დღეს, 27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერების შეკრებას 17:00 საათისთვის აპირებს.

ამ აქციაზე დედაქალაქში ხარაგაულიდანაც მიემგზავრებიან.

დავინტერესდით, რამდენი ადამიანი მიდის ხარაგაულიდან აქციაზე და რა მიზნით; მათ შორის რამდენია საჯარო მოხელე; კორონავირუსის პანდემიის პირობებში რამდენადაა მათი უსაფრთხოება დაცული, – აქციაზე გამგზავრებული ადამიანები არიან თუ არა აცრილები ან გატესტილები.

პარტია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ამ პარტიის ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან „ქართული ოცნების“ აქციაზე მისი ორგანიზებით ასი ახალგაზრდა მიემგზავრება.

„მე არ ვიცი, მთლიანად ხარაგაულიდან აქციაზე რამდენი ადამიანი მიემგზავრება, პასუხისმგებელი მხოლოდ ახალგაზრდების მობილიზებაზე ვარ, – ამბობს ოთარ ლურსმანაშვილი, – ეს ახალგაზრდები ხარაგაულის სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლები არიან. შესაძლოა, ზოგი მათგანი საჯარო სამსახურშიც მუშაობს. ამ შემთხვევაში ერთდღიანი შვებულება ექნებათ დაწერილი.

ჩვენი მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია „ქართული ოცნებისგან“ დაანონსებულ შემაჯამებელ ღონისძიებას შევუერთდეთ.

აქციაზე წამსვლელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით – არ ვიცი, კორონავირუსზე აცრილები არიან თუ არა. ტრანსპორტში ჩასხდომამდე ყველას ვუზომავთ ტემპერატურას, გვაქვს პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. შეძლებისდაგვარად დავიცავთ დისტანციას“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხარაგაულში არ იმართება. 2 ოქტომბერს ამომრჩეველმა ხარაგაულის მერი და საკრებულო პირველ ტურში აირჩია. 16 ოქტომბერს კი ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა.

მხარდამჭერების აქცია თბილისში 14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა. ამ პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თორნიკე ავალიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ხარაგაულიდან 200 მხარდამჭერი წაიყვანეს.