ხარაგაულში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების შესახებ, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

პარტიის „მესამე ძალა“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა გოგი ლაცაბიძე. ის ამბობს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს კი 11-ვე ოლქში წარადგენენ. მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევასა და პროპორციულ სიაზე მუშაობენ.

„დაზუსტებით რაც ვიცი ისაა, რომ მე კენჭს ზვარე-წიფას გაერთიანებულ ოლქში ვიყრი“, – ამბობს გოგი ლაცაბიძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხარაგაულში მერობის კანდიდატად დავით მაღლაფერიძე დაასახელა. ის ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ევროპული საქართველოდან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაჟორიტარობის კანდიდატებზე ამ კვირაში მიიღებენ. მისი თქმით, პროპორციულ სიაში ყოველი მესამე ქალი იქნება.

გადაწყვეტილების მიღების პროცესშია „პატრიოტთა ალიანსი“. „მერობის კანდიდატი რომ გვეყოლება, ზუსტად ვიცი, – ამბობს ამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე, – მე ვიქნები თუ სხვა, ამ კვირაში გაირკვევა. მაჟორიტარებს რაც შეეხება, სანამ საოლქო კომისიაში არ დავარეგისტრირებ, მანამდე ვერ გეტყვით, რადგან ხელისუფლებისგან მათზე ზეწოლებს ველოდები“.

„ლელოს“ მერობის კანდიდატი მიხეილ ჭიპაშვილი იქნება. ის ამჟამად საკრებულოს წევრია „შენების მოძრაობიდან“.

„ლელოს“ წარმომადგენელი ხარაგაულში ინგა მაღრაძე ამბობს, რომ კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ვიტალი ორლოვი იყრის, ვარძია-წყალაფორეთი-ხიდარში – საშიკო ხიჯაკაძე, ხოლო ვახანი-ლეღვანის ოლქში თავად ინგა მაღრაძე აპირებს საკრებულოს მაჟორიტარ წევრად კენჭისყრას.

პარტია „საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი მერობის კანდიდატს, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პროპორციულ სიას სათაო ოფისში ათანხმებს. საბოლოო გადაწყვეტილების გამჟღავნებას ისიც ამ კვირაში დაგვპირდა.

ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლები ხორციელდება და უახლოეს ხანში ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

ვინ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულის საკრებულოს წევრობაზე