ერთ თვეში 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება ამოეწურება.

ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრებს, არჩევისთანავე, ვკითხეთ, – მოსახლეობის რომელი პრობლემების მოგვარებას აპირებდნენ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.

ახლახან კი თვალი გადავავლეთ საკრებულოს დეპუტატებისგან ოთხი წლის წინ გაცემულ დაპირებებს და მათთან ერთად განვიხილეთ, თუ რა დარჩათ შეუსრულებელი, – ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

რაც გაკეთდა, ამას მოსახლეობაც მშვენივრად ხედავს. ამიტომ დღეს მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შეუსრულებელ დაპირებებს შეგახსენებთ.

დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში კვლავ დაპირებად რჩება კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. სხვადასხვა ფონდებიდან დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხაში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციაც განიხილებოდა, თუმცა პრიორიტეტი ხარაგაულის ცენტრალური ქუჩისა და დევების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიის განახლებას მიენიჭა.

ისლარისკენ მიმავალ გზაზე (ყოფილი ფურნის მიმდებარედ) მოსახლეობა სახიდე გადასასვლელს ითხოვს. ნიორაძის ქუჩაზე მოსაწესრიგებელია საავტომობილო გზა.

კვლავ პრობლემად რჩება მრავალბინიანი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების მოწესრიგება.

ბაზალეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის, თქმით, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიფის, ქროლისა და ღარიხევის გაზიფიცირება 2022 წელსაა დაგეგმილი. ამავე წელს აპირებენ ღარიხევში ჭილოფისა და ბრუისის უბნების გზების მშენებლობას.

ბრუისისთვის სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხი კვლავ გაურკვეველია, ამის შესახებ გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს.

მოსაგვარებელია წყლის პრობლემა ბაზალეთის დევდარიანების უბანში, სადაც წყლის დებეტი არასაკმარისია და ჭაბურღილი უნდა მოეწყოს.

ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი იაპაქსაშვილი ამბობს, რომ ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სარეაბილიტაციოა საუბნო გზები. მაქათუბანში ახალგაზრდებისგან მოთხოვნილი სკვერი, ამ დრომდე, ვერ გაკეთდა. ბორითის სტადიონზე გულშემატკივრებისთვის დასაჯდომი ადგილების მოწყობა არჩევნებამდე იგეგმება. ბორითში პრობლემაა მიუსაფარი ძაღლები, რომელთა მომრავლებაც განსაკუთრებით ავტომაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

ვარძიის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, ვარძიაში ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო, ვარძიელები ახლა დაქსელვის სამუშოების დაწყებას ელოდებიან.

კვლავ აქტუალური პრობლემაა ვარძიაში საუბნო გზების მოწესრიგება. ვარძიის მეორე უბანი სანახევროდაა გაკეთებული, – მშენებლობის მეორე ეტაპი, თანხების არასაკმარისობის გამო შეჩერდა.

მესამე უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. მეორე და მეხუთე უბნებში გზების დახრეშვაა საჭირო.

ვახანის დეპუტატი, ირაკლი ფერაძე, ამბობს, რომ სანახევროდაა გაკეთებული გარე განათების ქსელი ვახანში. აქაც მთავარი პრობლემა მძიმე მდგომარეობაში მყოფი საუბნო გზებია. ინასარიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ზედუბნის მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აგებული წისქვილის ამოქმედებას ითხოვს, – წისქვილი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე აშენდა, ახლა კი მესაკუთრე 12 კვმ მიწის ფართში 1500 ლარს ითხოვს.

ზვარის მაჟორიტარი დეპუტატის, ვლადიმერ ტალახაძის, აზრით ზვარეში წყლის სისტემის მოწესრიგებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უბნებში წყალგაყვანილობა მოწესრიგდა, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. ზვარეში ორთოიძეებისა და ბიწაძეების უბნებში, ასევე ჩრდილში თიკანაშვილების უბანში გზები მძიმე მდგომარეობაშია. დასასრულებელია ზვარეს სკოლიდან ბანაკისკენ მიმავალი გზაც.

წყლის სისტემის მოწესრიგება ასევე აუცილებელია კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, იგორეთსა და თეთრაწყაროში ჭაბურღილები მოეწყო, თუმცა წყლის პრობლემა კვლავ აქტუალურია. მოსაწესრიგებელია საუბნო გზები. ბორის მოსახლეობის გაზიფიცირება კი კვლავ დაპირებად რჩება.

ლაშის დეპუტატის, პავლე კიკალიშვილის, თქმით ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზები დაზიანებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შავიძეების უბანშია. სარეაბილიტაციოა საქარიქედისა და ლაშის დამაკავშირებელი გზა. ამჟამად ლაშეში სოფლის ცენტრისა და წყლის სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს.

ლაშეში გაზიფიცირება სრულდება; ამ დრომდე არ არის ჩატარებული მოსახლეობაში დაქსელვითი სამუშაოები კერესელიძეების, კალანდაძეების, სახვაძეებისა და კიკალიშვილების უბნებში.

ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ  ლეღვანსა და მარელისში წყლის სიტემების მოსაწესრიგებლად სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილს წყალი მაინც შეფერხებით მიეწოდება.

მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მარელისში მაჭავარიანების უბნის გზა.

მარელისში ტურიზმის განვითარებისთვის ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო. ამ სოფელში აუცილებელია სტადიონის, სოფლის კლუბში სცენისა და საზოგადოებრივი ტუალეტის რეაბილიტაცია.

