საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ლიკა წვერავამ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსში საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ.

ლიკა წვერავა აკადემიური დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის მკვლევარია. პარალელურად ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს.

ლიკას ხიდრის საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული. აქ მიღებული ცოდნა მას შემდგომი წარმატებების მიღწევაში ძალიან დაეხმარა.

„შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის მიღება ჩემთვის დიდი სიხარული იყო, – ამბობს ლიკა წვერავა, – დამიფასდა ის მცირედი, რაც აქამდე მიკეთებია.

ჩემი განაცხადი 30 საკონსკურსო ნამუშევარს შორის შეირჩა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სკოლიდანვე მიზიდავდა. ბიოლოგია და ქიმია ჩემი საყვარელი საგნები იყო. ეს ჩემი მასწავლებლის, ხიდრის სკოლის დირექტორის, ქალბატონი ეთერი პაპავას დიდი დამსახურებაა.

თავდაპირველად სწავლის გაგრძელებას სამედიცინო ფაკულტეტზე ვგეგმავდი. შემდეგ ეს გადაწყვეტილება შევცვალე და არც ვნანობ.

ბაკალავრიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგიკის სპეციალობით გავაგრძელე.

სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში ინფორმაცია მოგვაწოდეს ეპილეფსიურ მოდელებთან დაკავშირებით. ამ კვლევამ დამაინტერესა. გადავწყვიტე სამეცნიერო სფეროში მომესინჯა ძალები და მაგისტრატურა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით გავაგრძელე“.

ლიკას მიღწეული შედეგით დაკმაყოფილება არასდროს უფიქრია. მან 2019 წელს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო.

სწავლის პერიოდში ბევრი წარმატება ჰქონდა. მისი კვლევა წარდგენილი იყო წინანდლის პრემიაზე, სადაც სამ ნომინანტს შორის მოხვდა.

აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებსა და განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ გამოფენებში.

„ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი კიბესავით იყო. საფეხურებზე როცა ავდიოდი, უკან ნაბიჯს არასდროს ვდგამდი. ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ მქონია და წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობდი.

ის კვლევები, რომლებსაც მე ვაკეთებ, შეიძლება ვიღაცას გამოადგეს. ჩემს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ადამიანები გაეცნობიან და სავსებით შესაძლებელია, მომავალში ეპილეფსიასთან დაკავშირებით სხვა უკეთეს კვლევას ჩაეყაროს საფუძველი.

ახალგაზრდა მეცნიერებს ვეტყვი, რომ არასდროს  გაჩერდნენ. უკან არასდროს გაიხედონ. მეცნიერება ისეთი რამაა, რომ სულ ახლის ძიებაში უნდა იყო“.

წელს ლიკას წარმატება მხოლოდ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით არ ამოწურულა. ის მონაწილეობდა ლინდაუს ნობელის პრემიის ლაურეატების 70-ე შეხვედრაში. ამისათვის მან რამდენიმე შესარჩევი ეტაპი გაიარა.

ამ ღონისძიებას საფუძველი 1951 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი ნობელის პრემიის ლაურეატებისა და მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდა მეცნიერების დაკავშირება, შეხედულებებისა და იდეების გაზიარებაა.

წელს ეს შეხვედრა დისტანციურად გაიმართა და მასში საქართველოდან მხოლოდ ორი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ერთ-ერთი ლიკა წევრავა იყო.

ლიკას ბევრი გეგმა აქვს. ის ელოდება ახალგაზრდა მეცნიერის კვლევის გრანტის პროექტს. იმედოვნებს, რომ დაუფინანსებენ, თუ არადა, სხვა პროექტებზე დაიწყებს ფიქრს.

ლიკა ხიჯაკაძე