ამომრჩევლებს ზემო იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე) მერობის კანდიდატების ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

ქონებრივ დეკლარაციას თანამდებობის პირი საჯარო მოხელეები ავსებენ.

თანამდებობების ჩამონათვალს, რომელზე მყოფი პირებისთვისაც  დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, ადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე – 2 მუხლი და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის  #178 დადგენილება.

„ქართული ოცნებიდან“ ზემო იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, ხარაგაულსა და ჭიათურაში, კენჭს მოქმედი მერები კობა ლურსმანაშვილი და გივი მოდებაძე იყრიან.

საჩხერის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ამჟამად ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილია. ის ამ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩიეს.

ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 26 აპრილს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, კობა ლურსმანაშვილი ფლობს ხარაგაულში, სოფელ თეთრაწყაროში 6026 კვ.მ მიწის ფართობს, 2017 წელს 26 500 ლარად შეძენილ 68, 3 კვმ ფართის ბინას ხარაგაულში.

მისი მეუღლის, თამარ ხუციშვილის საკუთრებაშია 2001 წელს 16 000 დოლარად შეძენილი 120 კვმ ფართის ბინა თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე.

დეკლარაციის შევსებისას კობა ლურსმანაშვილს „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 3000 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 580 ლარი.

მის მეუღლე თამარ ხუციშვილს „საქართველოს ბანკში“ ორი ანაბარი აქვს. დეკლარაციის შევსებისას ერთ ანაბარზე 3900 ლარი, მეორეზე 14 684 ლარი ერიცხებოდა.

კობა ლურსმანაშვილი ნაღდი ფულის სახით 12 000  ლარს ფლობს. ეს თანხა, დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის დანაზოგია. თამარ ხუციშვილი კი ნაღდი ფულის სახით, მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან, 13 000 დოლარს.

კობა ლურსმანაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 2020 წელს ხელფასის სახით 54 113 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ჭიათურაში, სოფელ ჭილოვანში. 2013 წლიდან მის საკუთრებაშია 1 500 კვმ მიწის ფართობი,  2019 წელს კი 600 კვმ მიწის ნაკვეთი 500 ლარად ამავე სოფელში იყიდა.

გივი მოდებაძემ 2019 წელს 110 000 ლარად თბილისში, სოფელ დიღომში 46 კვმ ფართის ბინა შეიძინა. მის საკუთრებაშია 55 კვმ ფართის სახლი სოფელ ჭილოვანში. 2007 წელს მან ჭიათურაში, თავისუფლების ქუჩაზე საჩუქრად 92,5 კვმ ფართის ბინა მიიღო.

დეკლარაციის შევსებისას გივი მოდებაძეს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2335,65 ლარი ერიცხებოდა, მის მეუღლეს, ნინო ბუთხუზს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 503,21 ლარი.

გივი მოდებაძემ 2020 წელს ჭიათურის მერის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 27642,68 ლარი მიიღო.

მისმა მეუღლე ნინო ბუთხუზმა, რომელიც ჭიათურის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ შემოქმედებითი ცენტრის მუზეუმის ფილიალების კოორდინატორია 2020 წელს ხელფასის სახით 7527,2 ლარი მიიღო.

2019 წელს გივი მოდებაძემ „საქართველოს ბანკში“ აიღო სესხი 110 000 ლარი.

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი 2020 წლის 24 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში 913 კვმ მიწის ნაკვეთს ფლობს. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში, ვაშლიჯვარში, 461 კვ.მ მიწის ფართობი და ამავე დასახლებაში 114 კვმ ფართის საცხოვრებელი სახლი.

ლევან ივანაშვილი ფლლობს 2008 წელს 9 200 დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტომანქანას suzuki grand vitara sou- 081.

ლევან ივანაშვილს დეკლარაციის შევსებისას „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 750 ლარი ერიცხებოდა, მის მეუღლე ხათუნა ნადირაძეს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 1937 ლარი. ამავე ბანკში ხათუნა ნადირაძეს დეპოზიტზე 4952 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხათუნა ნადირაძეს, საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების მედდას, 2019 წელს ხელფასი არ მიუღია.

ლევან ივანაშვილმა კი 2019 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით 29752,8 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაცია ზესტაფონის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაქარ ხიჯაკაძემ  2020 წლის იანვარში შეავსო, რადგან ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

ამ დეკლარაციის მიხედვით, ბაქარ ხიჯაკაძე 50%-იან წილს ფლობს: ქალაქ თბილისში 89 კვ.მ. ფართის ბინაში, ზესტაფონში ორ  საცხოვრებელ სახლში,  ხარაგაულში, სოფელ ვარძიის საცხოვრებელ სახლში. ის ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს ზესტაფონში, ხარაგაულსა და ბაკურიანში; მემკვიდრეობით მიღებულ საფუტკრე და თხილის მეურნეობებს.

ხარაგაულის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ ვარლამ თავაზარაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის სექტემბერში შეასვო. ის იმდროს უკვე   ხარაგაულის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას აღარ იკავებდა.

ვარლამ თავზარაშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 180 კვმ ფართის სახლს სოფელ თეთრაწყაროში და 5000 კვმ მიწას ამავე სოფელში.

2017 წელს მან, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხელფასის სახით 17521,42 ლარი მიიღო. 2017 წელს მან ოთხჯერ აიღო სამომცხმარებლო სესხი – ორჯერ „საქართველოს ბანკიდან“ – 13 522 ლარი, ორჯერ „ფინკა ბანკიდან“ – 3 600 ლარი.

2017 წელს მან სახლის კოსმეტიკური რემონტისთვის 8000 ლარი დახარჯა.

ხარაგაულის მერობის კანდიდატმა „ლელოდან“ მიხეილ ჭიპაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წელს შეავსო როგორც ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორმა. ის ფლობს 400 და 150 კვმ ფართის სახლებს ხარაგაულში, 9 პარილის ქუჩაზე და 1000 კვმ მიწის ნაკვეთს სოფელ ისლარში.

2014 წელს მან გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას ხელფასის სახით 4 800 ლარი მიიღო. ამავე წელს მან „ლიბერთი ბანკიდან“  4 400 ლარი სესხის სახით აიღო.