სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge  მიმდინარე წლის 8 ოქტომბერიდან  31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

მარტივი მზის გამათბობელი და  მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას  (sSWH/sSAH), სადაც  სააგენტოს მიერ  დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს  1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების  არანაკლებ 10% – ით;

ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% – ით;

შენობის  თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის  მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა  მთლიანი ღირებულების არანაკლებ  30% -ით; შენობის

სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების  არანაკლებ 40% -ით.