აგვისტოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ით ინფიცირების 315 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია ხარაგაულში ამ ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე.

„მიუხედავად შემთხვევების მატებისა, აგვისტოში, საბედნიეროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – თუმცა ეს, არანაირად, დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს!

თითოეულმა ჩვენგანმა, ჩამოსულმა სტუმარმა თუ მასპინძელმა საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ.

covid-19 „უბრალო გაცივება“ არაა. ბევრი კოვიდგადატანილი დაგვეთანხმება, რომ ეს ინფექცია არა მარტო  ფიზიკური ტკივილია, არამედ – ემოციური დაძაბულობა, შიში და სტრესია.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. ავადმყოფის მოკითხვა და მასზე ზრუნვა არ გამოიხატება და არ იზომება „კოვიდის არ მეშინიას“ პრინციპით, ინფიცირებულების მონახულებით.

არც ინფიცირებულის სახლიდან გამოსვლა შეიძლება (თუ ის სახლში მკურნალობს) და არც მასთან მისვლა.  აუცილებელია როგორც ინფიცირებულის იზოლაცია, ასევე მისი კონტაქტების თვითიზოლაცია.

ვიცით, რომ ამ დაძაბულობით ყველა დაიღალა, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში 28-29 აგვისტოს კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.