ორშაბათს, 6 სექტემბერს, ხარაგაულის საკრებულო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მუშაობის ანგარიშებს განიხილავს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – ლაშის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი.
ამ ანგარიშებში აღნიშნულია, რომ
– ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საკრებულოში წარდგენა, დამტკიცება და შემდგომში ცვლილებები კანონის დაცვით წარიმართა;
– 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოსგან გამოთქმული შენიშვნები, რომლებიც ინფრასტრუქტურისა და სოციალური ხარჯების გაზრდას ეხებოდა, გათვალისწინებულია;
– მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; ასრულებს დამტკიცებულ ბიუჯეტს; საბიუჯეტო სახსრებს მიზნობრივად, მიზანშეწონილად და ეფექტიანად იყენებს; ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურად და ეფექტურად მართვას.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ „კომისიამ უკმაყოფილება გამოთქვა ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის გეგმის შეუსრულებლობის გამო, – იგულისხმება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე ხიდ-ბოგირებისა და წყლის სისტემების განვითარება-რეაბილიტაცია.
კომისიამ მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტის 2021 წლის I და II კვარტლების ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ, რის შემდგომაც მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიას კომისიის წევრებისგან გამოთქმული შენიშვნების გასათვალისწინებლად“.
ანგარიშში მოცემული არ არის კომისიისგან მერიაში გაგზავნილი კონკრეტული შენიშვნები და არც ის, თუ რა პასუხი მიიღეს მერიიდან.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერიას მისცეს რეკომენდაცია ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის შესახებ – „სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება გაიცეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ და დასაბუთებულ შემთხვევებში.
დღეის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდით განსაზღვრული 50 000 ლარიდან გაცემულია 24 800 ლარი“. რამ გამოიწვია მერიისთვის ასეთი რეკომენდაციის გაცემის საჭიროება, ანგარიშში ამაზე არაფერია ნათქვამი.
„საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშში პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე არაფერი წერია, – ამბობს ამავე კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე, – ჩვენმა ფრაქციამ რომ ხარაგაულის თეატრის მსახიობებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვა, კომისიამ სხდომა გამართა, სადაც „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი ნიკო მაჭავარიანი მოვიწვიეთ. მან გვითხრა, რომ ფინანსები არ აქვს. მერიიდან გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრს“ თვეების წინ ოთხი ლოჯისტიკოსი ჰყავდა და ახლა ხუთი ჰყავს. მეხუთე ლოჯისტიკოსად ფარცხნალში მერის ყოფილი წარმომადგენელი გია ხარაძე დაინიშნა. როგორ დავიჯერო, ნიკო მაჭავარიანის ოცნება მაინცდამაინც მეხუთე ლოჯისტიკოსის დანიშვნა იყო. ასე გაუაზრებლად იზრდება შტატები ააიპ-ებში, ვისზეც „ზემოდან დაურეკავენ“.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საქმიანობას უარყოფითად შევაფასებ. ვფიქრობ, ამ კომისიის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. ეს კომისია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას ვერ აკონტროლებს“.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილი ამბობს, რომ არ იცის, მისი კომისიის კომპეტენციაში შედის თუ არა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიშის განხილვა.
თავად კომისიის ანგარიშს რაც შეეხება, პავლე კიკალიშვილის თქმით, „6 თვეა ამ კომისიას ხელმძღვანელობს და მუშაობის ანგარიშის წარდგენა უხერხულია“. მოგვიანებით მან გვითხრა, რომ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშების განსახილველად კომისიის სხდომას 2 ან 3 სექტემბერს მოიწვევს.
საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ინგა მაღრაძე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს. ის მუნიციპალიტეტის საფინანსო პოლიტიკით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ამ სამსახურში დასაქმებული კვალიფიციური ადამიანები სწორ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ეფექტურად არ განკარგავენ.
„მოსახლეობას ელემენტარულ პრობლემებს ვერ ვუგვარებთ და ამ დროს საბიუჯეტო სახსრები მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში ისეთ შტატებზე იხარჯება, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ბუნდოვანია, – ამბობს ინგა მაღრაძე, – „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში“, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ შტატები, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია. იქ დასაქმებულთა ანაზღაურება დიდი არ არის, მაგრამ ხელისუფლება მათ არჩევნებზე მხარდაჭერის მიზნით ასაქმებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საქმიანობას საერთოდ ვერ შევაფასებ. პირველ რიგში, ამ საკრებულოში საკუთარი საქმიანობით ვარ უკმაყოფილო. ბოლო წელიწადნახევარია, საკითხები ზედაპირულად განიხილება. შესაძლოა, ამას ხელი პანდემიამაც შეუწყო“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ერთი წლის წინ, – მაშინ, როცა ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობას უარყოფითად აფასებდა.
საინტერესოა, რას ფიქრობს ის დღეს, – მისი აზრით, რამდენად შეიცვალა მუნიციპალიტეტში საფინანსო პოლიტიკა.
„საკრებულოსა და მერიის სამსახურებს შორის თანამშრომლობა გაუმჯობესდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – საბიუჯეტო ცვლილებები, რომლებიც საკრებულოს წარედგინება, დასაბუთებულია.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოსგან გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებულია. ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებზე, წინა წლებისგან განსხვავებით, ავანსად თანხა თითქმის აღარ იცემა და თუ იცემა, – დასაბუთებულად.
ეს არ არის თავმოსაწონებელი, ეს ჩვენი ვალდებულებაა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა ბოლომდე არ მაკმაყოფილებს. ადგილობრივი ხელისუფლება მეტად მომთხოვნი უნდა იყოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ. მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ახალი ხედვები და ინიციატივებია საჭირო“.
რამდენად არის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები და ინტერესები, – ამ შეკითხვით რამდენიმე ხარაგაულელს მივმართეთ.
ზვარეში მცხოვრები ზურაბ ტალახაძე ამბობს, რომ მის უბანში გზა მობეტონდა და ამას მიესალმება. თუმცა, სოფლის გაძლიერებას ეს ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, სოფელში ხალხი შვებას იგრძნობს, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ზვარეს ყოფილი ბანაკისა და ზვარეს მინერალური წყლის ქარხნის ამოქმედებას ხელს შეუწყობს – ამით სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ხუნევში მცხოვრები ხათუნა ყაზიშვილი ამბობს, რომ მათ სოფელში შიდა სასოფლო გზები მოუწესრიგებელია, არ აქვთ გარე განათება.
ხიდარში, შარიქაძეების უბანში მცხოვრები მზექალა ხარშილაძე ცხრა თვის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. მისი მეუღლე და დედამთილი სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, რადგან მათი ოჯახის საჭიროებებს სოციალური დახმარება და სოფელში შრომა ვერ გასწვდა. მათი საცხოვრებელი სახლი ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება, სახლის სახურავიც დაზიანებულია.
მზექალას ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წელს მიმართა, მაგრამ მათი ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან სახლს მეორე კატეგორია მიენიჭა. ათეული წლებია, უწყლობა ხიდარში შარიქაძეების უბნის გასაჭირია. ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე წყალს სამი კილომეტრით დაშორებული წყაროდან ხელით ეზიდებიან.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მუშაობის ანგარიშები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების პროცესის სრულყოფილ სურათს არ ასახავს.
ამ ანგარიშებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რამდენად გაითვალისწინა თვითმმართველობამ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია, რომელიც თვითმმართველობას ააიპ-ებში საშტატო რიცხოვნობის არაგონივრულობაზე მიუთითებდა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი