სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ გადაუცია.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 162-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს 2017 წლის იანვრამდე მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის გეგმა-გრაფიკი უნდა შეემუშავებინათ. ეს ვალდებულება ამ დრომდე შეუსრულებელია.
ამ პრობლემის გამო ფერმერები, რომელთაც სახელმწიფოსგან მიწის იჯარით აღება, ან აუქციონის წესით შეძენა სურთ, ზარალდებიან.
„ხუთი წელია, სახელმწიფომ საქონლის სადგომის ასაშენებელი მიწა ვერ მომყიდა“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ფერმერი ბეჟან ჭიპაშვილი, ხუთი წელია, სახელმწიფოსგან ამავე სოფელში არსებული ათასი კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვას ცდილობს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეს ტერიტორია საქონლის სადგომის ასაშენებლად სჭირდება. ამ მიწისთვის სტატუსის შეცვლას ხუთი წელი დასჭირდა.
თვენახევრის წინ ბეჟან ჭიპაშვილს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან უპასუხეს, რომ მისი საბუთები იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა. როდის გაიტანს სახელმწიფო ამ ნაკვეთს აუქციონზე, ჯერჯერობით, უცნობია.
„ექვსი პატარა ბოსელი მაქვს, სადაც 18 ძროხას ვწველი, – ამბობს ბეჟან ჭიპაშვილი, – ამ საქმეს ორი საათი მაინც ვუნდები. პირუტყვი ერთ სივრცეში რომ მეყოლება, საწველი აპარატით ნახევარ საათში მოვწველი; მერის წარმომადგენელმა ავთანდილ თაბუკაშვილმა ახალსოფლის მოსახლეობა გამოკითხა და ყველა თანახმაა, რომ სოფლიდან მოშორებულ ამ ტერიტორიაზე ფერმა ავაშენო.
ტელევიზორში რომ ვუსმენ, – სოფლის მეურნეობის გაძლიერებას ხელს ვუწყობთო, – სიმწრით მეცინება. ხუთი წელია, სახელმწიფომ საქონლის სადგომის ასაშენებელი მიწა ვერ მომყიდა. წლების წინ 50 სული პირუტყვი მყავდა, მაგრამ, სადგომის არქონის გამო, შევამცირე. ორი თანასოფლელი დავასაქმე. ხარაგაულში ყველს ვყიდი.
არჩევნებზე მიუსვლელობისთვის, ჯარიმაც რომ დააწესონ, გადავიხდი და არ მივალ. არც ერთ პოლიტიკურ პატიას არ ვენდობი“.
„სახელმწიფოსგან მიწების გადმოცემის პროცედურები გართულებულია“
ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ალავიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწების უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის.
მისი განმარტებით, როცა სახელმწიფო თავის საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისებას აპირებს, იმ კონკრეტულ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას ითხოვს.
„მოსახლეობის ინტერესი უპირატესია, – ამბობს მაია ალავიძე, – მაგალითად, სარგვეშისა და კიცხის მოსახლეობამ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისებაზე უარი უთხრა.
სახელმწიფოსგან მიწების გადმოცემის პროცედურები ძალიან გვირთულდება. თუ დიდი ფართობის მიწაა, ქონების მართვის სააგენტო დასაბუთებას ითხოვს, ის მიწა რისთვის გვჭირდება. თუ ვინმეს ბიზნესის წამოწყება სურს, ბიზნესგეგმისა და პროექტის წარდგენას გვავალდებულებს. შესაძლოა, მიწა არც ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გადმოგვცენ.
ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება თავადაა დაინტერესებული, რომ კონკრეტული მიწა თუ ქონება გაყიდოს, ან იჯარით გასცეს.
ახლა ხარაგაულში ქონების ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ხიდებს, ნაპირსამაგრებს, შენობებს, რომლებიც ამ მომენტისთვის არავის საკუთრებაშია, ადგილობრივი თვითმმართველობა ირეგისტრირებს“.
„ცენტრალური ხელისუფლება დეცენტრალიზაციას ამუხრუჭებს“
სარგვეშში მცხოვრებ დავით მაჭავარიანს 50 სული პირუტყვი ჰყავს. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვინც მის სოფელში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მიწის გასხვისების წინააღმდეგ წავიდა.
„სარგვეშისა და საბის საზღვარზე ერთადერთი საძოვარია, რომლითაც ამ სოფლების მოსახლეობა ვსარგებლობთ, – ამბობს დავით მაჭავარიანი, – ეს ტერიტორია აუცილებლად სოფლის საკუთრება უნდა იყოს, ადგილობრივ თვითმმართველობას გადმოეცეს და არ გაიყიდოს“.