მოლითის მაჟორიტარი ვახტანგ ტალახაძე ამბობს, რომ  მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემაა არა მხოლოდ შიდა საუბნო გზები, არამედ სოფელ დეისის ცენტრალური გზაც, რომელიც მშენებელმა სანახევროდ გააკეთა და მიატოვა.

ადგილობრივი ხელისუფლება ქვების მოსახლეობას ექთნის დანიშვნას დაპირდა, რაც ამ დრომდე, დაპირებად რჩება. ქვებელებს სკოლის ყოფილ შენობაში შეხვედრებისთვის სივრცის მოწყობა სურთ. ამავე შენობაშია შესაძლებელი ექთნისთვის ოთახების გამოყოფაც.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო სოფელი ანიულა დანგრევის საფრთხის წინაშეა. ანიულაში მაცხოვრებლები ამ სოფლისთვის სარიტუალო სახლის მშენებლობას ითხოვენ.

ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატის, დოდო ხაჩიძის თქმით, ნადაბურში, ძამულის ხეობაში, სამანქანო ხიდის მოწყობას მოსახლეობა, ამ დრომდე, უშედეგოდ ითხოვს. პანდემიამ ხელი შეუშალა ლიჩი-ნადაბურის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებდა.

ნადაბურელი ახალგაზრდები სკოლის სპორტული მოედნით სარგებლობენ, რადგან ალტერნატიული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება სტანდარტული მოედნის მოწყობა, ნადაბურში ვერ მოიძებნა. სოფელ გოლისში მოსახლეობა ცენტრალური გზის მშენებლობასა და სოფლის სასაფლაოს შემოღობვას ითხოვს.

სარგვეშის მაჟორიტარი დეოუტატი, რუსუდან გიორგაძე, მიიჩნევს, რომ სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრობლემად წყლის სისტემის მოწესრიგება რჩება. სარგვეშში წყლის დებეტი არასაკმარისია. სოფლის მოსახლეობამ მარაგის შესავსებად მთაში ალტერნატიული წყალი მოიძია, თუმცა სოფლამდე მის ჩამოსაყვანად 11 კმ სიგრძის მილია საჭირო.

სარგვეშში სტადიონის მოწესრიგება დაიწყო, თუმცა მშენებლობის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.

საღანძლის  მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით,  საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან მხოლოდ ორი მათგანის გაზიფიცირება მოხერხდა, კვლავ აქტუალურია ზარან-საღანძილისა და ვან-სხლითის გაზიფიცირება.

საღანძილეში ახალი ადმინისტრაციული შენობაა ასაშენებელი, სოფლის ამბულატორიის შენობა კი მოსაწესრიგებელია.

ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ჭიპაშვილის, აზრით ფარცხნალში მცხოვრები მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემაა დასაქმება.

ისლარში მოსახლეობა კვირაში ერთი დღით ექიმის მომსახურებას ითხოვს, ამისათვის სოფელში არსებულ სოფლის ცენტრში ოთახი გამოიყო.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ყველა სოფელი, ღუდუმექეთის გარდა, გაზიფიცირებულია. საჭიროა საუბნო გზების მოწესრიგება.

ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატის, იულონ კოპაძის, თქმით გაზიფიცირება, ტრანსპორტირება და საუბნო გზების მოწესრიგება – ეს ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული უმთავრესი პრობლემებია.

წიფის დეპუტატი, ბესიკ ტალახაძე, ამბობს, რომ წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი ცენტრალური გზა, წლებია, მწყობრიდანაა გამოსული. ამის გამო ამ სოფლების მოსახლეობის ერთადერთი ტრანსპორტი ზესტაფონი-ხარაგაული-ხაშურის საგარეუბნო მატარებელია, რომელიც ამჟამად მხოლოდ დილა-საღამოს მოძრაობს.

წიფაში, გოლათუბანსა და გუდათუბაში გზები მხოლოდ მოხრეშილია და ბეტონის მოწყობაა აუცილებელი. წიფელი და გოლათუბნელი ახალგაზრდები ამ სოფლებში სტადიონის მოწყობას, წლებია, უშედეგოდ ითხოვენ.

წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ ფხალაძის, ინფორმაციით, გარე განათების ქსელის მოწყობა წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ შეჩერებულია. ამ ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირებისათვის წინასაპროექტო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა გაზიფიცირება როდის დაიწყება, ჯერჯერობით, უცნობია.

დიდ პრობლემას წარმოადგენს ტრანსპორტირება, განსაკუთრებით ძნელია ხარაგაულში ჩამოსვლა, რადგან ამ მიმართულებით პირდაპირი მარშრუტი არ არსებობს.

ხევის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ხაჩიძე ამბობს, რომ ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზები თითქმის ყველგან მოწესრიგებულია, თუმცა საუბნო გზები მოსაბეტონებელია, რადგან მოხრეშილ გზებს ყოველწლიურად განმეორებითი მოხრეშვა სჭირდება. გზების მობეტონებასთან ერთად, მოსახლეობა გარე განათების ქსელის მოწყობას ითხოვს.

ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატის, ნონა ზურაბიანის აზრით, ხიდარში მთავარი პრობლემა დასაქმებაა, აქ მცხოვრები ახალგაზრდები სამსახურის უქონლობის გამო სოფელს ტოვებენ. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა კი გაზიფიცირებასა და საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს.

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – ბჟინევისა და გედსამანიის ინტერნეტიზაცია კვლავ პრობლემად რჩება. ხუნევში მოსახლეობა იუსტიციის სახლის მშენებლობას ითხოვს, რომ გარკვეულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. სოფელ ხუნევში მოსაწესრიგებელია წყლის სისტემა.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: საუბნო გზა ვარძიაში