სახლის მომსახურების ტენდერზე გატანით გაცილებით იაფად ხარისხიან მომსახურებას მივიღებთ. სოციალური დაცვის მიმართულებით ხარაგაულში ბევრი რამაა გასაკეთებელი, – აუცილებელია სოციალური სახლის შექმნა.

„2022 წლისთვის „სათნოების სახლის“ დაფინანსების ფორმა არ იცვლება, – ამბობს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – პანდემიის გამო ამ მომსახურების ტენდერზე გატანას ვერ ვგეგმავთ, შესაძლოა, ტენდერი არ შედგეს“.

შეისწავლეს თუ არა პოტენციური მომწოდებლების ბაზა, იმსჯელეს თუ არა მერიაში უპოვართა კვების გაუმჯობესებასა და მომსახურების არეალის გაზრდაზე, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს, რომ „წლებია, ეს საქმე ასე მოდის. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წარვუდგინეთ და მათგან შენიშვნებს ყურადღებით დაველოდებით“.

ნინო კაპანაძე