კანონით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების გაყიდვა არ შეიძლება. პრობლემა ისაა, რომ ნაკვეთებს, რომელსაც ამა თუ იმ სოფელში მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, საძოვრის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში თენგიზ შერგელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ პრობლემას მთავრობა ხელოვნურად ქმნის, რადგან საძოვარს ვეღარ გაასხვისებს, ახლა კი მას, ფაქტობრივად, უკონტროლოდ ჰყიდის.
„პოლიტიკური ნების დეფიციტია და ამის გამო, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ქონების მართვის საკითხები ვერ გაიმიჯნა, – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი, – ცენტრალური ხელისუფლება ფიქრობს, რომ ქონებას თავად უკეთესად განკარგავს, ინვესტორებს შემოიყვანს და ა. შ.
სინამდვილეში, ეს დაკარგული შემოსავლებია იმიტომ, რომ ცენტრს ამ პატარ-პატარა მიწის ნაკვეთებისთვის არ სცალია, მუნიციპალიტეტი გასხვისებისას სიძნელეებს აწყდება.
თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე ეფექტურად შეძლებს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ქონების, მიწების განკარგვას. ეს, თავის მხრივ, მყარი ქონებრივი ბაზის ჩამოყალიბებას, მუნიციპალიტეტის ფინანსურ დამოუკიდებლობას და ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას წაადგება.
თვითმმართველობამ უნდა მოითხოვოს, რომ მიწებისა თუ სხვა ქონების გადაცემის საკითხი დაჩქარდეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ წერია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების გადაცემა მოითხოვოს.
უპირატესობა მას მიენიჭება. თუმცა, არც თვითმმართველობა აქტიურობს და არც ცენტრალური ხელისუფლება, რითაც დეცენტრალიზაციის პროცესი მუხრუჭდება“.
„გეკუთვნით, მაგრამ… არ გეკუთვნით“
დავინტერესდით, რატომ არ შეიმუშავეს ამ დრომდე იუსტიციის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის გეგმა-გრაფიკი.
ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ამ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ ეს საკითხები სამინისტროსგან შემუშავებული 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაშია მოცემული.
ამ დოკუმენტის მიხედვით, „გადაიხედება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, გადაცემის ფორმები და ვადები; გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები;
2025 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე შესაბამისი მუნიციპალიტეტი გახდება“.
თვითმმართველობამ ქონების გადმოცემა უნდა მოითხოვოს
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მუნიციპალიტეტისგან მიწებს უპრობლემოდ იღებს.
„გასულ თვეში, ავტობანის მშენებელ კომპანიას დასჭირდა ტერიტორია, რომელიც თვითმმართველობას ეკუთვნოდა, – გვითხრა ინგა მაღრაძემ, – ქონების მართვის სააგენტომ მოგვმართა, რომ ის მიწა სახელმწიფოსთვის გადაგვეცა.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვისას დეპუტატებმა ვთქვით, რომ მშენებელი კომპანიისთვის მიწა იჯარით ხარაგაულის თვითმმართველობას გადაეცა, მაგრამ არსებითად აღარ გვიმსჯელია. მუნიციპალიტეტმა შემოსავალი დაკარგა. ასეთი ფაქტი ბევრია.
ქონების გადმოცემის საკითხებზე საკრებულო უნდა აქტიურობდეს, მოსახლეობაც ინფორმირებული უნდა ჰყავდეს და პოტენციურ ინვესტორებს იძიებდეს. თუმცა, ამ მიმართულებით არასდროს წავსულვართ. სახელმწიფოსგან ქონების გადმოცემის ნება არ არის და მათ იციან, რომ თვითმმართველობა ინიციატივას არ გამოიჩენს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი და მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ერთის მხრივ, კარგია მიწების თვითმმართველობისთვის გადმოცემა, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია, მიწების განკარგვის სწორი გეგმა შევიმუშაოთ, რომ გაყიდული მიწების უკან გამოსყიდვა არ დაგვჭირდეს.
„ხარაგაულში თავისუფალი მიწების დეფიციტია, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ხანდებში, მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე უნდა მოეწყოს. აღმოჩნდა, რომ ეს მიწა, – მდინარის ნაპირი, გაყიდულია.
ჩვენ კონკრეტული მიზნისთვის მიწის სახელმწიფოსგან გამოთხოვისას პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ თუ მიწები საკუთრებაში გადმოგვეცემა, საკითხს ეფექტურად და დროში უფრო სწრაფად გადავწყვეტთ.
ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მიწისა და საძოვრების თვითმმართველობისთვის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს მუნიციპალიტეტის ფინანსურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს – შემოსავალს მივიღებთ, როგორც მიწის იჯარით გაცემის, ასევე მისი გაყიდვისგან“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი