#48.06 ხუნევის საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, პროვოკაცია მოუწყვეს.
ამ ოლქში შემავალ სამ საარჩევნო უბანში – ვერტყვიჭალაში, გედსამანიასა და ხუნევში პარტია „მესამე ძალისგან“ წარდგენილ კომისიის წევრებს კომისიის დატოვება მათთვის უცნობმა პირმა მოსთხოვა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მას 27 სექტემბერს გვიან ღამით ხუნევის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ უნდა დაეტოვებინა მას კომისია.
„ანალოგიური შეკითხვით „მესამე ძალისგან“ წარდგენილი ვერტყვიჭალისა და გედსამანიის საუბნო კომისიის წევრები დამიკავშირდნენ, – ამბობს გია ცისკაძე, – მათ მაშინვე განვუმარტე, რომ პარტიის მიერ წარდგენილი წევრის საუბნო საარჩევნო კომისიიდან გაწვევის ვადა 12 სექტემბერს ამოიწურა. ამიტომ მათ საქმიანობა ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ.
საკითხის მოსაკვლევად მეორე დღეს კომისიის წევრებთან გავაგზავნე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი, რომელმაც კომისიის წევრებს ახსნა-განმარტება დააწერინა“.
ირკვევა, რომ „მესამე ძალისგან“ წარდგენილ კომისიის წევრებთან 27 სექტემბერს ღამის ათი საათის შემდეგ ვინმე მამუკა ვეფხვაძე მივიდა და უთხრა, რომ პარტიის შტაბის გადაწყვეტილებით, მათ საუბნო კომისია უნდა დატოვონ. მან კომისიის წევრებს ხელი მოაწერინა წინასწარ გამზადებულ განცხადებებზე, სადაც კომისიის დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდებოდა.
„ჩემგან უარის მიღების შემდეგ პირმა, რომელიც მამუკა ვეფხვაძედ გამეცნო, მითხრა, – ამ სოფელში ხომ უნდა იცხოვროო“, – ვკითხულობთ კომისიის ერთ-ერთი წევრის ახსნა-განმარტებაში.
„საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა ეს ფაქტი ზეწოლად არ ჩათვალა, – ამბობს გია ცისკაძე, – თუმცა ამ საკითხის შესწავლა ცესკოს იურისტებისგან გაგრძელდება. დავადგენთ, რა სახის დარღვევევასთან გვაქვს საქმე და ვინ არის მამუკა ვეფხვაძე.
„მესამე ძალის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ ხუნევის საარჩევნო ოლქში მომხდარის შესახებ არაფერი იცის და არც მამუკა ვეფხვაძეს იცნობს. ის ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი